iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

ჰაინრიხ ბიოლის სიტყვა ნობელის ბანკეტზე
28 დეკ, 2018

ჰაინრიხ ბიოლის სიტყვა ნობელის ბანკეტზე

ბატონო პრემიერო, ქალბატონებო და ბატონებო,

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტისას, შვედეთის მეფემ დაკვირვების თვალით შეხედა წარმავალობის იმ ფენებს, საიდანაც აღმოვცენდით და რომლებზეც ვცხოვრობთ. შესაძლოა, ზოგიერთ თქვენგანსაც დროდადრო თვალი მოუკრავს ამ ფენებისთვის. ეს მიწა არც ხელუხლებელია და არც უმანკო; მას არასდროს არ სცოდნია ჭეშმარიტი სიმშვიდე. რაინის გასწვრივ მდებარე ამ სანუკვარ მიწას – რომელსაც ხარბი თვალით შესცქეროდნენ – მრავალი მმართველი უნახავს და, შესაბამისად, არანაკლები ომი: კოლონიური, ეროვნული, რეგიონული, ადგილობრივი თუ კონფესიური კონფლიქტები და მსოფლიო ომებიც კი. აქ მომხდარა პოგრომები და დევნა; აქ მოდიოდნენ დევნილები სხვა მხარეებიდან, მაშინ როცა სხვებს სხვაგან აძევებდნენ. ის ფაქტი კი, რომ აქ გერმანულად საუბრობდნენ, იმდენად ბუნებრივად აღიქმებოდა, რომ ამის დამტკიცება საჭირო არ იყო – არც შინაურებისთვის და არც გარეშეებისთვის. ამას სხვები აკეთებდნენ – ისინი, ვისთვისაც რბილი „d“ არ იყო საკმარისი და მყარ „t“-ს ესწრაფოდნენ: „Teutsche“.

ძალადობა, ნგრევა, ტკივილი და გაუგებრობა ახლავს თან გზას, რომელსაც წარსულის წარმავალობის ფენებიდან აწმყოს წარმავალობისკენ მივყავართ. და მაინც, ნამსხვრევებმა, ნანგრევებმა და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მომხდარმა ცვლილებებმა არ წარმოშვა ის, რისი მოლოდინიც ზედმეტად ხანგრძლივი ისტორიის შემდეგ შეიძლებოდა გვქონოდა: სულიერი წონასწორობის განცდა. შესაძლოა იმიტომ, რომ მისი პოვნის საშუალება არასდროს არ მოგვცემია; ზოგისთვის ზედმეტად დასავლურნი ვიყავით, სხვებისთვის – არასაკმარისად დასავლურნი; ზოგისთვის – ზედმეტად საზოგადოებრივები, სხვებისთვის – არასაკმარისად საზოგადოებრივები. უნდობლობა კვლავაც სუფევს მათ შორის, ვინც დემონსტრაციულად აცხადებს პრეტენზიას „ტევტონურ“ იდენტობაზე, თითქოს „დასავლურისა“ და „გერმანულის“ შეხამება მხოლოდ მოჩვენებითი ხრიკი იყოს იმ ერისა, რომელმაც მას შემდეგ საკუთარი სიწმინდე დაკარგა. და მაინც, ერთი რამ ცხადი უნდა იყოს: თუ ამ მიწას ოდესმე გააჩნდა რაიმე, რაც გულს ჰგავდა, ის სწორედ იქ მდებარეობდა, სადაც რაინი მიედინება. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკამდე მისასვლელი გზა გერმანიის ისტორიაში ხანგრძლივი აღმოჩნდა. ბავშვობაში სკოლაში მეც მომისმენია ის აღმაფრთოვანებელი დებულება, რომ ომი ყველაფრის მამაა; ამავდროულად, სკოლასა და ეკლესიაში მესმოდა, რომ მშვიდობისმოყვარენი და თავმდაბალნი – ისინი, ვინც ძალადობას გაურბიან – აღთქმულ მიწას დაიმკვიდრებდნენ. ალბათ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერასდროს ვერ იშორებ თავიდან იმ დამღუპველ წინააღმდეგობას, რომელიც ზოგს ცასა და მიწას ჰპირდება, სხვებს კი – მხოლოდ ცას; და ეს ყველაფერი იმ გარემოში, სადაც ეკლესიასაც კი სწყუროდა ბატონობა, მოიპოვა კიდეც ის და დღემდე ინარჩუნებს.

