iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

ამაზონის თუთიყუში
28 ივლ, 2019

ამაზონის თუთიყუში

ოთხმოც წლამდე, თითქმის იმდენივეს ცოცხლობს ამაზონის თუთიყუში, რამდენსაც ადამიანი, - საჟურნალო ინფორმაციას კითხულობს დიმიტრი უჩანეიშვილის პიესის „არჩი და ქეთ“  პერსონაჟი არჩი. ვეფხვი - ამდენს, ლომი - ამდენს, კატა ამდენს, ცხენი ამდენსო, აგრძელებს კითხვას და ამით გვიჩვენებს სიცოცხლის ხანგრძლივობის აბსურდულობას. გამოდის, ხანიერებას სულაც არ ჰქონია მნიშვნელობა. მთავარია, იმ დროში, საწუთროს რომ დაუწესებია, რას შექმნი, რას მოასწრებ, თორემ უამისოდ უაზროა ყოველივე.

პიესაში ცხოვრების აბსურდულობა პერსონაჟთა დიალოგით იხატება. ერთი ამბობს, მეორე უდასტურებს იმავეს, მაგრამ ეს აზრობრივი თანხმიერება კი არა, უფრო დაშორებაა, დაცილებაა. ვთქვათ, არჩი ეუბნება ქეთს - არ მინდა შენგან წასვლაო; ქეთი პასუხობს: არ მინდა, რომ წახვიდეო. რა გამოდის, ერთად ყოფნა კი არ სწყურიათ, უერთმანეთოდ არსებობა კოშმარად კი არ გადაქცევიათ, ერთს წასვლა არ უნდა და მეორესაც არ უნდა, რომ წავიდეს. თუ ამას იმისგან წასვლა არ სურს, და პირიქით, იმასაც იგივე სწადია, ერთად ყოფილან და ეგაა, მაგრამ ამ ფრაზებით საპირისპირო იხატება. ერთი და იმავეს თქმით იქმნება საწინააღმდეგოს შთაბეჭდილება, ანუ აბსურდულობა ყოფისა. უფრო თვალსაჩინოა იგივე სხვა დიალოგებში:

„არჩი: შენ ლამაზი ხარ.

ქეთ: მე შენთან ვარ.

არჩი: ყველაზე ლამაზი.

ქეთ: სულ შენთან ვიქნები“.

ერთი რასაც ამბობს, მეორე ლოგიკურად არ პასუხობს, არამარტო კითხვა მოითხოვს პასუხს, არამედ ნათქვამიც - დადასტურებას, უარყოფას ან განგრძობა-გავრცელებას, ანუ ის სხვაგანაა, ეს სხვაგან ერთის ნათქვამის აზრობრივი გაგრძელება არ ხდება. დეტექტივთა საუბარიც გავიხსენოთ:

„პირველი დეტექტივი: აქ არ ისხდებოდნენ, ნაკვალევი არ ჩანს.

მეორე დეტექტივი: ბალახი ახალი გათიბულია, დაბალ ბალახს კი ნაკვალევი არ ემჩნევა.

პირველი დეტექტივი: (ისევ იმ ადგილზე მიანიშნებს) გეუბნები, აქ არ ისხდებოდნენ-მეთქი!

მეორე დეტექტივი: შესაძლოა, მაგრამ შეიძლება სხვაგანაც“.

ესეც აბსურდი - ბოლო ფრაზა - შეიძლება და შესაძლოა - ყველაფერს გადაუსვამს ხაზს, შეიძლება ისეც, ასეც, აქაც, იქაც მსხდარიყვნენ, იქვეც ყოფილიყვნენ და სხვაგანაც, საბოლოოდ - არსად. დეტექტივები არჩის და ქეთს ჯერ მისდევენ, მერე არჩიმ თხუთმეტწლიანი სასჯელი რომ მოიხადა, უთვალთვალებენ. თუმცა პიესა უსიუჟეტოა, თითქმის ამბის გარეშე იხატება პერსონაჟთა აბსურდული ყოფიერება:

„პირველი დეტექტივი: (ხაზგასმით) ეს არის თვალთვალი.

მეორე დეტექტივი: შესაძლოა დანაშაული არც ჩაიდინოს.

პირველი დეტექტივი: მაგას მნიშვნელობა არ აქვს. დარწმუნებულიც რომ ვიყოთ მის მომავალ უდანაშაულობაში, მაინც უნდა ვუთვალთვალოთ.

