რომანის მთავარი გმირი, ტომი, უმცროს ვაჟთან ერთად ლოს-ანჟელესიდან სამშობლოში, შვეიცარიაში ბრუნდება. მას ცოლი გარდაეცვალა, ხოლო უფროსი ვაჟი ამერიკაში დარჩა. ტომი მძღოლად იწყებს მუშაობას და VIP-კლიენტებს, მათ შორის, დიპლომატებს, ფარმაცევტული კომპანიების მაღალი რანგის წარმომადგენლებს ემსახურება, აეროპორტში ხვდება და ციურიხში ან ბერნში მიჰყავს. ძირითადად ღამით მგზავრობს, მგზავრებთან საინტერესო დიალოგები აქვს, შვეიცარიის ნაცნობ ადგილებში მგზავრობისას ავტორი იხსენებს ბავშვობას, მშობლებს, მათ ისტორიებს და, რაც მთავარია, მეუღლეს, ნინას, რომლის დაკარგვას ძალიან განიცდის და რომელიც მგზავრობის დროს მის აზრებში და თითქოს რეალურადაც მასთანაა, ეჩურჩულება და თავისკენ ექაჩება. სამსახურიდან დაბრუნებული, დილაობით მძინარე შვილს ესიყვარულება, აღვიძებს, სკოლაში წასასვლელად ამზადებს, ცდილობს ისწავლოს ცოლის გარეშე ცხოვრება და შვილებთან ერთად ახალი ცხოვრება დაიწყოს.
შვეიცარიელი ავტორი ტომ კუმერი დაიბადა 1961 წელს ბერნში. 1985 წლიდან მუშაობდა ჟურნალისტად. 1993 წლიდან ლოს-ანჟელესში დაიწყო თანამშრომლობა ცნობილ გაზეთებთან. 2000 წელს მისმა ფიქტიურმა ინტერვიუებმა ჰოლივუდის ვარსკვლავებთან მასმედიაში დიდი სკანდალი გამოიწვია. დღეს ბერნში ცხოვრობს. მისი ახალი რომანი – "ცუდი მშობლების შესახებ" – 2020 წელს გამქვეყდა და იმავე წელს ნომინირებული იყო შვეიცარიული წიგნის პრემიაზე.