iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

აკაკი წერეთლისა და ივანე მაჩაბლის მიმოწერა
23 თებ, 2019

აკაკი წერეთლისა და ივანე მაჩაბლის მიმოწერა

აკაკის წერილები ივანე მაჩაბელთან

 

I

„დიდი ხანია რაც შენი წერილი აღარ მომსვლია და მეც აღარ გამომიგზავნია. შენ ალბათ არ გეცალა და მე კი ავადმყოფობა მიშლიდა ხელს. მართალია, ერთ ხანობით ცოტათი გამოვბრუნდი, მაგრამ ეხლა ისევ შემაბრუნა. დავღოღავ, მაგრამ ვაი ამისთანა ფეხზე დგომას, რომ ყოველ წუთს გულის გახეთქას ველი!

მირჩევენ: ან საზღვარს გარეთ გადი და ან კავკასიაში წადიო. პირველის საშუალება არ მაქვს და მეორეზე გული არ მაძლევს ნებას: აქ მოვკვდე ის მირჩევნია, მანდ სიკვდილს. რომ დასაფლავების დროს სამაიმუნოდ არ გავხდე.

ნუ გაიკვირებ ამ ჩემს სურვილს!.. მართალია სამშობლო ტკბილია, ჩვენ ხალხსაც ვუყვარვარ და პატივსა მცემს, ასე რომ მე ათისთავისა და ასისთავის ღირსიც არა ვარ, მაგრამ რა გამოვიდა, როდესაც ეგ ქვეყანა და ეგ ხალხიც იმ გაიძვერაების ხელშია, რომელთაც ინტელ-მეთაურებს ეძახიან და მათ ნებაზე დადის.

მაგ ფარისეველ-მეთაურების მცნებაც ხომ ვიცით, რა არის. სიცოცხლეში გდევნიან, მახეს გიგებენ, სიკვდილამდე მიგიყვანებენ, გატირებენ და რომ მოკვდები, მაშინ ზარს ამბობენ მხოლოდ თავის თავის გამოსაჩენად, იმერულ მეზარეებსავით.

ძნელია ამას რომ ვანბობ, მაგრამ რა ვქნა რომ გულმა ვეღარ დაიტია და შენ რა უნდა დაგიფარო?

როდესაც მე აქ ვეგდე გაჭირვებული, ექიმისა და წამლის სასყიდელი არ მქონდა, რათ მინდოდა მე მაშინ მანდაური პარაკლისები და დაჟინებითი სიტყვა: „ჩვენი საყვარელი აკაკი და სხვანიო“ - უცნობმა რუსებმა, რომელთაც მხოლოდ სახელი გაიგეს ჩემი, მნახეს და მანუგეშეს...

მანდედან ჩამოსულებმა კი ამბავიც არ იკითხეს... მხოლოდ შორიდან ამბავს ტყობილობდენ: როდის მოკვდება? რაღას აგვიანებს, რომ ბარემ გაზეთში გამოვაცხადოთ და ჩვენი ფარისევ–მაიმუნობა ქვეყანას ჩვენივე სასარგებლოთ დავანახვოთო.

იმ გაჭირვების დროს, ქუთაისის ბანკის გამგეობას, რომელიც ინტელიგენციისაგან არის შედგენილი, გავუგზავნე თხოვნა, რომ კრებისათვის გადაეცა და ერთი წლის პენსია წინდაწინ მოეცათ და გაჭირვებაში ხელი მოემართათ. ზედაც კერძო წერილები დავაყოლეთ თუ მე, თუ დავით მიქელაძემ წევრებთან და იმათ ჩემ თხოვნის ნაცვლად განჩინება დაადგინეს, ფული აღარ არის და პენსია მოვუსპეთ აკაკის, რადგანაც მაინც აღარას აკეთებსო და მთელი ხალხი საცინლად ააგდებიეს აქაურ გაზეთებს, როდესაც კრებამ არ მოუსმინა და მაინც გადამეწყვიტა.

