მახასიათებლები
- სათაური: ვისრამიანი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ფახრადდინ გორგანი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 198
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3495
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
გადაფურცვლა
1. დასაწყისი ვისისი და რამინისი
იყო დიდი და მაღალი სულტანი ტუღლურბეგ ქვეყანასა ხორასნისა და ადრაბადაგანისასა, ლაშქარ-მრავალი, მოვლენილი, მორჭმული და აღსრულებული ყოველსა სპარსეთსა ზედა. აკლდა სამეფოსა მისსა ქალაქი ასპაანისა.
შეიყარნეს ყოველნი დიდებულნი და წარჩინებულნი მისნი, მოაჴსენეს: ”ვინაჲთგან მაღალი და დიდად განთქმული სულტანი ტახტსა და სამეფოსა თქვენსა ზედა მოვლენით და მორჭმით დაუმკვიდრებიხარ [ღმერთსა] და ნება და გამორჩევა მისი ესე არს, რომელ ყოველი მუსულმანობა ბრძანებასა თქვენსა მორჩილობდეს და მზესა თქვენსა ფიცევდეს, - აწ ჩვენ ამას ვჰკადრებთ მეფობასა თქვენსა, რომელ შეიყარნეთ თქვენითა ლაშქრითა და მიჰმართოთ ასპაანისა ქალაქსა. ვინ-მე იყო არამორჩილი მბრძანებლობისა თქვენისა, რომელმცა არა ძებნა მშვიდობა თავისა და არამცა წამისყოფით დაამონნა თავნი მათნი მბრძანებლობასა თქვენსა?! და უკეთუ ვინმე იკადროს ბრძანებისა თქვენისა ურჩობა, შეუნდობელი რისხვა მივიდეს თქვენგან მას ზედა და აგრეცა იქმნას ნება და წადილი თქვენი”.
მოუსმინა [მეფემან, უჴმო] სამსავე სამეფოსა. მერმე განყო ლაშქარი: და გაგზავნნა ერთნი ქირმანს, ერთნი მუსლის, ერთნი აჰვაზს, ერთნი სომხითს, ერთნი საბერძნეთს. და ყოვლგნით შემოიქცნეს და მოვიდეს ძლევა-შემოყრილნი გამარჯვებულნი.
მერმე მოვიდა მოციქული არსლან-ხანისა მზახალთათვის და მოიღო ურიცხვი ძღვენი. და მასვე ჟამსა მოვიდა ბერძენთა მეფისა მოციქული და მოართო ძღვენი - ტურფა შესამოსელი და მას ძღვენსა შიგან იყო თვალი ერთი, წითელი იაგუნდი, წონა დრამისა ოცდაექვსისა. იგი შესამოსელი, ბერძენთა მეფისა გამოგზავნილი, ტანსა შეიმოსა ასპაანს, და თაყვანისცა ყოველმან მუსულმანმან, ჴელმწიფეთა უცხოთა და თვით მისთა წარჩინებულთა; და ქება შეასხეს ყოველთა ესრე ყოველთა ჴელმწიფეთაგან შეპოვნებისა, ძღვნობისა და დარბაზობისათვის.
და თვით სულტნისა მსახურნი და მონანი ესეთნი იყვნეს, რომელ ყოველსა პირსა მიწისასა ეგეთნი არა იყვნეს. და მათგანი იყო ერთი სახელოანი, უხვი, გონება-ბრძენი, კაცობა-სრული, გულოანი, ფრთხილი, მხიარული, სიტყვა-მიუმცდარი,...