მახასიათებლები
- სათაური: უდაბნოსა და ტევრში
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჰენრიკ სენკევიჩი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 259
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2115
- რეიტინგი: 3.0
სარჩევი
გადაფურცვლა
კარი I
- იცი, ნელი, - უთხრა სტაშ ტარკოვსკიმ თავის პატარა ინგლისელ მეგობარს, - გუშინ აქ პოლიციელები იყვნენ და ზედამხედველ სმაინის სამი შვილი და ცოლი დაიჭირეს, ის ფატმა, ამას წინათ რამდენიმეჯერ რომ მოვიდა კანტორაში ჩვენს მამებთან.
ულამაზესი ანგელოზის მსგავსმა პატარა ნელიმ სტაშს მომწვანო თვალები შეანათა და ნახევრად გაკვირვებით, ნახევრად შიშით ჰკითხა:
- მერე, ციხეში ჩასვეს?
- არა, მაგრამ სუდანში წასვლა აუკრძალეს და, პორტ-საიდიდან ფეხი რომ არ მოიცვალოს, ჩამოსული მოხელე მიუჩინეს.
- რისთვის?
თოთხმეტი წლის სტაშმა, რომელსაც თავისი რვა წლის მეგობარი ძალიან უყვარდა, თუმცაღა მას ჯერაც ბალღად თვლიდა, ამაყად მიუგო:
- ჩემხელა რომ გაიზრდები, მაშინ გეცოდინება, რა ხდება არა მარტო არხის გასწვრივ, პორტ-საიდიდან მოყოლებული სუეცამდე, არამედ მთელს ეგვიპტეში. სულ არაფერი გაგიგონია მაჰდიზე?
- ვიცი, რომ მახინჯია და უზრდელი.
ბიჭმა შემწყნარებლურად გაიღიმა.
- მახინჯია თუ არა, ეგ არ ვიცი. სუდანელები, მაგალითად, მას ლამაზად თვლიან. მაგრამ უზრდელის თქმა კაცზე, რომელმაც უკვე ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, შეუძლია მხოლოდ რვა წლის გოგონას და ისიც მოკლეკაბიანს.
- მამამ ასე მითხრა, მან კი შენზე უკეთ იცის.
- ასე იმიტომ გითხრა, რომ სხვანაირად ვერ გაიგებდი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე არ მეტყოდა. მაჰდი ნიანგზე უფრო საშინელი ვინმეა. გასაგებია? მაგარი ნათქვამია “უზრდელი“, ასე აღუა თუ იტყვის.
გოგონას მოღუშული სახის დანახვაზე დადუმდა, მერე კი დასძინა:
- ნელი! ხომ იცი, შენი გაბრაზება სულაც არ მინდოდა; მოვა დრო და შენც გახდები თოთხმეტი წლის, ამას ნაღდს გეუბნები.
- ჰო! - მიუგო ფიქრიანად მომზირალმა. - მაგრამ მანამდე მაჰდი პორტ-საიდში რომ შემოიჭრას და შემჭამოს?
- მაჰდი კაციჭამია კი არა, კაცისმკვლელია. ვერც პორტ-საიდში შემოიჭრება, მაგრამ, რომც შემობედოს და შენი მოკვლა მოინდომოს, იცოდე, ჩემთან ექნება საქმე.
ამ განცხადებამ და ცხვირის ქშუტუნმა, რაც მაჰდის კარგს არას უქადდა,...