„შემოქმედების საზრისი“ ჩაფიქრებულ იქნა მარქსის, ნიცშეს, დოსტოევსკის, ჰუსერლის, ბერგსონის, შტაინერის იდეების ერთგვარ პასუხად. თვით ბერდიაევი „შემოქმედების საზრისს“ თავის ყველაზე შთაგონებულ ნაწარმოებად თვლიდა, რადგან მასში თავისი ორიგინალური ფილოსოფიური ნააზრევის სრულად გამოთქმა პირველად შეძლო.
ნიკოლოზ ბერდიაევი (1874-1948) XX საუკუნის რუსული რელიგიური ფილოსოფიის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა და რუსეთის რელიგიური ეგზისტენციალიზმის სკოლის მთავარი წარმომადგენელია. მისი მოძღვრების მთავარი იდეა ობიექტურ გარდუვალობასთან ადამიანის თავისუფალი სულის დაპირისპირებაში მდგომარეობს. თავის მთავარ ფუნდამენტურ ნაშრომში, „შემოქმედების საზრისი“, ის შემოქმედებით საწყისს ადამიანში მოქმედ ღვთაებრივ ძალად აცხადებს და საკუთარ დებულებებს „ადამიანის გამართლებად – ანთროპოდიცეად“ წარმოგვიდგენს.