მახასიათებლები
- სათაური: ჰრაბ შრიქგენი
- ISBN კოდი:
- ავტორი: იანუს ბლაინდი
- გამომცემელი: იანუს ბლაინდი
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 226
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1035
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- I
- II
- III
- IV
- V
- VI
- VII
- VIII
- IX
- X
გადაფურცვლა
ჰრაბ შრიქგენი
I
განათებულ ოთახს გადაბმული ბალიშების ფორმა ჰქონდა, რომლებიც მყარად გამოიყურებოდნენ ტყავის ნაჭრების აკვრის გამო. ჭერი, იატაკი და კედლებიც კი გლუვი, ოთხკუთხა ბალიშებით გაეფორმებინათ, რომელთა გადაკვეთის ადგილებში ღრმად ჩარჭობილი სამაგრების სამწახნაგოვანი თავებიც მოსჩანდა. ჭერიდან გადმოსული განათება ოთახს სითეთრეში სძირავდა. ოთახის ერთ-ერთი კედლის ცენტრში ამავე მასალის ბალიშებისგან ამოვსებული კარი შეიმჩნეოდა, რომელსაც კიდეებში თანმდევი შავი ზოლით თუ გამოარჩევდა მნახველი. კარის ცენტრში, ადამიანის მხრის სიმაღლეზე ამოჭრილი მრგვალი ნახვრეტი მინით ამოევსოთ, რომლიდანაც საპირისპიროდ მდებარე იგივე ფორმის ნახვრეტიანი კარი იმზირებოდა. კარიდან მარჯვენა კუთხის იატაკზე ქერა მამაკაცი იწვა, რომელსაც თვალები დაეხუჭა, ხელები კი თავქვეშ ამოედო. შავი შარვალ-კოსტუმისთვის თეთრი პერანგი შეეხამებინა. ბორდოსფერზოლებიან, ნაცრისფერ ჰალსტუხს შეკრული პიჯაკის ბოლოს, ქამრის ბალთასთან ამოეყო დამრეცად წათლილი წვერი. შავი წინდების ბოლოები შავივე ტყავის ფეხსაცმელში იკარგებოდა. ფეხსაცმლის წაწვეტებულ ცხვირს და ძირგაცრეცილ ქუსლებს ძველებური ეშხი კი დაეკარგათ, მაგრამ ტყავის ზედაპირი ხელუხლებლად გამოიყურებოდა. მაჯებთან პერანგის სახელოებსაც ამოეყოთ თავი, რომლებიც ვერცხლისფერი სამაგრებით შეეკრა.
სახეზე ჩამოშვებული, ბოლოებმომრგვალებული მუქი წვერი კისერსაც კი დაუფარავდა, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში წამოწოლილიყო, რომ ყელში გაჩხერილი ადამის ვაშლიც კი მოუჩანდა. წარბებად გადევნებული ღინღლები აქა-იქ გაშავებოდა. შუბლზე რამდენიმე ნაოჭს მოეყარა თავზე, მარცხენა წარბი ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, მარჯვენასთან შედარებით მაღლა აზიდულიყო, რომელზეც ფრჩხილისოდენა იარა ვერტიკალურად გასდევდა და ქუთუთოსთან უჩინარდებოდა. წვრილი ტუჩები პირის ოდნავ გაღებისას გამოიყოფოდა ხორბლისფერი კანისგან. მოკლედშეჭრილ, დაუვარცხნელ თმას შუბლთან ღერები ამაყად ამოეწიათ დანარჩენებისგან განსხვავებულობის მიზნით. წაგრძელებულ, კეხიან ცხვირს ნესტოები...