მახასიათებლები
- სათაური: მარტოობის ასი წელიწადი
- ISBN კოდი:
- ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 192
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2424
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად. მაკონდო მაშინ ერთი პატარა სოფელი იყო: თიხის და ლერწმისგან შეკოწიწებული ოციოდე ქოხი ჩაედგათ მდინარის პირას, რომლის გამჭვირვალე ტალღები თავდაუზოგავად მიექანებოდნენ პრეისტორიული კვერცხებივით უზარმაზარი ქვების თეთრსა და კრიალა სარეცელზე. ქვეყანა ისეთი ახალი იყო, რომ ბევრი საგნისთვის ჯერაც არ დაერქმიათ სახელი და მხოლოდ თითით უჩვენებდნენ. ყოველ წელიწადს, მარტის თვეში, სოფლის ახლოს ჩამოძონძილი ბოშები შლიდნენ კარვებს და სასტვენებისა და ტამბურების ხმაზე ამცნობდნენ მაკონდოელებს მეცნიერების უახლეს მიღწევებს. პირველ ჩამოსვლაზე ბოშებმა მაგნიტი ჩამოიტანეს. ერთი ზორბა წვეროსანი ბოშა, ბეღურის ფეხებივით რომ დაღვლარჭნოდა ხელის თითები, მელკიადესად გაეცნო ყველას და უნაკლოდ წარმოუდგინა საზოგადოებას, - როგორც თავად აღნიშნა, მაკედონელ ალქიმიკოსთა მიერ შექმნილი ქვეყნიერების მერვე საოცრება: ხელში რკინის ძელებმომარჯვებული ბოშა სათითაოდ ყველა ქოხში შედიოდა და შეძრწუნებელი ხალხი ხედავდა, მათი ტაშტები, ქვაბები და ტაფები როგორ ტოვებდნენ მიჩენილ ადგილს, ხოლო ლურსმნებს და ჭანჭიკებს ისეთი ჭრაჭაჭრუჭი გაუდიოდათ, ლამის ფიცრებიდან ამოცვენილიყვნენ. დიდი ხნის წინათ უგზოუკვლოდ დაკარგული ნივთები ახლა სწორედ იქ ჩნდებოდნენ, სადაც ყველაზე მეტად ეძებდნენ ხოლმე პატრონები და უწესრიგოდ მისდევდნენ უკან მელკიადესის სასწაულმოქმედ რკინის ძელებს. „საგნები უსიცოცხლონი როდი არიან, - თავისებურ კილოზე გაჰყვიროდა ბოშა, - ოღონდ ძალა უნდა შეგწევდეს, სული შთაბერო მათ!“ ხოსე არკადიო ბუენდიას ჭკუაზე მეტად ფანტაზიის სიჭარბე აწუხებდა და გადაწყვიტა, მეცნიერებაში ჯერჯერობით გამოუსადეგარი ეს საოცრება მიწიდან ოქროს ამოსაღებად გამოეყენებინა. მელკიადესი პატიოსანი კაცი იყო და გააფრთხილა, მაგ საქმისთვის მაგნიტი არ გამოდგებაო, მაგრამ ხოსე არკადიო ბუენდიას ჯერ კიდევ მაშინ არ სჯეროდა ბოშების პატიოსნებისა და მაგნიტურ ძელებში...
გაბრიელ გარსია მარკესი
გაბრიელ გარსია მარკესი (06.03.1927-17.04.2014) - კოლუმბიელი მწერალი, სცენარისტი და ჟურნალისტი, ცნობილი ლათინურ ამერიკაში, როგორც „გაბო“ ან „გაბიტო“. მიჩნეულია მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ავტორად და საუკეთესოდ ესპანურენოვან მწერლებს შორის. 1972 წელს მიენიჭა ნოიშტადტის საერთაშორისო პრემია, ხოლო 1982 წელს - ნობელის პრემია.