მახასიათებლები
- სათაური: ლიოვენშოლდების ბეჭედი
- ISBN კოდი:
- ავტორი: სელმა ლაგერლიოფი
- გამომცემელი: EKA
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 47
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1191
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
I
II
III
IV
V
VI
VII
VIII
IX
X
XI
გადაფურცვლა
სარჩევი
I
II
III
IV
V
VI
VII
VIII
IX
X
XI
I
ყოფილან ძველად ადამიანები, შიში რა იყო, არ იცოდნენ. იმათი ამბავიც მსმენია, ახალპირშეკრულ სიფრიფანა ყინულზე გავლა კიდევაც რომ ეამებოდათ. უხედნი ცხენით ჯირითი ხომ მთელ ქვეყანას ერჩიათ. ისეთნიც გამოერეოდნენ, უდრტვინველად რომ გაჰყვებოდნენ ბანქოს თამაშში თვით იუნკერ ალე გორდს, თუმცა, თავიდანვე იცოდნენ, დანიშნული ბანქო ჰქონდა და მიტომაც იგებდა ყოველთვის. რამდენიმე ისეთ გულადსაც ვიცნობდი, პარასკეობით გზად დადგომას რომ არ უფრთხოდა, და არც ცამეტი კაცისთვის გაწყობილ სუფრასთან დაჯდომას ერიდებოდა. და მაინც ვეჭვობ, რომელიმეს გამბედაობა ჰყოფნოდა, თითზე წამოეცვა ის საშინელი ბეჭედი, რომელიც ჰედებიუელ მხცოვან გენერალს ეკუთვნოდა.
ეს სწორედ ის მოხუცი გენერალი გახლდათ, რომელმაც სახელი გაუთქვა ლიოვენშოლდებს, ადგილ-მამულიც შესძინა და თავადიშვილური ღირსებაც მიანიჭა. და მანამდე, ვიდრე ჰედებიუს მამული ლიოვენშოლდების ხელთ იყო, გენერლის სურათი მეორე სართულის სასტუმრო დარბაზში ფანჯრებს შორის ეკიდა. ვეებერთელა იყო ეს სურათი, იატაკიდან ჭერამდე მთელ კედელს ფარავდა. შორიდან გეგონებოდათ, თვით კარლოს XII ბრძანდება, სწორედ ის დგას აქ, ლურჯ მუნდირში გამოწყობილი, ნატის გრძელი ხელთათმნით, და უზარმაზარი ბოტფორტებით უტეხად გამოჭიმული კვადრატულად დაგებულ იატაკზე. მაგრამ თუ ახლოს მიხვიდოდით, მაშინვე დარწმუნდებოდით, რომ სურათზე სულ სხვა კაცი იყო გამოსახული.
მუნდირის საყელოდან მოჩანდა გლეხკაცის ზორბა, ტლანქი თავი; გეგონებოდათ, სურათზე გამოხატული ადამიანი იმიტომ გაჩნდა ქვეყანაზე, რომ მისი დღე და მოსწრება მიწა უნდა ხნასო და თუმცა უგვანი იყო იგი, მაინც გონიერი, პატიოსანი და ღირსეული კაცის შესახედაობა ჰქონდა. ახლანდელ დროში რომ მოვლენოდა ქვეყანას, ნაფიც მსაჯულად მაინც გამოდგებოდა მაზრის სასამართლოში, იქნებ მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეც გამხდარიყო ან ვინ იცის, რიქსდაგშიც აერჩიათ. მაგრამ ვინაიდან იგი სიმამაცით...