"მედეა" - სენეკას პირველი ტრაგედიაა, რომელიც ქართულად ითარგმნა. სიუჟეტი შემოიფარგლება კორინთოში დატრიალებული უბედურების ერთი დღით, თუმცა ტრაგედიას ფონად გასდევს არგონავტების მითის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდები. ტრაგედიის მოქმედება იწყება მას შემდეგ, რაც მედეა შეიტყობს თავზარდამცემ ამბავს: კრეონს სურს იასონი მედეას დააშოროს და საკუთარი ასული შერთოს ცოლად, ხოლო თავად მედეა კორინთოდან გააძევოს.
ლუციუს ანეუს სენეკა (ძვ.წ. 4-ახ.წ. 65) - რომაელი სტოიკოსი ფილოსოფოსი, დრამატურგი და სახელმწიფო მოღვაწე. იყო იმპერატორ ნერონის აღმზრდელი. დრამატულ ნამუშევართა შორის ცნობილია „მედეა“ და „თიესტე“.