მახასიათებლები
- სათაური: ადამიანთა მიწა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 100
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3138
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
ადამიანთა მიწა;
სხვა წიგნები;
გადაფურცვლა
ანრი გიომე! შენ, ჩემო მეგობარო,
გიძღვნი ამ წიგნს
დედამიწა ყველა წიგნზე უკეთ გვასწავლის საკუთარი თავის შეცნობას. იმიტომ, რომ იგი წინააღმდეგობას გვიწევს ჩვენ. ადამიანი ვლინდება დაბრკოლებებთან ბრძოლაში, მაგრამ დაბრკოლებათა დასაძლევად მისთვის აუცილებელია იარაღი. აუცილებელია შალაშინი ან გუთანი. მიწის დამუშავებისას გლეხი თანდათანობით გამოგლეჯს ბუნებას ზოგიერთ საიდუმლოებას და მის მიერ აღმოჩენილი ჭეშმარიტება საყოველთაოა. ასევე თვითმფრინავი - საჰაერო გზების ათვისების ეს იარაღი - ადამიანს უძველეს პრობლემათა რკალში ითრევს.
მე მუდამ თვალწინ მიდგას ჩემი პირველი ღამის ფრენა არგენტინაში. თვალწინ მიდგას ბნელი ღამე და ქვევით, ველზე მიმოფანტული, ვარსკვლავებივით მოციმციმე სინათლეები.
წყვდიადის ამ ოკეანეში ყოველი მათგანი ადამიანის სასწაულებრივ გონებაზე მეტყველებდა. აი ამ კერასთან კითხულობენ, ფიქრობენ, ერთმანეთს საიდუმლოს უმხელენ. აი იმასთან - შესაძლოა, სივრცის გაზომვას ცდილობენ, თავს იმტვრევენ ანდრომედას ნისლოვანების გამოთვლაზე. აგერ იქ კი სიყვარულს ეძლევიან. ციმციმებდნენ ეს სინათლეები ველზე, ერთმანეთისგან მოშორებით, და ითხოვდნენ საზრდოს. საზრდოს ითხოვდნენ ყველაზე მოკრძალებულნიც კი მათ შორის - სინათლეები პოეტის, მასწავლებლებისა და ხუროსი. მაგრამ ამ ცოცხალ ვარსკვლავებს შორის რამდენი ჩამქრალი ვარსკვლავია, რამდენი დახშული სარკმელი, რამდენი ჩაძინებული ადამიანი...
კარგი იქნებოდა, გავერთიანებულიყავით. კარგი იქნებოდა, დავკავშირებოდით იმ სინათლეებს, რომლებიც ანთია ქვევით, ბარში, ერთმანეთისაგან მოშორებით.
1. ხაზი
ეს იყო 1926 წელს. ის-ის იყო პილოტად დავიწყე მუშაობა ლატეკოერის კომპანიაში, რომელიც აეროპოსტალსა და ელფრანსზე ადრე უზრუნველყოფდა ტულუზა-დაკარის საჰაერო კავშირს. მე აქ ჩემს ხელობას ვსწავლობდი. სანამ პატივს დამდებდნენ და საფოსტო თვითმფრინავის პილოტირებას მომანდობდნენ, სხვა ახალბედებივით მეც უნდა გამევლო განსაზღვრული საგამოცდო ვადა: საცდელი აფრენები, ფრენა ტულუზასა და პერპენიანს...