მახასიათებლები
- სათაური: უჩინარი კაცი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჰერბერტ უელსი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 118
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 4211
- რეიტინგი: 4.5
სარჩევი
უჩინარი კაცი;
შენიშვნები;
გადაფურცვლა
თავი პირველი
უცნობის ჩამოსვლა
უცნობი თებერვლის დასაწყისში მოვიდა, ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს, როცა ირგვლივ ყინულივით ცივი ქარი ქროდა და სახურავებს უხვად ეფინებოდა თოვლი - უკანასკნელი დიდთოვლობა ამ წლისა. ბრემბლჰერტის სადგურიდან ის ფეხით დაუყვა ქუჩებს, ტყავის ხელთათმნიან ხელში მომცრო შავი სამგზავრო ჩანთა ეჭირა. თავიდან ფეხებამდე ისე იყო შემოსილი და ფართოფარფლებიანი თექის ქუდიც სახეს ისე უმალავდა, რომ ცხვირის პრიალა წვერის გარდა ვერაფერს დაუნახავდით. ქარი მკერდსა და მხრებზე ფანტელებს აყრიდა და ჩანთაც მთლად თოვლში ჰქონდა ამოგანგლული.
ღონემიხდილი შებარბაცდა სამიკიტნო “მეეტლე და ცხენებში” და თავისი ბარგი შესასვლელთან დააგდო.
- ცეცხლი! - დაიყვირა. - ღვთის გულისათვის, ცეცხლი! ცეცხლი და ოთახი!
მხრებიდან თოვლი ჩამოიბერტყა და იმწამსვე მისის ჰოულს მისაღებ ოთახში გაჰყვა მოსალაპარაკებლად. საუბარი მოკლე ჰქონდათ. უცნობმა სასტუმროს დიასახლისს ორი სოვერენი დაუგდო მაგიდაზე და თავისი ოთახის გასაღები გამოართვა.
მისის ჰოულმა ბუხარი დაანთო, შემდეგ სტუმარი მარტო დატოვა, რომ საკუთარი ხელით მოემზადებინა მისთვის ვახშამი. ზამთრობით აიპინგის სამიკიტნოში სტუმარი გაუგონარი რამ იყო, - თანაც ისეთი სტუმარი, რომელიც ბინის ქირაზე არ ვაჭრობდა. ამიტომ მისის ჰოული ჩქარობდა დაემტკიცებინა, რომ ღირსი იყო ბედის ამგვარი მოწყალებისა.
როგორც კი შაშხი შეიწვა და მილი, ლიმფატიკური შესახედაობის მსახური ქალი, რამდენიმე საგულდაგულოდ შერჩეულმა ზიზღნარევმა სიტყვამ გამოაფხიზლა, მისის ჰოულმა უცნობის ოთახში სუფრა, თეფშები და ჭიქები შეიტანა და განსაკუთრებული მონდომებით შეუდგა მაგიდის გაწყობას. ბუხარში ცეცხლი უკვე გიზგიზებდა და დიასახლისის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა თავისი მდგმური ისევ პალტოსა და ქუდში გამოწყობილი დაინახა. იგი ზურგშექცევით იდგა და ფანჯრიდან გაჰყურებდა ფანტელების ცვენას. ხელთათმანებიც კი არ გაეძრო და გარინდებულს ეტყობოდა, ღრმა ფიქრში წასულიყო. მისის ჰოულმა დაინახა, როგორ წვეთავდა მხრებზე...
ჰერბერტ უელსი
ჰერბერტ ჯორჯ უელსი (21.09.1866-13.08.1946) - ეკლექტიკური ინგლისელი მწერალი და პუბლიცისტი, რომლის შემოქმედება მოიცავდა ისტორიას, პოლიტიკას, სოციოლოგიას, სახელმძღვანელოებს და სხვა, მაგრამ ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც მეცნიერული ფანტასტიკის ფუძემდებელი. ოთხჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე.