მახასიათებლები
- სათაური: ჯუჯა
- ISBN კოდი:
- ავტორი: პერ ლაგერკვისტი
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 1987
- ენა: ქართული
- გვერდები: 154
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 540
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
პერ ლაგერკვისტი - ჯუჯა
Pär Lagerkvist – Dvärgen
სიმაღლე გვარიანი მაქვს – 26 დუიმი, სხეულიც კოხტა დამყვა, ეგ არის მხოლოდ, თავი ჩანს ოდნავ დიდი, თმა წითური მაქვს, თანაც ძალზე სქელი და ხეშეში, უკან გადავარცხნილს ვატარებ და ფართო, თუმცა არცთუ ისე მაღალი შუბლი მომიჩანს. წარბები გადაბმული მაქვს, წვერი არ მეზრდება, თორემ სახით სხვა მამაკაცებისაგან არაფრით განვსხვავდები. ერთობ ღონიერი ვარ, მეტადრე მაშინ, როცა გავბრაზდები. ერთხელ მე და იოსაფატი შეგვაჯიბრეს, ოც წუთში ძირს დავანარცხე და მივახრჩე, მას აქეთ სასახლის კარზე მეღა დავრჩი ქონდრისკაცი.
ჩემისთანა ჯუჯები უმეტესწილად მასხარები არიან, ისეთები, დღენიადაგ ათასი სისულელე რომ უნდა დაროშონ და მანჭვა-გრეხითა და ლაზღანდარობით შეიქციონ თავიანთი ბატონები და მათი სტუმრები. მე ასერიგად არასოდეს დამიმცირებია თავი, თუმცა მსგავსი რამ არც შემოუთავაზებიათ, ალბათ, საამისოდ რაღაც ბორკავდათ ჩემში. ეს გასაგებიცაა, ჩემი გარეგნობის პატრონს არ შეჰფერის სხვათა გასართობად ღმეჭა-ღრეჯა, გარდა ამისა, სახეც კუშტი მაქვს, სიცილს ვერ ვეწყობი და არც არასოდეს ვიცინი. ერთი სიტყვით, ტაკიმასხარაობას ნუ მომაჩეჩებთ, მე მხოლოდ ჯუჯა ვარ, მხოლოდ ქონდრისკაცი, როგორც მოგახსენეთ, პამპულა არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა ენამახვილობას კი დავიქადნი, ჩემი მოსწრებული სიტყვა ეგება ართობდეს კიდეც ვიღაც-ვიღაცებს სასახლეში, მაგრამ ეს სრულებითაც არ იძლევა იმის საბაბს, ვინმეს ტაკიმასხარად მივაჩნდე.
ზემოთ ვთქვი, სხვა მამაკაცებისაგან არაფრით განვსხვავდები-მეთქი, მაგრამ საქმე მთლად ასეც არ არის, სახე ერთიანად ნაოჭებით მაქვს დაქსელილი, არ გეგონოთ, ამას ნაკლად მივიჩნევდე. ასეთი გავჩნდი ამქვეყნად და სულაც არ მადარდებს, თუ ირგვლივ მყოფთაგან რამით გამოვირჩევი. ჩემი სახე უხინჯოდ და შეულამაზებლად წარმოაჩენს იმას, რაცა ვარ და, თუ როგორც ამბობენ, სახე ადამიანისათვის ნიღაბია, მოხარული ვარ, რომ ამგვარი ნიღაბი ბედმა მე არ მარგუნა სატარებლად.
ნაოჭებით მოფხუწული სახის გადამკიდე კარგა ხნიერი ვჩანვარ, თუმცა სინამდვილეში არც ისე დიდი...