მახასიათებლები
- სათაური: ვიკინგები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ზიგრიდ უნსეტ
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 77
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 4234
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
I
ისლანდიაში, აღმოსავლეთის ფიორდების ნაპირებთან ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელსაც ვეტერლიდე გლუმსენს ეძახდნენ. ზაფხულობით ვეტერლიდე თავისი ხომალდით ხშირად დადიოდა ხოლმე სავაჭროდ.
ვეტერლიდეს ერთი დისწული ჰყავდა, სახელად ლიოტი. ლიოტის მამა, სკუმედალელი გისურ ხაუკსენი მოკლეს, როდესაც ლიოტი ჯერ კიდევ ბალღი იყო. მისი დედაც, სტეინვორი, ახალგაზრდა გარდაიცვალა. ობოლი ბიჭი აღსაზრდელად ჯერ ტურბიერნ ჰოლეგმა წაიყვანა ეირეში, მერე კი ვეტერლიდემ თავის ოჯახში შეიფარა და საკუთარი შვილივით შეიყვარა.
ლიოტი ადრე დავაჟკაცდა. თხუთმეტი წლისა გაბედული ვიკინგი დადგა უკვე და ტურბიერნის ვაჟიშვილებთან ერთად ზღვაში გადიოდა. გულადობითა და იარაღის მარჯვე ხმარებით სახელიც მალე გაითქვა. იმითაც გამოირჩეოდა, რომ სიტყვის პატრონი იყო, მაგრამ ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, ადვილად ვერ ეგუებოდა ადამიანებს და განმარტოება ერჩია. განსაკუთრებული მიზეზების გამო, რაზეც შემდეგ ვისაუბრებთ, მეტსახელად ვიგა-ლიოტი შეარქვეს.
ლიოტი ოცი წლისა იყო, როცა ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ვეტერლიდესთან ერთად ნორვეგიისაკენ გაემგზავრა. შორეულ ქვეყნებში სამოგზაუროდ საუცხოო დიდი ხომალდი ჰქონდათ, რომლის მესამედი ნაწილი ლიოტს ეკუთვნოდა.
II
ზაფხულის წყნარი ამინდი იდგა, როცა ვეტერლიდეს ხომალდი ფილდენის ფიორდში შევიდა. მთელი დღე კოკისპირულად წვიმდა, ქარი კი ოდნავადაც არ ქროდა და მეზღვაურებს ნიჩბების ღონივრად მოსმა მოუხდათ, მდინარე ფრუსიეს შესართავში მიმობნეულ კუნძულებს შორის რომ გაევლოთ; ეს მდინარე ფიორდს ერთვოდა. საღამო ხანს წვიმამ როგორც იქნა გადაიღო, ხშირი ნისლი გაიფანტა და მთის წვერებისაკენ აიყარა. ვეტერლიდე და ლიოტი ხომალდის ცხვირზე იდგნენ და მდინარის ნაპირებს გასცქეროდნენ. იმხანად მდინარის ორივე ნაპირი ხშირი ტყით იყო დაფარული, მის აყოლებაზე გლეხების პატარ-პატარა კარმიდამოები მოჩანდა, დიდები კი ორი თუ სამი იქნებოდა.
შემაღლებულ ნაპირთან აქა-იქ მებადურების ნავები იდგნენ. მეთევზეები გაოცებულნი უყურებდნენ დიდ ხომალდს, შესართავში რომ შემოდიოდა....