მოთხრობა ბალტების ერთ-ერთი უძველესი ტომის, კურშების, უკანასკნელი ქურუმის სიცოცხლის ბოლო დღეებზე გვიამბობს. უფრო სწორად, ესაა სამ ნაწილად დაყოფილი მონოლოგი უკვე ღრმად მოხუცი ქურუმისა, რომელიც ხედავს რა, როგორი მრისხანებით ავრცელებენ უცხოტომელები ქრისტიანობას მის მამულში, სიცოცხლის დასასრულს ლამის ეჭვიც კი შეაქვს თავის რწმენაში. წიგნის მეორე ნაწილია ნოველათა კრებული „წმინდანთა ცხოვრება“. ის თერთმეტ ნოველას მოიცავს და გვიამბობს ერთი სოფლის მცხოვრებთა თავგადასავალს, რომელშიც იკვეთება მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი მოვლენები: მეორე მსოფლიო ომი და საბჭოთა ხელისუფლების დამყარება თავისუფალ და დამოუკიდებლობანაგემებ ლიეტუვაში. ნაწარმოების გმირებს წმინდანთა სახელები ჰქვიათ, მათი ისტორია არ იმეორებს ნამდვილ წმინდანთა ისტორიებს, მაგრამ თავიანთი საქციელით, ცხოვრების წესით, მრწამსით ისინი სეხნია წმინდანებს ემსგავსებიან.
რომუალდას გრანაუსკასი (1939-2014 წწ.) – ლიტველი მწერალი, დრამატურგი და სცენარისტი, 20-ზე მეტი ნაწარმოების ავტორია. მისი პირველი კრებული გამოიცა 1969 წელს. მწერალს პოპულარობა მოუტანა წიგნმა „ცხოვრება ნეკერჩხლის ხეებქვეშ“. ის მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატია. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ნაციონალური პრემია (2000 წ.).