მახასიათებლები
- სათაური: ცხოვრება იდიოტისა
- ISBN კოდი:
- ავტორი: რიუნოსუკე აკუტაგავა
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 30
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2157
- რეიტინგი: 4.5
სარჩევი
ცხოვრება იდიოტისა;
როკუნომიელი ქალი;
ამბავი ერთი შურისგებისა;
გადაფურცვლა
სარჩევი
ცხოვრება იდიოტისა
როკუნომიელი ქალი
ამბავი ერთი შურისგებისა
ცხოვრება იდიოტისა
ეპოქა
ეს მოხდა წიგნის მაღაზიის მეორე სართულზე. იგი, ოცი წლის ჭაბუკი, თაროებთან მიდგმულ კიბეზე იდგა და ახალ წიგნებს ათვალიერებდა: მოპასანი, ბოდლერი, სტრინდბერგი, იბსენი, შოუ, ტოლსტოი...
ამასობაში ბინდბუნდი ჩამოწვა. ჭაბუკი მაინც დაჟინებით განაგრძობდა ყდებზე წარწერების კითხვას. მის წინ მთელი საკუნის დასასრული იყო: ნიცშე, ვერლენი, ძმები გონკურები, დოსტოევსკი, ჰაუპტმანი, ფლობერი...
ძლივსღა არჩევდა გვარებს. წიგნები ნელა გაუჩინარდა ბნელში. ჭაბუკი ბოლოს გაბეზრდა და ის იყო ძირს ჩამოსვლა დააპირა, რომ ზუსტად მის ზემოთ უთალფაქო ელექტრონათურა აინთო. კიბიდან გადმოხედა მაღაზიის მოსამსახურეებს და მუშტრებს, რომლებიც თაროებშუა დაბორიალობდნენ. ყველა უცნაურად პატარა და უსუსური ჩანდა.
- ადამიანის მთელი ცხოვრება ბოდლერის ერთ სტრიქონადაც არ ღირს… - იგი ერთხანს კიბიდან დაჰყურებდა მათ - უმწეო, საცოდავ ქმნილებებს.
დედა
შეშლილებს ერთნაირი, თაგვისფერი ხალათები ეცვათ. ამის გამო დიდი ოთახი კიდევ უფრო პირქუში ჩანდა. ერთი შეშლილი მონდომებით უკრავდა ჰიმნებს ფისჰარმონიაზე, მეორე - ოთახის შუაგულში ცეკვავდა, უფრო სწორად, ხტოდა.
იგი იდგა ღაჟღაჟა ექიმის გვერდით და ამ სურათს უმზერდა. ათი წლის წინათ დედამისი არაფრით გამოირჩეოდა მათგან. არაფფრით... მართლაც შეშლილთა სუნში იგი ნაცნობ, დედისეულ სუნს გრძნობდა.
- ეჰ, რა გაეწყობა, წავიდეთ!
ექიმმა, დერეფნის გავლით, ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა. კუთხეში, შუშის დიდ ქილებში დასპირტული ტვინები ეწყო, ერთ ტვინზე მან მკრთალი, მოთეთრო ლორწო შეამჩნია - თითქოს ცოტაოდენი კვერცხის ცილა დაუსხურებიათო და ექიმთან საუბრისას კვლავ გაახსენდა დედა.
ამ ტვინის პატრონი ერთი ელექტროკომპანიის ინჟინერი იყო. თავი შავ, მბრწყინავ დინამო-მანქანად ჰყავდა წარმოდგენილი.
ექიმის მზერა რომ აეცილებინა, მან ფანჯარაში გაიხედა....