მახასიათებლები
- სათაური: მოძღვარი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ალექსანდრე ყაზბეგი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2015
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2183
- რეიტინგი: 4.5
სარჩევი
I;
II;
III;
IV;
V;
VI;
VII;
VIII;
IX;
X;
XI;
XII;
XIII;
XIV;
XV;
XVI;
XVII;
XVIII;
XIX;
XX;
XXI;
XXII;
XXIII;
გადაფურცვლა
I
გუდამაყრის ხეობას, თითქოს განგებ, გაუპია კავკასიის მთების უმთავრესი ძარღვი და ვიწროს ხეობად შიგ შეჭედილა; ეს ხეობა ავდარსა და ნიაღვარს დაუხრამავს, მაღლობებიდგან ჩამონადენს ქვასა და ღორღსა უშველებელის ლოდებით გაუვსია და მეტისმეტად ძნელს გასავლელად შეუქმნია. ხშირი და დაბურვილი ტყე, რომელიც ხეობას აქეთ-იქით ფერდობებზედ მისდევს, გახლართულა სხვადასხვა მხვევის მცენარეებით და ყოველი მოძრაობა უფრო მეტად გაუძნელებია. ხეობა თავდება თვალუწვდენელის ფრიალოთი, რომელიც, თითქოს განგებ, გზის მოსასპობლად სიგანეზედ გაჰხირებია და იქაურობას მუქარით და ამაყად გადმოჰყურებს. პირველისავე შეხედვით, ეს ადგილი იქამდის მკაცრად, გულისდამხურავად და სევდამომცველად გეჩვენებათ, რომ ნებაუნებლივ გაღონებთ და ამგვარის მდგომარეობის მიზეზი კი ვერ აგიხსნიათ. მუდამ დაბურული, დაღვრემილი და შეკუმშილი ბურსაჭირის ფრიალო ნისლს არასოდეს არ იშორებს და იმ ერთადერთ ბილიკსაცა ჰფარავს, რომელიც ქარსა და ავდარს გაუკვლევია; მკაცრი, მედიდური, შავად და ბნელად გადმოიყურება უზარმაზარი ფრიალო და, თითქოს განრისხებული, ექადის, ვინც კი მიკარებას გაუბედავს. ხშირი ბურუსი, მეტისმეტად ვიწრო ბილიკი და ნესტი ფრიალოს წვერებს ანოტიოებს, შლის და ურიცხვს ხალხს და საქონელს იმსხვერპლებს ხოლმე. მაგრამ, თუ ასეთის უსიამოვნოს შთაბეჭდილების მომხდენია ეს ფრიალო, ამის სამაგიეროდ, რაწამს გადასავალს გადასცდებით, თვალწინ მთელი ედემი გადაგეშლებათ. თქვენ დაინახავთ საკმაო მანძილზედ გადაჭიმულს ღელეს, ნაზისა და სურნელოვანის ბალახითა და ყვავილით შემკულს. ვაკე ტაფობა, იმ საშინელის, გულის დამნაღვლებელის გზის შემდეგ, კეკლუც პატარძალსავით მორთული მიგიწვევს და მიგიზიდავს, თავბრუ დამხვევის ალერსით შემოგხარით ნაზითა და დამყვავებელის ჰაერით; ვერცხლის გველსავით მინდორზედ დაკლაკნილის მდინარის ჩუხჩუხს ტკბილს დამამშვიდებელს ნანად მოგასმენთ.
ბურსაჭირის ღელე ედემია, რომელიც კაცს დახურულს გულს გაუღებს, ჯავრს გაუქარწყლებს და სევდას აშორებს. ძნელად შესძლებს მგზავრის გული, როგორც უნდა მიეშურებოდეს,...