მახასიათებლები
- სათაური: პედრო პარამო
- ISBN კოდი:
- ავტორი: ხუან რულფო
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 64
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1579
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
კომალაში მაშინ გავემგზავრე, როცა შევიტყვე, რომ იქ ცხოვრობდა მამაჩემი, ვინმე პედრო პარამო. ეს ამბავი სიკვდილის წინ დედამ გამანდო. მეც აღვუთქვი, სადაც არ უნდა ყოფილიყო, დაუყოვნებლივ წავსულიყავი და მომენახა. მიცემული სიტყვისთვის მეტი სიმტკიცე რომ მიმეცა, მომაკვდავს ხელზე მაგრად ვუჭერდი ხელს. დედა კვდებოდა და მზად ვიყავი, ყველაფერს შევპირებოდი. „იცოდე, აუცილებლივ ნახე“, - მარიგებდა დედა,- „კარგად დაიმახსოვრე, სახელად პედრო ჰქვია, გვარად პარამოა. მჯერა, გაუხარდება შენი ნახვა“. მეც გავუმეორე, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რასაც მიბრძანებდა. განა შემეძლო იმ წუთში სხვაგვარად მოვქცეულიყავი? ისევ და ისევ ვარწმუნებდი, შევასრულებ-მეთქი შენს საბოლოო სურვილს. ამას მაშინაც კი ვიმეორებდი, როცა ძალისძალად ვინთავისუფლებდი თითებს მისი გათოშილი ხელიდან.
- კი არ სთხოვო, მოსთხოვე, - დამიბარა სიკვდილის წინ, - მოსთხოვე ის, რაც კანონით გვეკუთვნის. დაე, შენ მაინც დაგიბრუნოს, რაც მე მერგებოდა, მაგრამ არ მაღირსა... მთელი სიცოცხლე არც მე და არც შენ ერთხელაც არ გაგვიხსენა და აბა შენ იცი, შვილო, რა ძვირადაც დაუსვამ.
- როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი, დედა.
ეს ცარიელი სიტყვები იყო. შესრულებაზე მაშინ არც მიფიქრია, მაგრამ დედის სიკვდილის მერე, თავადაც არ ვიცი რატომ, ანაზდად უჩვეულო აზრებმა შემიპყრეს; ათასგვარი რამ წარმოვიდგინე, ვოცნებობდი, ვცხოვრობდი რაღაც გამოგონილ სამყაროში. ეს სამყარო იმედმა წარმოშვა, იმედად კი პედრო პარამო - დედაჩემის ქმარი მესახებოდა. აი, მაშინ კი გავეშურე კომალაში. აგვისტოს თაკარა დღეები იდგა. ცხელ ქარს საპნის ხის მყრალი სუნი მოჰქონდა.
გზა ხან აღმა მიუყვებოდა, ხან - დაღმა. „იქიდან გზა მთისკენ მიდის, მერე მთას უვლის ძირში. შინიდან გასული - აღმართს უნდა აუყვე, შინისკენ მომავალი - ველზე დაეშვები“.
- რაო, როგორა თქვით, რა ჰქვია იმ სოფელს? აგერ იქ, ველზე რომ მოჩანს?
- კომალა, სენიორ.
- არ გეშლებათ? ნუთუ მართლა კომალაა უკვე?
- დიახ, კომალაა, სენიორ.
- რატომ ჩანს ეგრე გავერანებულივით?
- ცუდი დრო დაგვიდგა, სენიორ.
ეს ადგილები...