მახასიათებლები
- სათაური: ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბასილი ეზოსმოძღუარი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3136
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
დაჯდა მეფედ გიორგი, ძე დემეტრესი, დავითის შვილისა, ქორონიკონსა სამას სამოცდათხუთმეტსა. ამან დაყვნა მორჭმასა შინა ყოველნი ჟამნი და დღენი მისნი და იმეფა კეთილითა მეფობითა და მატა ყოველთა საყდართა, მონასტერთა და ეპისკოპოსთა. ამას შვილი არა ესუა და მისთჳს მწუხარე იყო უშვილოებისათჳს. მერმე ინება ზეგარდამო მოწყალებამან ღმრთისამან, და იწყო მობერვად ნიავმან ამომან, და იშვა მათგან ქალი, ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლულო და შესატყჳსი. ამას დაარქუა სახელი თამარ.
გარდაჴდეს ამას შინა წელნი რაოდენნიმე, და გარდაიცვალა მეფე გიორგი. და იქმნა გლოვა და მწუხარება უზომო, უფროსღა დასა თჳსსა რუსუდანს. ესე იყო სძალ-ყოფილი დიდთა სულტანთა შამირამეთი და დედოფალი ყოვლისა ხუარასნელთა უფლებისა, რომელი სიქურივისათჳს თჳსადვე მამულად მოყვანებული დედოფლად დაჯდა ქართველთად, უფროსღა დიდებად სახლისა თჳსისად და ყოვლისა ამის სამეფოსა. ამას წინაშე იყო თამარ მაშინ, ვითარცა თჳსსა მამიდასა თანა, დითურთ თჳსით, რომელსა რუსუდანვე მოაქუნდა სახელად. რომლისათჳს აწ დამაკლებს წინამდებარე ესე მითხრობად, თუ რაოდენ შუენიერება და თავდგმულობა ექმნა ყოველთა პირველ მისსა ყოფილთა დედოფალთა. ვიკადროთ რამე, რამეთუ ოთხმოცისა წელიწდისა დღეთამან შეიყუარა მტკიცედ ქალწულება, სიწმიდე და სიკეთე დიდად სრული.
და ჩუენ პირველსავე სიტყუასა წარუძღუეთ. გლოვა იყო ნამდჳლვე ღირსთა, არამედ არა თავს იდვეს წარჩინებულთა სამეფოსათა, მიმხედველთა თამარისთა. განიყარეს გლოვა და დასცეს საყჳრსა, ვითარცა ოდესმე სოლომონისთჳს, და დადგეს სჳანი ტახტი ვახტანგეთი, საყდარი დავითიანი, რომელი პირველ მთოვარისა განამზადა მეფეთ-მეფემან საბაოთ ელოიმ სამფლობელოდ ზღჳთი-ზღუამდი და მდინარითგან კიდემდი სოფლისა. აღმართეს სკიპტრა დიდებულთა, ძელი ჯუარისა და მის თანა დროშა დავითისი, არაოდეს მობერილი წინააღმდგომთაგან ნიავთა. და ყოველთა ერთჴმაქმნილთა აწჳეს თამარს ჴრმალი მამული თანა-საყდრითურთ მამისა მინიჭებული.
ლიტონად-მე მიიღოა დიდმან ამან გონებამანა არა, ნუ იყოფინ! უმშუენოდ-მე შეიწყნარა იგი გჳრგჳნმან და მეფობამანა...