მახასიათებლები
- სათაური: ფრაგმენტები ჩემი ფილოსოფიური განვითარების დახასიათებისთვის
- ISBN კოდი:
- ავტორი: ლუდვიგ ფოიერბახი
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 27
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 812
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ლუდვიგ ფოიერბახი - ფრაგმენტები ჩემი ფილოსოფიური განვითარების დახასიათებისთვის
1822, ანსბახი[1]
ვინც ამ ქვეყნიურ საქმეთა სწრაფვას განზე ტოვებს და იმაზე ფიქრობს, რაც არ არის მოკვდავი, ის ისე მტკიცედ არის მიმაგრებული ღუზაზე, რომ ვერავითარი გრიგალი და ავდარი ოდნავადაც ვერ შეარხევს.
ოპიცი
ღირსებათა დამალვას უფრო ეცადე, ვიდრე ნაკლთა.
წმ. ბერნჰარდი
როცა გაქებენ, სიამაყეს ნუ მიეცემი, იფიქრე იმაზე, რომ შენში ადიდებენ იმას, ვინც შენის მეშვეობით მოქმედებს. აკეთე კეთილი არა შენი თავის სადიდებლად, არამედ იმის სადიდებლად, ვინც მოგცა შესაძლებლობა კეთილის გაკეთებისა. შენი თავისაგან მოდის ავის კეთება, ღვთისაგან კი კეთილის კეთება.
წმ. ავგუსტინე
1824, ჰაიდელბერბი
საყვარელო მამავ!...მე მინდა სააღდგომოდ შევიდე ბერლინის უნივერსიტეტში, რომელიც ყველაზე უფრო შესაფერი ადგილია ჩემი შემდგომი თეოლოგიური და ზოგადი სულიერი განათლებისათვის. შენ უკვე იცი ჩემი წინა წერილებიდან, რომ დაუბი აქ ერთადერთი ადამიანია, რომელიც მე სავსებით მაკმაყოფილებს. მაგრამ მე უკვე დავასრულე ჩემი მთავარი კურსების მოსმენა წინა სემესტრში, თეოლოგიურ მორალის გარდა, მისი გონებამახვილი კურსი ბოროტის წარმოშობაზე; ამ სემესტრში - დოგმატიკა, რომელიც წარმოადგენს მთელი მისი სულიერი არსის ცენტრალურ პუნქტს და ერთობლივ განსახიერებას, ასე ვთქვათ, მისი გონების კვინტესენციას. რაღა ვაკეთო აქ, რაკი დავკარგე დაუბი, ჩემი აქაური ცხოვრების ერთადერთი საყრდენი? - პაულუსი, როგორც მე უკვე გწერდი, თავის ეგზეგეტიკაში და ასევე ეკლესიის ისტორიაში აუტანელია. აქაც ვერ იშლის იმას, რომ თავისი სიბრძნით, თავისი სუბიექტური შეხედულებებით არ გაგვიმასპინძლდეს და არ გამოიყვანოს ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური საფუძვლებიდან დიდებული აზრები. მაგრამ, თუ მე ვესწრები ლექციას ეკლესიის ისტორიაზე, მაშინ მე მინდა სწორედ ეკლესიის ისტორიის მოსმენა და არა ამა თუ იმ ბატონის, რომელიც ლექციას კითხულობს, შეხედულებებისა...