მახასიათებლები
- სათაური: მამის მკვლელი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ალექსანდრე ყაზბეგი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2770
- რეიტინგი: 3.5
სარჩევი
- ნაწილი პირველი
- ნაწილი მეორე
- ნაწილი მესამე
გადაფურცვლა
ნაწილი პირველი
ასე, დილის თერთმეტი საათი იქნებოდა, როდესაც ხევის ერთს სოფელში კერას პირს ისხდნენ ორი კაცი და ერთი დედაკაცი. ერთი ამათგანი, ონისე გელაშვილი, გამოქნილის და მკაცრის გამჭვრეტელობით ბანდულებს ამაგრებდა. იმისი ცოლი, მახია, იქვე კერასთან ჩამომჯდარიყო, ართავდა საჩოხე მატყლს და შესცქეროდა ქვაბს, რომელიც ცეცხლზედ ჩუხჩუხებდა.
ონისეს ძმას, მთხოვარა გლახას, როგორც ყველანი ეძახდნენ, ბევრით მოხუცებულს თავის ძმაზედ, ფანდური ეჭირა ხელში და დაღონებულად, შეწუხებულის ხმით დამღერდა ერთს იმ სიმღერებთაგანს, რომელიც მთაში საზოგადოდ შემოღებული არის.
როგორც ხმაში, ისე პირისახეზედ მთხოვარა გლახას ეტყობოდა, რომ ბევრი გულსათუთქი წუთები და მღელვარება გამოევლო, რომელთაც შეუბრალებლად დაეღმიჭათ იმისი პირისახე, რომელიც, როდისღაც მშვენებით სრული, ეხლა წარმოადგენდა რაღაცა უსიამოვნო, შემაწუხებელს სურათს.
უცნაურად დაფლეთილი და მასუკან სხვადასხვა ფერის ნაკუწებით დაკონკებული ფარაჯა შეადგენდა იმის ტანსაცმელს, რომელსაც უნდა დაეფარა იმის დაუძლურებული სხეული და სიბერისგან ჩავარდნილი გული სიცივისგან და ავდრისაგან.
გლახამ ჩაჰკრა ფანდურსა და დასძახა:
როსტომ თქვა: მიწა რბილია,
სიტყვას მით უნდა რბილობა;
ვაჟკაცს რომ გაუჭირდების,
მაშინის უნდა ცდილობა.
როსტომ თქვა: ერთი არა სჯობს
ამ ჩემსა მოგონებასა:
ერთხელ სჯობია სიკვდილი
სულ მუდამ დაღონებასა!..
- რაია, ღთის მადლსა, სულ მაგის ჩხარა-ჩხური? - გააწყვეტინა მოთმინებიდგან გამოსულმა ონისემ.
მთხოვარა გლახამ ამოიოხრა და გადასდო ფანდური იქით.
- ახლა წახვალ ისევა და, უფალმა იცის, კიდევ გნახავთ როდისმე თუ არა; ვინ იცის სად მშიერი ივლი და სად მაძღარი?..
- ეჰ, ჰე, ჰე, ჩემო ძმავ! - მწუხარებით წამოიძახა მთხოვარა გლახამ და ამოიოხრა: - რა ხარჯს გაძლევთ, რომ ცხოთა კარზედ გამიტარებია ჩემი სიცოცხლე?.. შინიდგან არა მიმაქვს-რა, არა გამიყიდნია-რა და არც შემიჭამია-რა... ჩემი სარჩო-საბადებელი თქვენთვის დამილოცია,...