მეორე დეტექტივი: მაშასადამე, დანაშაული ჩადენილი რომ არ ჰქონოდა, მაინც ვუთვალთვალებდით. პირველი დეტექტივი: სწორედაც. ჩვენ ვუთვალთვალებთ და მან ეს უნდა იცოდეს...“,

პიესის დედააზრი პერსონაჟის ერთ ფრაზაში იკითხება: თითქოს ერთხელ უკვე ვიცხოვრეთ - ამბობს იგი და ამით გვიჩვენებს, რომ ახალი არაფერი მომხდარა მათ ცხოვრებაში, ორნი იყვნენ, სამნი გახდნენ, უშინაარსოდ, უაზროდ ყოფნა გაგრძელდა. იცხოვრეს, გაიმეორეს სხვათაგან გათელილი გზა და მივიდნენ ფინიშამდე.

პიესის ფინალში პერსონაჟის მოქმედება სიმბოლურ დატვირთვას იძენს: არჩი დგება, მიდის გაზქურასთან, ანთებს ქურას, დგამს ჩაიდანს, მერე ჩაიდანი სტვენას რომ დაიწყებს, აქრობს, წყალს ასხამს ჭიქაში, სვამს, მერე ცივდება წყალი და ისევ იმავეს იმეორებს რამდენჯერმე. მათ ცხოვრებაც ასე გაიმეორეს, თავისი არაფერი ჰქონდათ და ამიტომაც ეჩვენებოდათ, ერთხელ თითქოს უკვე ვიცხოვრეთო.

ყოფნის უაზრობის აღმნიშვნელი ნაცრისფერიც შემთხვევით არ ჩნდება ტექსტში:

„აღარაფერია ხელმოსაკიდი. ყველაფერი განაცრისფრდა, ფოთოლი, ქვა, წყალი, მზე, ყველაფერი, რაც შეუქმნია ბუნებას ან ადამიანს. თვით ადამიანიც. ყველა. ის, ვინც იყო, ვინც არის და ვინც იქნება. ვეღარ ვხედავ სახეებს, განმასხვავებელ ნიშნებს, მეჭეჭს ლოყაზე, მელოტ თავს ან ჩამოცვენილ კბილებს. აღარავინ არის სანდომიანი, არც ულამაზოა ვინმე. აღარ არის სიახლოვე, სითბო და თანაგრძნობა. არ არსებობენ ნათესავები, ოჯახის წევრები, მეგობრები, არც თანამემამულენი, არ არიან ნაცნობები და უცნობები. აღარავინ არის. ყველა ადამიანი ერთია, ყველა ადამიანი უცხოა. მე ვარ უცხო, ნებისმიერი სხვა ადამიანი, და ის უცხო არის ასევე ნებისმიერი ადამიანი და ა.შ. აღარ აქვს მნიშვნელობა, იყო, არის თუ იქნება ვინმე, იყო აქ თუ იყო შორს. აღარ აქვს ფასი სურვილებსა და ოცნებებს, ნამოქმედარსა და დაგეგმილს, რადგან ეს ყველაფერი ერთია და მასთან ერთად ერთია ადამიანიც. არა კაცთმოყვარეობა, არა ეგოიზმი. მხოლოდ ყოფა წამით.“

ის, რის გამოც ადამიანს ადამიანი ჰქვია, ცხოვრებას კიდევ ცხოვრება, მიზანს მიზანი და ასე დაუსრულებლად, ქეთისთვის უაზრობად გადაქცეულა, ყველასა და ყველაფერს დაუკარგავს საზრისი. თვითონაც უცხოა, სხვებიც უცხონი. ადამიანებს ინდივიდუალურობა, საზოგადოებას გამორჩეულობა აღარ ეტყობა. ყველა იმეორებს იმას, რაც იყო, განმასხვავებელი აღარაფერი დარჩენილა. და რა აზრი აქვს, რამდენს იცოცხლებ?! ამაზონის თუთიყუში ოთხმოც წელს, დაახლოებით იმდენივეს, რამდენსაც ადამიანი ცოცხლობს, ცოცხლობს, მაგრამ მერე რა? სხვათა ხმებს იმეორებს, ყველაზე წყალუხვი მდინარის სტეპებში ადამიანი იშვიათად იქნება (მით უფრო ისეთი, რომ იყვიროს, თუნდაც იხმაუროს), მაგრამ ფრინველ-ნადირთა ხმების წამოძახებაში განლევს წუთისოფელს.

არჩი და ქეთ“-ის პერსონაჟებსაც ასე დაემართათ, აბსურდული ყოფიერება მოირგეს, „ინერციით“, „დაძრული მატარებელივით“ გალიეს დრო, ქმნეს ის, რაც სხვებს უკვე მანამდე გაეკეთებინათ. ერთი სიტყვით, გაამაზონთუთიყუშდნენ. მაგარი ყოფილა ამაზონის თუთიყუში. ოთხმოცი წელი - არც ისე მცირე დროა, მითუმეტეს, შენი დღე და მოსწრება სხვათა ხმებს თუ იმეორებ.

 ელგუჯა თავბერიძე

ნახვების რაოდენობა: 1592