მახასიათებლები
- სათაური: ზიზღი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ალბერტო მორავია
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 148
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3904
- რეიტინგი: 4.0
გადაფურცვლა
თავი პირველი
დღეს უკვე შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ქორწინების პირველი ორი წელიწადი მე და ჩემმა ცოლმა სიამტკბილობაში გავატარეთ. უფრო სწორად რომ ვთქვა, ამ ორი წლის მანძილზე ჩვენი გრძნობების სრულყოფასა და ღრმა ჰარმონიულობას თან ახლდა ის მოდუნება, ან თუ გნებავთ, ის დუმილი გონებისა, როდესაც ადამიანი კარგავს საღად განსჯისა და დაკვირვების უნარს და სიყვარულით აღტაცებული საყვარელი ადამიანის მხოლოდ ღირსებებს ხედავს.
ერთი სიტყვით, ემილია ყოვლად უნაკლო ადამიანად მესახებოდა. ვფიქრობ, ისიც ამგვარივე აზრისა გახლდათ ჩემზე. შესაძლოა, ვხედავდით კიდეც ერთმანეთის ნაკლს, მაგრამ სიყვარულის მაგიური ძალით ატაცებულთ ეს ნაკლი არა მარტო მისატევებელი, მიმზიდველიც გვეჩვენებოდა, თითქოს ნაკლი კი არა, ღირსება ყოფილიყოს, თანაც რაღაც განსაკუთრებული ღირსება.
ასე იყო თუ ისე, ვცდილობდით, სამსჯავროზე არ გამოგვეტანა ჩვენი ნაკლი თუ ღირსება; უბრალოდ, ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი.
მინდა მოგითხროთ, როგორ მოხდა, რომ მაშინ, როდესაც ემილია კვლავ ძველებურად მიყვარდა და ვერ ვამჩნევდი მის ნაკლსა თუ ღირსებას, პირიქით, სწორედ მან აღმომიჩინა ნაკლი - ან ეგონა, რომ აღმომიჩინა. ჯერ ყვედრება დამიწყო, ყველაფერს მიწუნებდა, მერე გული აიცრუა ჩემზე და ბოლოს მთლად შემიძულა.
რაც უფრო დიდია ბედნიერება, მით უფრო ნაკლებად შეიგრძნობ მას. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ იმ პირველ ორ წელიწადს მოწყენილობა მიპყრობდა ხოლმე. მე მგონი, უბრალოდ, ვერ ვგრძნობდი, ბედნიერი რომ ვიყავი, ცოლ-ქმარს ერთმანეთი რომ გვიყვარდა, უჩვეულოს აქ ვერაფერს ვხედავდი; ჰაერისა არ იყოს, არც ბედნიერების ფასი ვიცოდი. ჰაერს ხომ სწორედ მაშინ ედება ფასი, როცა არ გვყოფნის. იმ ხანებში ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, ბედნიერი ხარო, ალბათ გაოცებული ვუპასუხებდი, ცდებით-მეთქი, რადგან თუმცა ცოლი მიყვარდა და თავის მხრივ იმასაც ვუყვარდი, მაინც არ მჯეროდა ხვალინდელი დღისა. ასეც იყო: ერთ-ერთ მეორეხარისხოვან გაზეთში ვთანამშრომლობდი კინოკრიტიკოსად, ცოტ-ცოტას ვჟურნალისტობდი კიდეც, გასამრჯელოდ გროშებს ვიღებდი და ამ...
ალბერტო მორავია
ალბერტო მორავია (28.11.1907-26.09.1990) - იტალიელი მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი, ესსეისტი და კინოკრიტიკოსი. მიჩნეულია მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რომანისტად.