მახასიათებლები
- სათაური: პატარა უფლისწული
- ISBN კოდი:
- ავტორი: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 40
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 5931
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
ბავშვებს ვთხოვ მაპატიონ ის ამბავი, რომ მოზრდილს ვუძღვნი ამ წიგნს. ამისათვის მე სერიოზული მოსაზრებები მაქვს. პირველი: მოზრდილი, რომელსაც ამ წიგნს ვუძღვნი, ჩემი საუკეთესო მეგობარია. მეორე: ამ მოზრდილს ყველაფერი გაეგება, საბავშვო წიგნიც კი. მესამე: ეს მოზრდილი საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც მას შია და წყურია. მას ძალზე ესაჭიროება ნუგეში. თუ ეს მოსაზრებები საკმარისი არაა, მე მინდა ჩემი წიგნი იმ ბავშვს მივუძღვნა, რომელიც ეს მოზრდილი იყო ერთ დროს. ყველა მოზრდილი ხომ ჯერ ბავშვი იყო (მაგრამ ეს ამბავი ძალზე ცოტას ახსოვს). ამიტომ მე ასე შევასწორებ ჩემს სიტყვებს:
ლეონ ვერტს, როცა ის პატარა ბიჭი იყო.
ექვსი წლისა რომ ვიყავი, ერთ წიგნში, რომელიც უღრანი ტყის ცხოვრებას ეხებოდა და „ნამდვილი ამბები“ ერქვა, საუცხოო სურათი ვნახე. სურათზე დახატული მახრჩობელა გველი ნადირს ყლაპავდა. აი სურათის ასლიც.
ამ წიგნში ეწერა, მახრჩობელა გველები თავიანთ მსხვერპლს მთლიანად, დაუღეჭავად ყლაპავენო, შემდეგ კი, მთელი ექვსი თვე, ვიდრე საჭმელს მოინელებდნენ, ვეღარ ინძრევიან და ძილს ეძლევიანო.
მაშინ მე ბევრი ვიფიქრე ჯუნგლის ცხოვრებაზე და ფერადი ფანქრით ჩემი პირველი ნახატი მოვხაზე. იგი ასეთი იყო: (იხ. სურ. № 1).
ჩემი შედევრი მოზრდილებს ვაჩვენე და ვკითხე, შეეშინდათ მათ ჩემი ნახატისა თუ არა?
„რატომ უნდა გვაშინებდეს ქუდი?“ მიპასუხეს მათ.
ჩემს სურათზე ქუდი არ ეხატა. ეს იყო მახრჩობელა გველი, რომელიც სპილოს ინელებდა. მათ მისახვედრად მე მახრჩობელა გველის მუცელში სპილო ჩავხატე. უფროსებს ყოველთვის სჭირდებათ განმარტება. ჩემი მეორე ნახატი ასეთი იყო: (იხ. სურ. № 2).
მოზრდილებმა მირჩიეს, თავი დამენებებინა, როგორც მახრჩობელა გველების, ისე მათ მუცელში მოქცეული სპილოების ხატვისათვის და ისტორიის, გეოგრაფიის, ანგარიშისა და გრამატიკის შესწავლა დამეწყო. ამრიგად, ექვსი წლისამ მივატოვე მხატვრის დიდებული კარიერა. პირველი და მეორე ნახატების წარუმატებლობამ იმედი გამიცრუა. მოზრდილებს თავად არასდროს არაფერი გაეგებათ, ბავშვებისათვის კი დამქანცველია სულ მუდამ...