ახლაც კიდევ იგივე გამგეობა უარს მეუბნება...

რასაკვირველია მომავალ მაისს მე მადლობას შევსწირავ და უარსაც განვაცხადებ მაგ ვითომ პენსიაზე...

ეჰ, რომელი ერთი მოვთვალო!.. ღმერთმა ხელი გაუმართოს - არც მაგათი დაცინება მინდა და არც მაგათი შემწეობა. - მაგათი ღვთის წყალობაც ღვთის რისხვათ მიმაჩნია... და მაგათი ქება - ლანძღვათ!!!

სხვა რაღა მოგწეროთ, შეტყობილი გაქვს ეგებ, რომ ჩემი ზოგიერთი თხზულება რუსულად ითარგმნება. მათ რიცხვში „თამარ ცბიერი“ და „პატარა-კახი“. ეს ორი მაინც ძალიან მოწონებულია, განსაკუთრებით „პატარა-კახი“ ძალიან მოსწონთ და მალე იქნება დაბეჭდილი, თუმცა პროზათ არის ნათარგმნი... რასაკვირველია, რომ „ივერიის“ დევ-გმირის გოშიების ყეფამ და ენებმა აქ ვერ გასჭრა! ალბათ ნასუფრალი ნამეტანი მოსვლიათ, მუცელი ტკენიათ და იმას აუწუწკუნებიათ.

თუ სნეულებამ ხელი არ შემიშალა, აღარც მატერიალურათ მიჭირს რა: იანვრიდან თანამშრომლათ მიმიწვიეს ზოგიერთ აქაურმა დიდმა გაზეთ-ჟურნალებმა.

იაკობ გოგებაშვილს ჰკითხე, მომცემს ნებას რომ გადათარგმნილი იქნეს მაგის „იავ-ნანამ რა ქნა“?.. რომელიც აქ ოსტროგორსკის ძალიან მოსწონს, თუ არა?

მაპატიე რომ გაწუხებ ვრცელი წერილით. ჩვენები მომიკითხე. შენს სახლობას უგულითადი პატივისცემა.

შენი აკაკი

ჩემი ადრესი: Heвский 63. кв. # 5.

 

II

ძმაო ვანო!

გილოცავ ცოლშვილის დღეობას. ნეტავ შენ რომ ცოლშეილი გარს გეხვევა და მერე კიდევ მაგისთანა სამაგალითო!

გეტიტინებიან მშობლიურ ენაზე. გულს გაგიმხიარულებენ და მომავლისათვისაც ნუგეშს გაძლევენ! შენ რომ ცოტაც არი დაღონდე რამეზე, არ გეპატიება.

მართალია ხელმოკლეობა დროებით საფიქრებელია, მაგრამ, ეჰ, ჩემო კარგო, მე სულ ჩემი დღე და სოფელი უხელოთ, ანუ უკეთ რომ ვსთქვათ, სულ ტიტველას მივლია, მაგრამ ამიტანია და მივჩვევივარ ისე, როგორც ჰაერის სუნთქვას. შენ ღმერთმა დაგიფაროს ჩემ ბედისაგან ან ჩემი მწარე ხვედრისაგან!.. იმედია, შენი სიმართლე თავს გაიტანს და საქმეც სიმართლის გზით წავა! მე მკითხე რომ არც მარჯვენა მაქვს და არც მარცხენა და ამასთანაც სანუგეშოც არა მიმიძღვის რა. თორემ შენ სხვა ბედიც რომ არა გქონდეს, ერთი ისეთი ღვაწლი მიგიძღვის, რომ სამაგალითოა. მე ვანბობ იმაზე, რომ შეიძელი ვეშაპის, იმ საზიზღარი არსების, მოკვლა, რომელიც ქართველობას სამკეც რგოლათ ჰქონდა შემოხვეული და ზღაპარისა არ იყოს, კუდი კიდევ პირში ეჭირა. (არ იფიქრო სხვებსავით შენც, რომ მე ილია მყავდეს მხედველობაში! მე იმას ხვლიკობასაც ვერ დავახარჯებ, თორემ გველეშაპობას როგორ შევწამებ?)

