მახასიათებლები
- სათაური: ცნობიერება და სიცოცხლე
- ISBN კოდი:
- ავტორი: ანრი ბერგსონი
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 17
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 926
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ანრი ბერგსონი - ცნობიერება და სიცოცხლე
Henri Bergson - La conscience et la vie
მეცნიერის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ კონფერენციაზე[1] მისთვის მეტ-ნაკლებად საინტერესო საკითხის განხილვის მოვალეობამ, შესაძლოა, თავი უხერხულადაც კი გაგრძნობინოთ. არაფერ ამის მსგავსს განვიცდი ჰაქსლეის ხსოვნის წინაშე; რთული იქნებოდა უმალ მოძიება ისეთი პრობლემისა, რომლის მიმართაც ეს დიდი მეცნიერი, XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰორიზონტის მქონე ინგლისელი მოაზროვნე, გულგრილი დარჩა. და მაინც გავიფიქრე: სამი რამის - ცნობიერება, სიცოცხლე და მათი ურთიერთმიმართება - მომცველი საკითხი ბუნებისმეტყველის, ფილოსოფოსიც რომ გახლდათ, რეფლექსიის განსაკუთრებული საგანი უნდა ყოფილიყო. პირადად მე, ჩემ მიერ შერჩეულ საკითხზე უფრო მნიშვნელოვანი არ მეგულება.
თუმცა, პრობლემის განხილვისას ფილოსოფიური სისტემების დახმარების იმედად დიდად ვერ ვიქნები. მეტაფიზიკოსთა სპეკულაციებში ყოველთვის როდი უკავია პირველი ადგილი იმას, რაც ადამიანთა უმრავლესობას აღელვებს, აწუხებს და აინტერესებს. საიდან მოვდივართ? ვინ ვართ? საით მივდივართ? აი, ის არსებითი ვიტალური კითხვები, რომელთა წინაშეც აღმოვჩნდებოდით მყისვე, სისტემების გარეშე თუ ვიფილოსოფოსებდით. თუმცა, ჩვენსა და ხსენებულ კითხვებს შორის მკაცრად სისტემური ფილოსოფია სხვა პრობლემებსაც აყენებს, კერძოდ: „გადაწყვეტილების მიღებამდე იმის ცოდნა ხომ არაა საჭირო, თუ როგორ წარიმართოს კვლევა-ძიება? შეისწავლეთ თქვენი აზროვნების მექანიზმი, თქვენივე ცოდნა აქციეთ კამათის საგნად, თქვენივე კრიტიკას მიუდექით კრიტიკულად; როდესაც დარწმუნდებით, რომ ფლობთ ღირებულ ინსტრუმენტს, მის გამოყენებაზეც იფიქრეთ“. ვაი რომ, ასეთი მომენტი არასოდეს დადგება. იმის გასაგებად კი, თუ სადამდე წასვლაა შესაძლებელი, მე მხოლოდ ერთი საშუალება ვიცი: გაუდგე გზას და იარო. თუ ცოდნა, რომელსაც ვეძებთ, რეალურად სასარგებლოა (instructive), თუ მან ჩვენი აზროვნება უნდა განავითაროს, აზროვნების მექანიზმის ყოველგვარი წინასწარი ანალიზი მხოლოდ უფრო შორს წასვლის შეუძლებლობის ჩვენება იქნებოდა;...