მახასიათებლები
- სათაური: ქრიზანთემები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჯონ სტეინბეკი
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 7
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1262
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ზამთრისპირის სქელი, ნაცრისფერი ნისლი დაჰფენოდა მდინარე სალაინას ხეობას, მთელი სამყაროსაგან გაემიჯნა და უშველებელი ხუფდაფარებული ქვაბისათვის დაემგვანებინა. ხელისგულივით გადაშლილ, ტრიალ მინდორს გუთნების მწკრივი მიჰყვებოდა და ლითონივით მბზინავ კვლებს ტოვებდა. მდინარის გაღმა, მთის ძირებზე შეფენილი რანჩოების გადაყვითლებული ნაყანევები ზამთრის მზის მკრთალ, უსიცოცხლო სხივებში გახვეულიყო. თვით ხეობაში დეკემბრის მზეს ვეღარ ჩაეღწია. ტირიფს ჯერ კიდევ არ დასცვენოდა ძირს დაშვებული, ყვითელი ფოთლები და ხშირი ჭალა მდინარის ჩაყოლებაზე ოქროსფრად ენთო.
სიმშვიდისა და მოლოდინის ჟამი იდგა. ჰაერი იყო გრილი და ნაზი. სამხრეთ-დასავლეთიდან მსუბუქმა ნიავმა დაჰქროლა და ფერმერებს იმედი მიეცათ, ეგება გაწვიმდესო. თუმცა კი ნისლიანმა ამინდმა წვიმა არ იცის.
მდინარის გაღმა, მთის ძირას, ჰენრი ალენის რანჩოზე სამუშაო თითქმის მოეთავებინათ. ბალახი რა ხანია მოეთიბათ და დაეზვინათ. ხეხილის ბაღიც დაებარათ. ახლა, თუ გაწვიმდებოდა, მიწას წყალი ღრმად გაუჯდებოდა. უფრო მაღლა, მთის ფერდობზე შეფენილ საქონელს საზამთრე ბეწვი უხშირდებოდა.
ელიზა ალენი ყვავილების ბაღში მუშაობდა. მან თავი ასწია და ეზოს გახედა. ტრაქტორის ფარდულთან, მისი ქმარი, ჰენრი, კომერსანტის კოსტუმში გამოწყობილ ორ მამაკაცს ესაუბრებოდა. სამივეს ცალი ფეხი პატარა „ფორდსონის“ მუხლუხზე ჩამოედო. ისინი რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, სიგარეტს ეწეოდნენ და თან ტრაქტორს ათვალიერებდნენ.
ელიზამ ცოტახანს უყურა მათ, მერე ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა.
ქალი ოცდათხუთმეტი წლისა იქნებოდა. გამხდარი, ძლიერი სახე და ნათელი თვალები ჰქონდა. სამუშაო ტანსაცმელში შებოჭილსა ჰგავდა. ქმრის შავი ქუდი თვალებზე ჩამოეფხატა. მძიმე ფეხსაცმელი ეცვა. ველვეტის წინსაფარი ყვავილებით დაჩითულ კაბას თითქმის მთლად უფარავდა. წინსაფარზე ოთხი დიდი ჯიბე ეკერა.
ჯიბეებში ეწყო სასხლავი, მიწის ასახვეტი აქანდაზი, დანა, მაკრატელი, საფხეკელა და ყვავილების თესლი. ხელებზე უხეში ტყავის ხელთათმანები მოერგო.
ახლა მაკრატლით ძირში ჭრიდა...