არა, მე იმ ზნეობით-უბედურობაზე ვანბობ, რომელიც ადენი ხანია თავზე აწვა ქვეყანას, რომელიც თვალს ხუჭავდა, თქვენი მეოხებით კი ის მძინარი ქვეყანა ნელ-ნელა თვალს ახელს, როგორსაც მანდეთ, ისე აქეთაც.

ჯაბადარის შესახებ რაც მოგეწერა, იმის შესახებ, გიგოსაგანაც მივიღე წერილი და აი ჩემი აზრი: „მედეა“ ძალიან პატარა არის ასე, რომ იმ პირობით ოთხი თუმნის არ მერგება...

მაშინ როდესაც ოთხი წელიწადი მეტი მარტო მასალების შეკრებასა და მოგროვებას მოვუნდი. ქუთაისში ლაღიძემ 15 თუმანი მაძლია, ოღონდ კი ერთჯერ დამაბეჭდვიეო. მაგათ ეგ არ შეეძლებათ, ვიცი, და თუ უნდათ ჩემი მუდმივი თანამშრომლობა დიდი სიამოვნებით, მხოლოდ უსასყიდლოო კი არ შემიძლია. თუ მომცემენ იმას თვიურად რასაც ნიკოლაძეს აძლევენ, თან ვალდებული ვიქნები ყოველ ნომერში იყოს ხოლმე ჩემი ნაწერები და აქ „მედეიაც“ იქნება უმფროსიც და სხვანიც...

მოიფიქრონ: თუ ჩემი თანამშრომლობა შემატებს ხელმომწერებს და ეგენიც არას წააგებენ, მხოლოდ მაშინ მომიწვიონ, და თუ ვერას შევმატებ, ტყულა ხარჯში რათ შევიყვანო?

ერთი დღით იმ კვირაში მინდა გამოგიარო და ყოლიფერს გეტყვი, რაც სათქმელი მაქვს. ამიტომ აქ კალამს ვსტოვებ. მომიკითხე ყველანი. დათას ჩემი უგულითადესი მადლობა და სიყვარული. ნეტავი ისე მე უყვარდე ბედს როგორც მე ეგ მიყვარს და მაგის ნახვაც მესიამოვნება.

შენი მარად აკაკი. 6 დეკემბერს.

 

III

საყვარელო ძმაო და ძვირფასო მეგობარო ვანო!

ვიცი, რომ პირადათ ბედნიერი ხარ! მაგისთანა ოჯახობა და ნათესავები გახვევია გარსა!

ამას გარდაც, ვინც კი რიგიანად გიცნობს, ყველა შენი მეგობარია და ურიგოებს კი თვალში ეჩხირები და შენგან გარბიან. (ესეც კიდევ უკეთესი ღვთის წყალობაა!)

ადგილიც თავისუფალი გიჭირავს, მაგრამ გული კი მაინც არ გექნება გამძღარი.

შენისთანა კაცები განა კერძოობით კმაყოფილდებიან? ყაზახ-პოღოსებში ტრიალი კერძო საქმეა და საზოგადოც რომ იყოს, მაინც ისეთი წვრილმანია, რომ ნაცარქექიების საკადრისია და არა შენი.

მაჩაბელი გამიგონია, მოურავი, მსაჯული და არა ქვრივობლების ზედამხედველი!.. ეს ძველი ჭყონდიდელების საქმე იყო.

ან ძალიან სულის კაცი უნდა, რომ ობლებისთვის იზრუნოს მხოლოდ და ან ძალიან ხორცის, რომ იმავ დროს ქვრივებშიდაც იტრიალოს და შენ კი ვგონებ, არც ერთი ეს უკიდურესობა არ გჭირს.

