მახასიათებლები
- სათაური: აზრები რომანზე (დოსტოევსკი და პრუსტი)
- ISBN კოდი: 978-9941-111-22-0
- ავტორი: ხოსე ორტეგა ი გასეტ
- გამომცემელი: აქტი
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 6
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1057
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
აზრები რომანზე
დოსტოევსკი და პრუსტი
იმ დროს, როდესაც სხვა უდიდესი მნათობები, დროის ულმობელი ნაკადით იძულებულნი, ჩაესვენებიან ჰორიზონტს იქით, დოსტოევსკის ვარსკვლავი განუხრელად მიიწევს ზენიტისაკენ. თუმცა მისი შემოქმედების დღევანდელი ინტერესის, შეიძლება, გაზვიადებულის, განხილვას სხვა დროისთვის ვამჯობინებდი. უდავოა ერთი: დოსტოევსკი გადაურჩა გასულ საუკუნეში რომანის დაღუპვას, რომელიც ჩვენ თვალწინ მოხდა; და მაინც მიზეზები, წამოყენებული ჩვეულებრივ ამგვარი აშკარა გამარჯვების, ესოდენ განსაცვიფრებელი სიცოცხლისუნარიანობის ასახსნელად, მცდარად მიმაჩნია: დოსტოევსკისადმი ინტერესს მთლიანად მიაწერენ მასალას, რომელსაც უდიდესი მწერალი ამუშავებდა, ანუ მოქმედების გასაოცარ დრამატიზმს, პერსონაჟთა პათოლოგიას, სლავური სულის ეგზოტიკურ წყობას, რომელიც თავისი ქაოტური ბუნების ძალით განსხვავდება ჩვენი – ნათელი, გარკვეული და მშვიდი სულისაგან. ეჭვგარეშეა, რომ ამგვარ მსჯელობაში ჭეშმარიტების წილი მოიპოვება, მაგრამ, ჩემი შეხედულებით, მხოლოდ მათით შემოფარგვლა არანაირად არ შეიძლება. უფრო მეტიც, მითითებული თვისებები უნდა მიეკუთვნოს უარყოფით ფაქტორებს: ისინი უფრო მეტად გვაშორებენ მწერლისაგან, ვიდრე გვიზიდავდნენ მისკენ. დოსტოევსკის ყველა თაყვანისმცემელმა იცის: მისი რომანებისაგან გამოწვეულ ღრმა სიამოვნებაში შერეულია მწუხარე, მძიმე და შიშის მომგვრელი გრძნობები.
მასალა ვერ გადაარჩენს ნაწარმოებს, როგორც ოქრო, რომლისგანაც ჩამოსხმულია ქანდაკება, არ ანიჭებს მას სიწმინდეს. ხელოვნების ნაწარმოები, უმეტეს წილად, ცოცხლობს თავისი ფორმით და არა მასალით. სწორედ სტრუქტურას, შინაგან წყობას ემყარება მისგან გამომავალი იდუმალი მომხიბლავი ძალა. ესაა, სწორედ, ნაწარმოებში ნამდვილი მხატვრულობა და სწორედ მისკენ უნდა იყოს მიმართული ესთეტიკური და ლიტერატურული კრიტიკის ყურადღება. ვინც ფლობს ფაქიზ ესთეტიკურ გემოვნებას სურათის ან ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ, ამგვარ მსჯელობაში, სადაც ყველაფერს წყვეტს მათი „თემა“, ყოველთვის შეამჩნევს ფილისტერობის...