მახასიათებლები
- სათაური: მონადოლოგია
- ISBN კოდი:
- ავტორი: გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 12
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1542
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
1. მონადა, რომლის შესახებ გვექნება აქ ბაასი, არის მარტივი სუბსტანცია, რომელიც შედის რთულს სუბსტანციებში: მარტივია ის, რასაც ნაწილები არ აქვს. (Théod., 10).
2. უნდა არსებობდეს მარტივი სუბსტანციები, რადგანაც არსებობენ რთულები: ვინაიდან რთული არაფერია სხვა, თუ არა მარტივების გროვა ან აგგრეგატი.
3. მაგრამ, სადაც არ არის ნაწილები, იქ არ არის არც განფენილობა (étendue), არც მოყვანილობა, და გაყოფაც იქ შეუძლებელია. ეს მონადები არიან ბუნების ნამდვილი ატომები, ერთი სიტყვით - საგნების ელემენტები.
4. აქ დაშლა სრულიად არ არის საშიში, და მიუწვდომელია ისეთი წესი, რომლითაც მარტივ სუბსტანციას შეეძლო დაღუპულიყო ბუნებრივად (Théod., 89).
5. იმავე საბუთის ძალით არ არსებობს ისეთი წესი, რომლითაც მარტივ სუბსტანციას შეეძლო დაწყებულიყო ბუნებრივად, ვინაიდან ის ვერ გაჩნდებოდა შედგენის (composition) საშუალებით.
6. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ მონადებისათვის შესაძლებელია გაჩენა და დაღუპვა მხოლოდ უცბად, ერთი დაკვრით (tout d'un coup), ე.ი. მონადებს შეეძლოთ ყოფნის დაწყება მხოლოდ შექმნის საშუალებით და ყოფნის შეწყვეტა მხოლოდ არარაობად ქცევის (annihilation) საშუალებით; ნაცვლად ამისა ის, რაც რთულია, იწყება და შეწყვეტს ყოფნას ნაწილ-ნაწილად.
7. არ არსებობს საშუალება, აგრეთვე იმის ასახსნელად, როგორ შეუძლია მონადას სხვა რომელიმე ქმნილების გავლენით გადასხვაფერდეს ან შეიცვალოს თავის შინაგან არსებაში, ვინაიდან მონადაში არაფერი არ გადაიტანება: არ განიაზრება მასში რაიმე შინაგანი მოძრაობაც, რომელიც შეიძლებოდა აღძრული, წარმართული, გადიდებული და შემცირებული ყოფილიყო შიგნით, როგორც შესაძლებელია ეს მოხდეს რთულს სუბსტანციებში, სადაც არის ცვლილება ნაწილთა შორის მიმართებაში. მონადებს სრულიად არ აქვს ფანჯრები, რომელთა საშუალებით რომელსამე საგანს შეუძლია შევიდეს იქ ან გავიდეს იქიდან. აკციდენციებს არ შეუძლიათ მოსწყდნენ სუბსტანციებს და ისეირნონ სუბსტანციებს გარეშე, როგორც ჩადიოდნენ ამას ოდესღაც (les especes sensibles). ამრიგად არც სუბსტანციას, არც აკციდენციას არ შეუძლიათ...