აქამდე მოსასვლელი გზა ხანგრძლივი აღმოჩნდა: ომიდან მილიონობით სხვა ადამიანის მსგავსად ვბრუნდებოდი; ჯიბეებში ხელების გარდა თითქმის არაფერი არ გამაჩნდა და სხვებისგან მხოლოდ წერის და ისევ წერის დაუოკებელი სურვილით გამოვირჩეოდი. სწორედ წერამ მომიყვანა აქ. ნება მომეცით, არარეალურად მივიჩნიო ის ფაქტი, რომ აქ ვდგავარ, როცა ვიხსენებ იმ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ხანგრძლივი გადასახლებისა და მუდმივი ხეტიალის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა – სამშობლოში, საიდანაც მანამდე განდევნეს; კაცს, რომელმაც თავი დააღწია არა მხოლოდ სიკვდილს, არამედ სიკვდილის სურვილსაც; რომელიც გათავისუფლდა და გადარჩა; რომლისთვისაც მშვიდობა – მე 1917 წელს დავიბადე – მხოლოდ სიტყვა იყო და არა მოგონება ან განცდილი რეალობა; და რომლისთვისაც „რესპუბლიკა“ უცხო ტერმინი კი არა, ნამსხვრევებად ქცეული მოგონება გახლდათ. აქ უამრავ ადამიანს უნდა ვუმადლოდე: უცხოელ ავტორებს, რომლებიც გამათავისუფლებლებად იქცნენ და ტყვეობისგან იხსნეს ის, რაც უცხო და უცნაური იყო – მდგომარეობა, რომელიც საკუთარი მატერიალურობის გამო, თავისივე თავისკენ, საკუთარი თავისებურებისკენ იყო შემობრუნებული. დანარჩენი კი ენის მიერ განხორციელებული დაპყრობა იყო სწორედ ამ მატერიალურისკენ – იმ ერთი მუჭა მიწისკენ – შემობრუნების პროცესში, რომელიც თითქოს კარის ზღურბლთანვე იყო მიმოფანტული, მაგრამ რომლის წვდომა და გააზრება ასე რთული აღმოჩნდა. ასევე მინდა მადლიერება გამოვხატო იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელიც გერმანელი მეგობრებისა და კრიტიკოსებისგან მივიღე, და მადლობა გადავუხადო მათაც, ვინც ჩემს შეკავებას ცდილობდა; რადგან, თუმცა ზოგიერთი რამ შეიძლება ომის გარეშეც მოხდეს, როგორც ჩანს, არაფერი არ ხდება წინააღმდეგობის გარეშე.

 ეს ოცდაშვიდი წელი ხანგრძლივი გზა იყო – არა მხოლოდ ავტორისთვის, არამედ მოქალაქისთვისაც – გზა, რომელიც დამამცირებელი ჟესტებითა და გამკიცხავი თითებით სავსე ხშირ ტყეში გადიოდა. ეს თითები „ავთენტურობის“ იმ ჩახლართული სამყაროდან გამოჩნდა, სადაც წაგებული ომები რეალურად მოგებულად ითვლება. მათგან არაერთი სასროლად იყო გამზადებული – თანაც ისე, რომ სასხლეტი მექანიზმი უშუალოდ თავად თითებში იყო მოთავსებული.

 მღელვარებით ვიხსენებ ჩემს გერმანელ წინამორბედებს – ადამიანებს, რომლებიც „ავთენტურობის“ იმ დაწყევლილ განზომილებაში აღარ უნდა მიეჩნიათ გერმანელებად. ნელი ზაქსი, რომელიც სელმა ლაგერლეფმა იხსნა და რომელმაც სიკვდილს სასწაულებრივად დააღწია თავი; თომას მანი, რომელიც განდევნეს და მოქალაქეობა ჩამოართვეს; ჰერმან ჰესე, რომელმაც „ავთენტურობის“ ამ სივრცეს ზურგი აქცია და უკვე დიდი ხნის განმავლობაში აღარ იყო გერმანიის მოქალაქე მას შემდეგ, რაც მას აქ პატივს სცემდნენ. სამოცი წლის წინ – ჩემს დაბადებამდე ხუთი წლით ადრე – სწორედ აქ იდგა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გერმანელი ლაურეატი გერჰარტ ჰაუპტმანი – უკანასკნელი მათ შორის, ვინც გერმანიაში გარდაიცვალა. მან სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა გერმანიის იმ ვერსიაში, რომელსაც, გარკვეული გაუგებრობების მიუხედავად, სინამდვილეში არ ეკუთვნოდა. მე არც „ავთენტური“ გერმანელი ვარ და არც მისი საპირისპირო; მე გერმანელი ვარ და ჩემი ერთადერთი ნამდვილი საბუთი – ისეთი, რომლის გაცემა ან განახლება არავის არ სჭირდება – ენაა, რომელზეც ვწერ. როგორც გერმანელი, სიხარულით ვიღებ ამ დიდ პატივს. მადლობას ვუხდი შვედეთის აკადემიასა და შვედეთს ამ პატივისთვის, რომელიც, უდავოდ, არა მხოლოდ მე მეკუთვნის, არამედ იმ ენასაც, რომლითაც საკუთარ აზრებს გამოვხატავ, და იმ ქვეყანასაც, რომლის მოქალაქეც ვარ.

 

10 დეკემბერი 1972 წელი

 

ნახვების რაოდენობა: 2386