მახასიათებლები
- სათაური: ათასფრთიანი წერო
- ISBN კოდი:
- ავტორი: იასუნარი კავაბატა
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 112
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1261
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
ათასფრთიანი წერო
მზის ჩასვლა ტყეში
ჩრდილი შინოზე
ქალბატონი ოოტას ტუჩსაცხი
ორმაგი ვარსკვლავი
მექვიშიები ტალღებზე
გზაში... მარტოობაში...
ახალი ოჯახი
შენიშვნები
გადაფურცვლა
სარჩევი
ათასფრთიანი წერო
მზის ჩასვლა ტყეში
ჩრდილი შინოზე
ქალბატონი ოოტას ტუჩსაცხი
ორმაგი ვარსკვლავი
მექვიშიები ტალღებზე
გზაში... მარტოობაში...
ახალი ოჯახი
შენიშვნები
ათასფრთიანი წერო
1
კიკუძი უკვე კამაკურას ეზოში მიაბიჯებდა, რომ ჯერ ისევ ყოყმანობდა, ვერ გადაეწყვიტა, მისულიყო თუ არა ჩაის ცერემონიალზე. მით უმეტეს, ცერემონიალი ახლა ალბათ დაწყებული იქნებოდა.
თიკაკო კურიმოტოს, ჩაის ცერემონიალებზე, რომელთაც ის ტაძრის პარკ ენკაკუძის პავილიონში ყოველწლიურად მართავდა, კიკუძისათვის მოსაწვევის გაგზავნა არასოდეს ავიწყდებოდა. თუმცა მამის სიკვდილის შემდეგ კიკუძი იქ არასოდეს ყოფილა, ვინაიდან ამ მიპატიჟებას მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევდა, უბრალოდ, მიცვალებულის პატივისცემად უთვლიდა.
მაგრამ ამჯერად, ჩვეულებრივი ტექსტის გარდა, მოსაწვევს პატარა მინაწერიც ჰქონდა - თიკაკოს უნდოდა ერთი ქალიშვილი, თავისი შეგირდი ეჩვენებინა.
წერილის კითხვისას კიკუძის უცბად თიკაკოს ტყირპი წარმოუდგა, გაახსენდა, ერთხელ მამამ ამ ქალთან სტუმრად როგორ წაიყვანა. მაშინ ასე, რვა-ცხრა წლის ბიჭი იქნებოდა. სასადილო ოთახში რომ შევიდნენ, თიკაკო კიმანოგახსნილი იჯდა და პატარა მაკრატლით ტყირპზე ბალანს იკრეჭდა. მარცხენა ძუძუს ქვედა ნახევარი, გულის კოვზამდე, ხელისგულისოდენა მუქი იისფერი ხალით ჰქონდა დაფარული, ხალზე შავი, უხეში თმა ამოსულიყო. აი, სწორედ იმ თმას იკრეჭდა მაშინ თიკაკო.
- ღმერთო ჩემო, ბავშვთან ერთად მოხვედით?!
ქალი, ეტყობა, შეცბა, წამოსახტომად წამოიწია, მაგრამ ალბათ იფიქრა, ჩემი ეს აფაციფუცება კიდევ უფრო უხერხული იქნებაო, ოდნავ შეტრიალდა, კიმანოს კალთები აუჩქარებლად გაისწორა და ობიში ჩაიტანა.
აშკარა იყო, თიკაკო კაცის კი არა, ბიჭის დანახვამ შეაცბუნა, ვინაიდან კიკუძის მამის მოსვლის ამბავი მოსამსახურე ქალისაგან, რომელიც კარის ზღურბლზე შემოეგებათ, უკვე იცოდა.
მამა სასტუმრო ოთახში არ გასულა. იქვე, სასადილოში...