„ტროელი ქალები“ ევრიპიდეს ტრაგედიათაგან გამოირჩევა ადამიანურ განცდათა წარმოჩენის გასაოცარი სიმძაფრით. კომპოზიციურად იგი შედგება რამდენიმე ეპისოდიონისგან, რომლებშიც წარმოდგენილია გამარჯვებულ ბერძენთა მიერ დატყვევებულ, სრულიად უდანაშაულო ქალთა მწუხარება. სიუჟეტი დრამატურგიულად არ არის რთული, მაგრამ ევრიპიდეს გასაოცარმა ხელოვნებამ დრამა, რომელიც აგებულია მხოლოდ და მხოლოდ ტანჯვის პათოსზე, ისეთი მრავალმხრივი და ზოგადსაკაცობრიო გახადა, რომ იგი თავისი სიღრმითა და მაღალმხატვრულობით დღესაც არ კარგავს მნიშვნელობას.
ევრიპიდე (დაახლ. 480-406 ჩვ. წ.ა.) - ძველი ბერძენი ტრაგიკოსი ათენიდან, ერთ-ერთი მათგანი, ვისი შრომებიც შემორჩენილია. ყველაზე ცნობილ დრამებს შორისაა „მედეა“, „იპოლიტოსი“, „ელექტრა“, „ტროელი ქალები“, „ბაკქი ქალები“.