მახასიათებლები
- სათაური: მოთხრობები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ანტონ ჩეხოვი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 63
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1902
- რეიტინგი: 3.5
სარჩევი
ხევში;
თანხმობის თხოვნა;
დრამატურგი;
ბოროტი ბიჭი;
მოაგარაკენი;
ტირიფი;
მოხელის სიკვდილი;
ალბიონის ქალიშვილი;
სირინოზი;
მონადირე;
თაღლითები;
ფსიქოპათები;
გადაფურცვლა
სარჩევი
ხევში
თანხმობის თხოვნა
დრამატურგი
ბოროტი ბიჭი
მოაგარაკენი
ტირიფი
მოხელის სიკვდილი
ალბიონის ქალიშვილი
სირინოზი
მონადირე
თაღლითები
ფსიქოპათები
ხევში
I
სოფელი უკლეევო ხევში იყო. ამიტომაც შარაგზიდან და რკინიგზის სადგურიდან მარტო სამრეკლო და საჩითავი ფაბრიკების მილები ჩანდა. გამვლელნი როცა კითხულობდნენ, რა სოფელიაო, ეუბნებოდნენ:
- ეგ ის არის, სადაც დიაკვანმა ქელეხში მთელი ერთი ქილა ხიზილალა შეჭამაო.
ერთხელ მეფაბრიკე კოსტიუკოვს ჭირის სუფრა ჰქონოდა; მავან ბებერ დიაკვანს საუზმეულში დიდმარცვლოვანი ხიზილალა დაენახა და დაქიმითებულს დაეწყო ჭამა; ზოგს თუ მუჯლუგუნი წაეკრა, სხვას სახელო დაეწია, მაგრამ დიაკვანი სიამოვნებისგან თითქოს გახევებულიყო: თურმე არრასა გრძნობდა, იდგა და იღმურძლებოდა, სანამ ოთხგირვანქიანი ქილა სულ არ ამოეჭამა, თავი არ გაენებებინა და უკვე ბევრი წყალი იყო მას აქეთ ჩავლილი, ის დიაკვანი ცოცხლებში აღარ ერია, ხიზილალის ამბავი კი სუყველას ახსოვდა. ან ცხოვრება იყო აქ ასე უბადრუკი, ანდა ხალხს არა ჰქონდa მეტის შემჩნევის თავი და აკი ვერც ვერაფერი შეემჩნია ათი წლის წინათ მომხდარი ამ უმნიშვნელო შემთხვევის გარდა. ოღონდ ის კია, რომ სოფელ უკლეევოზედ სხვას არას ჰყვებოდნენ.
უკლეევო ციების ბუდე იყო, აქ ზაფხულობითაც კი ლაფი იდგა. მეტადრე იმ ღობეების ძირებში, ზედ უხვჩრდილიან ბებერ ტირიფებს რომ დაეხარათ ტოტები. მთელ სოფელში მუდამ სუნი ტრიალებდა ათასგვარი რამ წარმოების ნარჩენისა და ძმრისმჟავასი, რომელსაც ჩითის გამოყვანისას იყენებდნენ. ფაბრიკები - სამი საჩითავი და ერთი სადაბაღო - თითონ სოფელში კი არა, სოფელგარეთ, მოშორებით იყო. დიდი არც ერთს არ ეთქმოდა და სუყველაში ერთად ოთხასამდე მუშა თუ მოსაქმეობდა, მეტი არა. სადაბაღოს გამოისობით მდინარეში წყალი ყარდა. მორეული უწმინდურება წამლავდა ბალახს, აქაური გლეხკაცობის პირუტყვს სულ ერთიანად ჯილეხი სჭირდა და დაბახანის დაკეტვა აკი ნაბრძანებიც...