ამისთანა დროს, როდესაც უმეცრება - სულის სიღარიბესთან გადაკრიმანჭულებული ინტელიგენციის სახელით გამოდის მოედანზე, მეთაურობს და ვნება მოაქვს საქვეყნოდ, შენი გვარი კაცები განა ღობეს გადაღმა უნდა იყვეს დარჩენილი და გულ-ხელ დაკრებილი შეჰყურებდენ შორიდან?

შენი ხნის რომ ვიყო და ან ტანმრთელი, მაგათ განზე გავუდგებოდი? სხვას თუ ვეღარას მოვახერხებდი, იმდენს კი ვუყეფავდი, სანამ ხმა არ ჩამიწყდებოდა, მაგრამ მართლაც კი გულ-ღვიძლს გავუსივებდი და ცხვირიდან ნაღველს ვადენდი. იყო დრო, რომ სწორეთ მაგისთანა გზას ვადექი და ქვეყნის მგლებს ვაფრთხობდი.

მაგრამ დღეს... დღეს კი აღარც ცოცხლებში ვურევივარ და აღარც მკვდრებში! არაფერს არ მაკარებენ, არც პურს, არც ღვინოს, არც რამეს, გარდა რძისა და მშრალი ხორცისა...

პირველმა გამაბავშვა და მეორემ გამამხეცა - და ისე შემძულდა თავი, რომ სარკეც კი გავატანიე ჩემს ოთახიდან. სწორე გითხრა დროებით ჩამოვიდოდი... იმდენათ მენატრება ზოგიერთების დანახვა, რამდენადაც მეზიზღება უმეტესობის დანახვა, მაგრამ რა პირით უნდა გეჩვენოთ, რომ ის აღარა ვარ რაც ვიყავ...

ეჰ, ჩემი „ზევსური“ გათავებულია და ამ ლექსით დაბოლდებული:

გული წყლული, სული კრული,

სახე მჭკნარი, თმა-ჭაღარა.

ამისთანა სიცოცხლეც კი

გინდ იყოს და გინდ აღარა!“

მახლას!! იყავ მშვიდობით. შენი ოჯახობა ერთობ სიმდაბლით და სიყვარულით მომიკითხე.

პატარა მაჩაბელმა რათ დაიგვიანა? გიორგის შუამავლობა მისცეს თუ არა? დათა სოფელშია თუ ტფილისში? ამ ზამთარს ხომ არავინ ჩავარდნილა წყალში? კნიაჟნა ბაბოს ეცოდინება.

შენი მარად აკაკი, 12 დეკემბერს.

 

ივანე მაჩაბლის წერილები აკაკი წერეთელთან

 

I

ძვირფასო ძმაო აკაკი!

შენს წერილში ორი შეცდომაა: ჯერ ერთი, რათ მეკითხები რათ დააგვიანა პატარა მაჩაბელმაო, როდესაც ის დიდი ხანია აქვე ჩემ გვერდით გასჭყვირის და გაჰკივის. ტასოს ვაჟი ეყოლა 6 დეკემბერს და ეხლა ორივე სრულიად კარგად არიან. ვიცი არ გეწყინება ჩვენი მშვიდობის ამბავი და ამიტომ ვჩქარობ გაცნობო.

მეორეც ესა, შეცდომით წარმოგიდგენია ვითომ მე და ჩემ მომხრეთ იარაღი დაგვეყაროს და კერძოობას გამოვდგომოდეთ, - ეგ ხომ მეტის-მეტი სულმოკლეობაა და შენს მეგობრობის ღირსი არ იქნებოდა. თუ მე ჩემს წერილებში პირად მშვიდობიანობაზე ვწერდი, ეს იმიტომ, რომ მართლა ცოტა მოსვენება მეჭირვებოდა შემდეგ იმ გაწამაწიისა, რაც ამ ზაფხულს გამოვიარე. ეხლა კი იმედი მაქვს უფრო ბეჯითად მოვკიდო ხელი საქმეს, რამდენადაც კი დრო და შეძლება ხელს შეგვიწყობს. სამწუხაროდ შენგან ცუდი ამბები მოგვდის და განცხოველებული სიტყვების მაგივრად, რომელსაც ასე შეგვაჩვიე, ავადმყოფობის წუწუნი-ღა მოგვესმის.

