მახასიათებლები
- სათაური: უსიერ ტყეში
- ISBN კოდი:
- ავტორი: რიუნოსუკე აკუტაგავა
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 43
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2809
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
უსიერ ტყეში;
რასიომონის კარიბჭე;
აბლაბუდა;
ჯოჯოხეთის სურათები;
ცხვირი;
შენიშვნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
უსიერ ტყეში
რასიომონის კარიბჭე
აბლაბუდა
ჯოჯოხეთის სურათები
ცხვირი
შენიშვნები
უსიერ ტყეში
რა უთხრა სასამართლოს მოხელეს
დაკითხვაზე ტყისმჭრელმა
აგრე იყო. გვამი მე ვიპოვნე. ამ დილით, ტყეში ხეების მოსაჭრელად რომ გახლდით, სწორედ მთის ძირას წავაწყდი მკვდარს. სახელდობრ სადა? იამასინასაკენ მიმავალი გზიდან დაახლოებით ოთხი-ხუთი ტიოს[1] მანძილზე. ამ უკაცრიელ ადგილას ხარობს ბამბუკი, შიგადაშიგ ნორჩ კრიპტომერიებსაც შეხვდებით. მოკლულს ეცვა ღია ცისფერი სუიკანი[2], ეხურა გაცვეთილი ქუდი ებოსი[3]. ასეთ ქუდიანს დედაქალაქში თუ შეხვდებით. იწვა გულაღმა. მართალია, მარტო ერთგან იყო დაჭრილი, მაგრამ - სწორედ გულში. გარშემო ხმელი ბამბუკის ფოთლები ისე ჩანდა, თითქო კინოვარით გაჟღენთილაო. არა, სისხლი უკვე აღარ სდიოდა. ეტყობოდა, ჭრილობაში სისხლი შედედებულიყო, ჰო, აი კიდევ რა: ჭრილობაზე შეწებებულივით დაკვროდა კრაზანა. ის სულაც არ შეშფოთებულა ჩემი მიახლოებისას. იყო თუ არა ხმალი, ან რამე ამისი მსგავსი? არა, იქ არაფერი მინახავს, მხოლოდ კრიპტომერიის ძირას, გვამთან ახლოს, თოკი ეგდო. და კიდევ. . . დიახ, დიახ, თოკს გარდა იქვე სავარცხელსაც მოვკარი თვალი. ეს იყო და ეს, რაც კი გვამის ახლოს შევნიშნე - მარტო ეს ორად-ორი ნივთი. გარშემო ბალახი და ფოთლები ძალუმად გახლდათ მოჯეგილი. ჩანს, მოკლულმა იოლად არ დასთმო თავისი სიცოცხლე. რაო, იყო თუ არა ცხენი? განა რა ცხენი შესძლებს იქ შეღწევას? ცხენისათვის გზა ცოტა მოშორებითაა, იმ უსიერი ტყის იქით.
რა უთხრა სასამართლოს მოხელეს
დაკითხვაზე მოხეტიალე ბერმა
მოკლულს შევხვდი გუშინ. გუშინ. . . მე მეგონა, შუადღისას. სადა? სეკიამადან იამასინასაკენ მიმავალ გზაზე. ის ქალთან ერთად მიეშურებოდა სეკიამას. ქალი ცხენზე იჯდა. ეხურა ფართოფარფლიანი ქუდი, რიდე ეფარა. ასე რომ, მისი სახე არ დამინახავს. ჩანდა მარტო აბრეშუმის კაბა, ჰაგის ფერების არშიით. წაბლისფერ ცხენს ფაფარი შეკრეჭილი ჰქონდა. მაღალი იყო თუ არა? რაღაც ოთხიოდე სუნით[4] თუ იქნებოდა ჩვეულებრივზე...