„იქ, სადღაც ზემოთ, სპილენძის ოქსიდის მწვანე საფარით ჩამუქებული ეკლესიის გუმბათებსა და პირქუშ კოშკებს მიღმა, მოცისფრო-მონაცრისფრო ბურუსში კაფე გახვეულა. კაფეში ბევრი პატარა მაგიდა დგას, საიდანაც ჩვენს ქალაქს შეგიძლია გადმოხედო. სწორედ ასე იქცევა თითქმის ყველა, ვისაც ოდესმე აქ უცხოვრია. მე კი მათ ვიცნობდი“, – წერს ლენკა რაინროვა, პრაღის გერმანულენოვანი ლიტერატურის უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელმაც მისთვის და არამხოლოდ მისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს თავის წარმოსახვით კაფეში მიუჩინა ბინა. ვის არ შეხვდები აქ: მაქს ბროდს, ეგონ ერვინ კიშს, ფრანც ვერფელს, თეოდორ ბალკს, ფრანც კაფკას თუ ანა ზეგერსს.
ებრაული წარმოშობის, დედით გერმანელი და მამით ჩეხი ლენკა რაინეროვა 1916 წელს პრაღაში დაიბადა. თავის მოთხრობებში ის, როგორც თავისი ეპოქის ერთ-ერთი უკანანსკნელი თვითმხილველი, მეოცე საუკუნის ევროპაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შესახებ გვიამბობს.