iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

ატომისტური ფილოსოფია ძველ საბერძნეთში
14 დეკ, 2018

ატომისტური ფილოსოფია ძველ საბერძნეთში

დასახელებულ წიგნში ავტორს მიზნად აქვს მატერიალისტური ფილოსოფიის მამამთავრის და თანამედროვე ბუნებისმეტყველების წინამორბედის დემოკრიტეს მოძღვრების გადმოცემა. ავტორი იცნობს ანტიურ ფილოსოფიას, რაც არა ერთხელ დაუმტკიცებია თავისი დაბეჭდილი შრომებით. „ატომისტური ფილოსოფია“ დაწერილია პოპულარულ მეცნიერული ენით და შესაძლებლობას აძლევს ყველას, გაეცნოს დემოკრატეს მსოფლმხედველობას.

წიგნის პირველ თავში ავტორი ახასიათებს იდეოლოგიურ წინამძღვრებს, რომლებისაგან წარმოდგა დემოკრიტეს ფილოსოფია. აქ ავტორი მატერიალიზმს უპირისპირებს, ერთის მხრივ ელეატურ ფილოსოფიას, მეორეს მხრივ კი ანაკსაგორის მოძღვრებას. ავტორის აზრით, ატომიზმზე გავლენა ჰქონდა ორთავეს. ორივენი (პარმენიდე და ანაქსაგორი) იდეალისტური მსოფლმხედველობის წარმომადგენლებია. „ამიტომ ორივეს უსწორდება ატომიზმი“, ამბობს ავტორი: „და ამ გარემოებაშია მისი გენეზისი საძიებელიო“.

საინტერესოდ აქვს გადმოცემული ავტორს დემოკრიტეს ფილოსოფიის ცენტრალური ადგილი, რომელიც ატომის დახასიათებას შეეხება. ატომის ყოველი ახალი თვისების აღნიშვნა ავტორს ისეთი შინაგანი შეწყობით აქვს დაკავშირებული მოძღვრების ძირითად პრინციპებთან, რომ საკმაო ღრმა შთაბეჭდილებას სტოვებს მკითხველზე. სხარტად გადმოცემულია აგრეთვე ის როლი, რომელიც მიკუთვნილი აქვს მოძრაობას დემოკრიტეს სისტემაში. აღნიშნულია ის დედა-აზრი ამ პრობლემის გადაწყვეტაში, რომელიც საფუძვლად დაედვა თანამედროვე ბუნებისმეტყველურ კლევა-ძიებასაც.

ძირითადი პრინციპების გარკვევის შემდეგ, რომლებზედაც აგებულია დემოკრიტეს სისტემა, ავტორი გადადის ამ სისტემის დამახასიათებელ ნაწილების განხილვაზე. პირველ რიგში ავტორი განიხილავს ატომისტურ კოსმოგონიას (კოსმოსის და მსოფლიოს განსხვავებას, პრეკოსმიური მოძრაობა და მისი ხასიათი, კოსმოსის წარმოშობისა და მისი დაშლის მიზეზები), შემდეგ კი ატომისტურ ანთროპოლოგიას (სულის ატომების დახასიათება, აზროვნებისა და გრძნობის როლი შემეცნებისათვის, სიკვდილი და სიცოცხლე ატომისტური შეხედულებით) მეტადრე საინტერესოა დემოკრიტეს ეთიკა, რომლის შინაარსი არსებითად გამომდინარეობს ატომიზმის ძირითად პრინციპებიდგან. ავტორი იკვლევს იმ საზოგადოებრივ მიზეზებსაც, რომელთაც აუცილებლად ჰყვეს დემოკრიტეს ეთიკის თავისებურობა.

უკანასკნელ თავში ავტორი კრიტიკულ შენიშვნებს უკეთებს დემოკრიტეს ატომიზმს. ავტორის აზრით, ატომიზმი ყველაზედ უფრო გაბედულად ილაშქრებს ბუნების მოვლენათა სარწმუნოებრივი გაგების წინააღმდეგ და ფართე გზას უხსნის მეცნიერულ შემოქმედებას.

ვლად. ცომაია

ნახვების რაოდენობა: 429