მახასიათებლები
- სათაური: ღამის ფრენა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 40
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1954
- რეიტინგი: 4.0
გადაფურცვლა
1
თვითმფრინავის ქვეშ ბორცვების ქუფრი ჩრდილები უკვე იჭრებოდა მოახლოებულ საღამოს ოქროსფერ ბინდში. ველები თანაბარი, უშრეტი შუქით იწყებდნენ ნათებას. ამ მხარეში ისინი ისეთივე ხელგაშლით აბნევენ თავიანთ ოქროს, როგორც ზამთრის მიწურულში იციან ხოლმე თოვლის ქათქათა სითეთრის შენარჩუნება კარგა ხნით. პილოტი ფაბიენი, რომელსაც უკიდურესი სამხრეთიდან, პატაგონიიდან ბუენოს-აირესში მოჰყავდა საფოსტო თვითმფრინავი, საღამოს მოახლოებას იმავე ნიშნებით ხვდებოდა, რითაც წყალი ნავსადგურში - მყუდროებით, გალურსულ ღრუბლებზე ოდნავ გამოსახული ნაოჭებით. ფაბიენი თითქოს რაღაც უსაზღვრო, სამშვიდობო რეიდზე გამოდიოდა.
ამ ღრმა მდუმარებაში ზოგჯერ ისიც კი ეჩვენებოდა, თითქოს მწყემსი იყო და დინჯად სეირნობდა. პატაგონიელი მწყემსები ხომ გულდინჯად დააბოტებენ ერთი ჯოგიდან მეორემდე; ფაბიენიც ერთი ქალაქიდან მეორეში გადადიოდა, - ის ამ პატარა ქალაქების მწყემსი იყო. ყოველ ორ საათში სულ ახალ-ახალ დასახლებებს ხვდებოდა. ისინი თითქოს წყლის დასალევად გამოსულიყვნენ მდინარის ნაპირას, ან ბალახს ძოვდნენ ბარში.
ზოგჯერ ასეულ კილომეტრზე გადაჭიმული, ზღვაზე უფრო უკაცრიელი სტეპების გადავლის შემდეგ, ფაბიენი რომელიმე განმარტოებულ ფერმას გადაუფრენდა და ეჩვენებოდა, თითქოს ფერმა მის შესახვედრად მოცურავდა პრერიათა ტალღებზე და მხრებით ადამიანთა ცხოვრების ტვირთი მოჰქონდა. მაშინ ფაბიენი იმ ხომალდს ფრთების რხევით ესალმებოდა.
” სან-ხულიანი გამოჩნდა; ათ წუთში დაშვებას დავიწყებთ”.
ბორტრადისტმა ეს ცნობა ყველა პოსტს გადასცა ხაზზე.
მაგელანის სრუტიდან ბუენოს-აირესამდე, ორი ათას ხუთასი კილომეტრის მანძილზე ჯაჭვივით გადაჭიმულა ერთმანეთის მსგავსი დასაფრენი მოედნები. მაგრამ ამ აეროდრომის იქით ღამე იწყება. აფრიკაშიც ასეა, ყოველ უკან მოტოვებულ სოფელს შეუცნობი სამყარო ესაზღვრება.
რადისტმა მფრინავს ბარათი გადასცა.
”ირგვლივ ჭექა-ქუხილია, ჩემს ყურთსაცვამებში გამუდმებით განმუხტვა ხდება. სან-ხულიანში ხომ არ გავათიოთ?“
ფაბიენს გაეღიმა: ცა აკვარიუმის...