შესავალი;
ქრისტიანობა და სექსი;
დაპირისპირება რელიგიასთან;
სული და უკვდავება;
შეუწყნარებლობის წყაროები;
თავისუფალი ნების დოქტრინა;
სამართლიანობის იდეა;
რელიგიის შესახებ ჩემი შეხედულება ლუკრეციუსისას თანხვდება. მე მას დაავადებად მივიჩნევ, რომელიც შიშიდან წარმოიშვა და კაცობრიობისთვის ენით აუწერელი ტანჯვის წყაროს წარმოადგენს. მეორეს მხრივ, მე არ შემიძლია უარვყო, რომ მას გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი ცივილიზაციის განვითარებაში. მისი დახმარებით მოხდა ადრეულ ხანაში კალენდრის მოსწორება და მანვე უბიძგა ეგვიპტელ მღვდლებს ეწარმოებინათ მზის დაბნელებათა აღნუსხვა, იმგვარად, რომ მცირე ხანში მათ უკვე ამ მოვლენის წინასწარმეტყველება შეეძლოთ. მზად ვარ ვაღიარო ქრისტიანობის ეს ორი დამსახურება. სხვათა შესახებ არაფერი მსმენია.
სიტყვა „რელიგია“ დღეს ფრიად ბუნდოვანი მნიშვნელობით გამოიყენება. ზოგი ადამიანი, უკიდურესი პროტესტანტობის გავლენის ქვეშ, ცნებას იყენებს სამყაროს ბუნებასა ან ზნეობასთან დაკავშირებით ნებისმიერი საკუთარი სერიოზული შეხედულების აღნიშვნისთვის. სიტყვის ამ მნიშვნელობით გამოყენება ფრიად არაისტორიულია. რელიგია უმთავრესად სოციალური ფენომენია. ეკლესიები შესაძლოა საკუთარ წარმომავლობას იმ მოძღვრებს უმადლოდნენ, რომლებსაც ძლიერი ინდივიდუალური მრწამსი გააჩნდათ, მაგრამ ამ მოძღვრებს იშვიათად ჰქონდათ დიდი გავლენა მათ მიერ დაფუძნებულ ეკლესიებზე, როდესაც ეკლესიები უსაზღვრო გავლენით სარგებლობდნენ იმ საზოგადოებებზე, რომლებშიც ისინი იფურჩქნებოდნენ. განვიხილოთ დასავლური ცივილიზაციის დიდი ნაწილისთვის საინტერესო მაგალითი: ქრისტეს მოძღვრებას, როგორც იგი სახარებებშია გადმოცემული, უჩვეულოდ მცირე საერთო აქვს ქრისტიანთა ეთიკასთან. ის, რითიც ქრისტიანობა ყველაზე მეტად არის მნიშვნელოვანი, სოციალური და ისტორიული თვალსაზრისით, არის არა ქრისტე, არამედ ეკლესია, ხოლო თუ ჩვენ ქრისტიანობის სოციალური ეფექტის შეფასება გვსურს, მასალისთვის სახარებებს არ უნდა მივმართოთ. ქრისტე ასწავლიდა, რომ ქონება ღატაკებს უნდა გადასცე, რომ არ უნდა იბრძოლო, არ უნდა იარო ეკლესიაში და არ უნდა დასაჯო მოღალატე. ზემოაღნიშნულ ასპექტში არც კათოლიკეებსა და არც პროტესტანტებში შეიმჩნევა მისი მოძღვრების გაზიარების...