მახასიათებლები
- სათაური: ჯეგე-მისარონის კულტი ძველ საქართველოში
- ISBN კოდი:
- ავტორი: სერგი მაკალათია
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 1938
- ენა: ქართული
- გვერდები: 39
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 512
- რეიტინგი: 4.0
გადაფურცვლა
სერგი მაკალათია – ჯეგე-მისარონის კულტი ძველ საქართველოში
ქრისტიანობის წინამორბედ წარმართ ღვთაებათა შორის ძველ მსოფლიოში უპირველესი ადგილი ღვთაება მირსას ან მითრას ეჭირა.
მითრაიზმი წარმართული მოძღვრების უკანასკნელი და უძლიერესი სიტყვა იყო; მისი მკვლევარნი ერთხმად გვარწმუნებენ, წარმართულ მსოფლიოს ქრისტიანობა რომ არ მოვლენოდა, კაცობრიობა მითრას იწამებდაო. როგორც მითრაიზმის შესახებ არსებული წყაროებიდან და საკმაოდ დიდი მეცნიერული ლიტერატურიდან ჩანს[1], ამ ღვთაების კულტის გავრცელების ისტორია შესაძლებელია ორ ხანად გაიყოს.
პირველი ხანა შეიცავს მითრას ღვთაებრიობის აღმოსავლეთში წარმოშობისა და მისი კულტის მცირე აზიაში გავრცელების ისტორიას, უძველესი დროიდან I საუკუნემდე ძ. წ.
მეორე ხანა-კი მითრას კულტის მცირე აზიიდან დასავლეთ ქვეყნებში გავრცელებით იწყება, სახელდობრ ძველი რომის იმპერიის მთელს სივრცეზე I საუკუნიდან ძ. წ. I საუკუნემდე ჩ. წ.
უძველესი ცნობები მითრას შესახებ დაცულია ინდოელთა „რიგ-ვედა“-ში, სადაც ის მოხსენებულია მთავარ ღვთაება - ვარუნასთან თითქმის განუყრელად. მას უწოდებენ ვარუნა-მითრას, ან მითრა-ვარუნას, რომელიც ნათელისა და ბრწყინვალე ცის ღვთაებად იყო აღიარებული და აგრეთვე ყოველგვარი სიკეთისა და სიცოცხლის წყაროდ მიჩნეული. ეს ტყუბი ღვთაება ყოვლის მცოდნე და მხილველია. ორივე ერთს ეტლში სხედან, ერთს ფიქრობენ, ცრუს და მატყუარს სასტიკად სდევნიან და სამყაროსაც ერთად განაგებენ. მზე ვარუნა-მითრას თვალად ითვლებოდა და მისივე გამოხატულების სიმბოლო იყო[2].
ვედასთან შედარებით უფრო ვრცელი ცნობებია დაცული მითრას შესახებ ძველი პართების „ავესტა“-ში, სადაც მისი სავედრებელი ჰიმნებიცაა შეტანილი. ავესტაში მითრას „Mihr“ – „მიჰრ“ ეწოდება, რომელიც ნათელს, ან სინათლეს ნიშნავს და მუდამ მთავარი ღვთაების აჰურა-მაზდას გვერდით იხსენიება.
მითრა, როგორც სინათლის ღვთაება, ავესტაშიაც მზედ და აჰურა-მაზდას თვალად იწოდება. მისი სამფლობელო – ნათელი ცაა, და ყველა ციური მნათობიც მას ემორჩილება.
მითრა...