ვინ ამბობს, იქნება ამ წუწუნს ცოტაოდენი საფუძველი ჰქონდეს, მაგრამ არ მგონია საიმისოდ ავად იყო, რომ ეგრე სულით ხორცამდე თავს გვანებებ და მხოლოდ ათასში ერთხელ ორიდამ გვემუსაიფები.

აქაური ამბავი ეს არის, რომ საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გაისმის უგაზეთობის გამო. „ივერიას“ გაზეთად არავინ აგდებს და თითონ რედაქტორიც კი აღარ კითხულობს თავის თანამშრომლების ნაბღაჯნს. აქა-იქ გაისმის სურვილი ახალი გაზეთის ან ჟურნალის გამოცემისა, მაგრამ სურვილი სურვილადვე რჩება, რადგან ცალკე საშუალება არ არის და ცალკე ნების გამოტანა ჭირდება.

ქართული ძეატრი საკმაოდ კარგად მიდის წრეულს!

იმ დღეს ოპერეტკა წარმოადგინეს და მთელმა თეატრმა ძალიან მოიწონა. მუზიკა თუ დარბაისლური არა, სახუმარო მაინც აყვავდა ჩვენში წრეულობით.

ეს ყველა იქით იყოს და მოსვლისას რას იწერები? შენი წერილიდან ყრუ პასუხის მეტი ვერა გამოვიტანე რა, არა მგონია პეტერბურგის ექიმებმა ისე გიწამლონ, როგორც აქაური ჰაერი გარგებს. მრავალი მოკითხვა გიძღვნეს ჩვენებმა: ტასომ, ბაბომ, გიორგიმ, ნუცაც აქ იყო ორი სამი კვირით და ყოველ დღე გიგონებდით. იმის მოსვლა კი გვიამა, მაგრამ წასვლა კი არა, რადგან შენი დიდი პორტრეთი მოგვტაცა და ორგვარად დაგვაობლა.

შენი მარად ერთგული

ი. მაჩაბელი.

29 დეკემბერს.

 

II

ძვირფასო აკაკი!

ვგონებ სექტემბრამდის ქალაქში წასვლა ვერ მომიხერხdება, მაინც ეხლა იქ არავინ არის.

გაზეთის თაობაზედ იწერები. ძალიან კარგი იქნება, მაგრამ მე თითონ ჯერ არ ვიცი სად ვიქნები და როგორ ვიქნებით, როდესაც თავი ხელთ მექნება, მაშინ შეიძლება მაგაზედ ფიქრი და ჯერ კი მინდა მაისში დაწყებულ ბრძოლას ბოლო მოვუღო. ჩემი წერილების გამოგზავნას („Hoвoe Обозpeнie“-ში) ვაპირებდი. უეჭველათ წაიკითხავდი და შენიშნავდი, რომ ოსურად მინდა რჯულამდე ჩავყვე და ჩემის მოპირდაპირეების უვიცობა და ყალბობა გამოვააშკარავო. ჯერ რუსულათ გამოვესაუბრე და მას უკან ქართულადაც ვაპირებ. იმედი მაქვს ვერა მიხრიკონ რა; მეც ცოტაოდენ ხრიკებს შემაჩვიეს იმათ ხრიკების ყურებით,

ჯერ ჩუმად არიან და თუ გამობაასებას სიჩუმე არჩიეს, მასუკანაც ისეთს ადგილს მოვთხოვ ანგარიშს ამ სიჩუმისას, რომ ნება-უნებურად ხმა ამოვაღებინო.

ილია ჭავჭავაძეს ჰგონია თავის ლათაიებით ყოველთვის ხმა გაუკმინდოს ადამიანს და საზოგადოება ათამაშოს, მაგრამ ნათქვამია, კოჭი ყოველთვის ალჩუს ვერ დაჯდება.

