მახასიათებლები
- სათაური: სიმართლე ადამიანის შესახებ
- ISBN კოდი:
- ავტორი: ნიკოლაი ბერდიაევი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 41
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2597
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
დიდი ინკვიზიტორი;
სიმართლე ადამიანის შესახებ დოსტოევსკის შემოქმედებაში;
სტავროგინი;
შენიშვნები;
გადაფურცვლა
დიდი ინკვიზიტორი
I
პირველი სიტყვები, რომლებითაც დიდმა ინკვიზიტორმა მის მიერ დატუსაღებულ ქრისტეს მიმართა, იყო: „შენ უფლებაც კი არ გაქვს რაიმე დაამატო იმას, რაც უკვე გაქვს ნათქვამი. რატომ ცდილობ ხელი შეგვიშალო? შენ ხელის შესაშლელად ხარ მოსული და ეს თავადაც იცი.“
მე ასეთი სურათი წარმომიდგენია. უკვე მოაქვთ უკანასკნელი აგურები ამქვეყნიური სამეფოს საბოლოოდ მოსაწყობად. ქვა პურად ქცეულა, ადამიანის გამომგონებლობა სასწაულებს სჩადის, ბედნიერს ხდის ხალხსა და სახელმწიფოს, რომელშიც საზოგადოება მიწიერ აბსოლუტად ქცეულა. საიდანღაც კი მოდის ადამიანი და ეუბნება მათ სიტყვას, რომლის გამოისობით ამქვეყნიური მოწყობის ფაციფუცი შეწყდება: აღარ ისურვებენ შენობის დასრულებას, სხვა სამყაროს გაიხსენებენ, თავისუფლებას კვლავ ბედნიერებაზე მეტად შეიყვარებენ, ცხოვრების აზრს მოისაკლისებენ და მარადიულობა მოუნდებათ დროებით სამეფოზე მეტად. მოკლავენ, გაანადგურებენ ამ შეშლილს, ჯვარს გააკრავენ მხოლოდ ადამიანური სიკეთის, სარგებლის, ადამიანთა ნახირის დამშვიდებისა და მოწყობისთვის. მარადი და ობიექტური ჭეშმარიტება არ სჭირდებათ ადამიანებს, რომლებიც მიწიერი სამეფოთი არიან ცდუნებულნი, რაც მიწიერი ცხოვრების მიწიერი არსისგან ჩამოშორებას ემსახურება. მათ მხოლოდ სარგებელი სჭირდებათ, აუცილებელი მხოლოდ იმ კანონების ცოდნაა, რომელთა მეშვეობით ქვა პურად იქცევა, რომელთა მიხედვით ხდება ტექნიკის საოცრებები; არც თავისუფლებაა საჭირო, აუცილებელია მხოლოდ ბედნიერება და კმაყოფილება; არც სიყვარულია საჭირო, რადგან ადამიანები შესაძლოა აიძულო საზოგადოებად გაერთიანდნენ. თავისუფალ სიტყვას, რომელიც შენობის აგებას შეუშლის ხელს, არ ათქმევინებენ, მოახდენენ მის, თუ ფიზიკურ არა, სულიერ პარალიზებას. უკვე სუსტად ისმის მათი ხმა, ვინც ადამიანის უზენაესი წარმომავლობისა და უმაღლესი მოწოდების შესახებ ცდილობს ისაუბროს.
როგორია დიდი ინკვიზიტორის ძირითადი თვისება დოსტოევსკის მიხედვით? თავისუფლების უარყოფა ადამიანთა ბედნიერებისთვის, ღმერთისა - კაცობრიობისთვის....
ნიკოლაი ბერდიაევი
ნიკოლაი ბერდიაევი (18.03.1874-23.03.1948) - დიდი რუსი რელიგიური და პოლიტიკური ფილოსოფოსი, ეგზისტენციალიზმის წარმომადგენელი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ევროპულ ფილოსოფიურ პროცესში. თანამშრომლობდა ისეთ აღიარებულ მოაზროვნეებთან, როგორებიც იყვნენ გაბრიელ მარსელი, ემანუელ მუნიე, ოსვალდ შპენგლერი და სხვები. გარდაიცვალა კლამარში, პარიზის მახლობლად.