შენი ი. მაჩაბელი.

19 ივლისი 1891 წ.

თამარაშენი.

 

III

...ილია ჭავჭავაძემ და მისმა ღირსეულმა „ამხანაგებმა“ როგორც ეხლა თავის თავს ეძახის ბ. თარხნიშვილი, ერთად გამოილაშქრეს ჩვენზედ თანახმარებით გ. ორბელიანისა, ნ. ხუდადოვისა, ჩერქეზიშვილისა, გ. ანდრონიკოვისა, ლევ. ჯანდიერისა და სხვათა.

გამოილაშქრეს და დამამარცხეს კიდეც. მეც თავი დაუკარ ამ ვაჟბატონებს, ბანკი დაულოცე და გამოვემშვიდობე. საზ-ოება ერთხმად მთელი ხუთი მინუტის განმავლობაში მთხოვდა დარჩენას, მაგრამ მადლობა მოვახსენე და გადაწყვეტილი უარი ვთქვი. ეხლა ვეძებ ალაგს. დამპირდნენ კიდეც არა უარესს ბანკის დირექტორობაზედ აგვისტოს ან სექტემბრისათვის. მანამდის კი მივანებე ქალაქს თავი და მინდა მთელი ზაფხული სოფლად გავატარო. ჯერ ფცაში ვარ, და მალე თამარაშენში წავალთ.

ასე ჩემო აკაკი, ეს არის გარეშე მხარე ჩემის ისტორიისა, მაგრამ დამარცხებამ გამწვრთნა და გამაგულისა, რომ არა მგონი ასეთი გამარჯვება გამარჯვებულებს დიდხანს შერჩეთ.

ჯერ ვაპირობ გაზეთების ოსტატობა გამოვააშკარავო. „ივერია“ ხომ „ივერიაა“ და „ნოვოე ობოზრენიე“-შიც ილია ჭავჭავაძემ თავის ადიუტანტები და თანამშრომლები ჩააყენა თანამშრომლებად და ბანკის ანგარიშების მიმცემად. ხაჩატუროვიც ხომ ხაჩატუროვია. ახლა ვაპირობ ვრცელი წერილები დავბეჭდო როგორც „ნოვოე ობოზრენიე“-ში ისე „ივერიაში“ და გამოვააშკარავო ეს მიდგომილობა, რა მიდგომილობითაც იბეჭდებოდა ყველაფერი ბანკის შესახებ.

„ნოვოე ობოზრენიე“-ში დამპირდენ დაბეჭდვას და „ივერიაშიც“ ნება ვითხოვე შეუცვლელად წერილების დაბეჭდვისა. ეს ნება თუმცა ძალიან არ ეჭაშნიკებათ, მაგრამ არც მე დამიტანებია ძალა და ასე ვუთხარ, თუ არ დამაბეჭდვინეთ, ყოველს თქვენს ამბებს რუსულ გაზეთებში გამოვააშკარავებ და ცალკე ბროშურასაც გამოვცემ ქართულად მეთქი.

ალბად ამ მუქარამ შეაშინა და ადგილი დამითმეს. მაგრამ ვაი ამ დათმობას... მასუკანაც იმედი მაქვს ვერ დაგვაძაბუნონ და იქნება ისე გაუხდეს საქმე ილია ჭავჭავაძეს, რომ პირსავით წამოიძახოს: ერთი ამისთანა გამარჯვება და მე ულაშქროდ დავრჩები. მე ძალიან მესიამოვნება, რომ შენ ადევნო თვალყური ჩვენს პოლემიკას და სეირები ნახო...

დღე არ გავა, რომ შენი აქ ყოფნა არ მოვიგონოთ, თან შენი ალბომში ჩაწერილი ლექსები არ წავიკითხოთ. ტასოც ძალიან მოხარულია შენი ნახვისა და შუბლში კოცნას გითვლის... მერე მევე რომ მაწერინებს...

შენი მარად ერთგული ი. მაჩაბელი

ნახვების რაოდენობა: 2490