iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

ახირებული კაცის ფიასკო
2 იან, 2023

ახირებული კაცის ფიასკო

სასიამოვნო ფაქტია, რომ ჟურნალი „ჩვენი მწერლობა“ სერიოზულ ასპარეზს უთმობს ახალგაზრდა, საინტერესო ავტორებს, რომელთაც არამარტო უჭრით კალამი, არამედ ცდილობენ თავიანთი წარმოსახვის სამყაროში შეუძღვნენ მკითხველს და ცხოვრების მიმზიდველი შუქ-ჩრდილების თავისებური ხედვა შემოგვთავაზონ.

ჟურნალის მარტის ნომერში დასტამბული („ჩვენი მწერლობა“, 2011, N5) „ველბის ცხოვრება“ ორიგინალური სიუჟეტით, ხოლო პიესის ავტორი, ჩანს, ხასიათების შეცნობისა და სათანადო ატმოსფეროს შექმნის ბუნებრივი უნარით არის დაჯილდოებული. ეს არის დიმიტრი უჩანეიშვილის თამამი ჩანაფიქრი, რომელსაც შეიძლება წარმატებული ვუწოდოთ, რადგან პიესის გმირი უეჭველი თანაგრძნობისა და სიბრალულის ემოციას აღძრავს, ამასთან, შემოქმედი ადამიანის პრობლემაზე დააფიქრებს და განზოგადებისთვის გარკვეულ სივრცესაც უტოვებს მკითხველს.

დრამატული ბედის მქონე გმირის ველბის ცხოვრება პიესის სამ მოქმედებაშია აკუმულირებული, დაბადებამდე (ის დაბადებამდეც ცხოვრობდა მშობლების სხეულსა და დიალოგებში), დაბადების შემდგომ და სხეულებრივი გაქრობის მოლოდინში. გმირის ამბავი სხვადასხვა ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური წიაღსვლებით არის გამდიდრებული. ველბის მშობლების ხასიათები ჩვეულებრივი ცხოვრებისეული პრობლემებისადმი პრაგმატულად განწყობილი ცოლ-ქმრის დიალოგებში იკვეთება. აშკარაა, რომ დაბადების ტრიავიალურ აქტთან სულაც არა გვაქვს საქმე და რომ ეს წყვილი ამქვეყნად ჩვეულებრივი ბავშვის მოვლინებით როდია მოტივირებული. ფილოსოფიური განსჯით ცხოვრებაზე, ადამიანურ ურთიერთობებსა და რელიგიაზე, მოძღვრის როლზე პიროვნების ჩამოყალიბებაში მკითხველი ერთხელ კიდევ ეზიარება იმ უბრალო ჭეშმარიტებას, რომ ამქვეყნად ყველაფერი ურთიერთგავლენით საზრდოობს და რომ ამგვარ დიალექტიკას ეფუძნება როგორც განვითარება, ისე სამყაროს ჰარმონია. ავტორი გავლენის სხვადასხვა ფორმებს აყალიბებს და ასკვნის, რომ „ადამიანის საქმიანობა, მისი მოძრაობა, გადაადგილება, დედამიწის რომელ წერტილშიც უნდა ხდებოდეს ეს, გავლენას ახდენს სხვებზე. და არამარტო ეს. მეტიც, ადამიანი ჩასუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის ოდენობითაც კი გავლენას ახდენს სხვაზე. ჩვენ საყოველთაო ურთიერთგავლენას ვექვემდებარებით“.

საინტერესოა, რომ სწორედ ამ დროს ქრება შუქი და იწყება მეორე მოქმედება, სადაც უკვე დაბადებული და ზრდადასრულებული ველბი, დამუხტული ორგინალური შეხედულებებით ცხოვრებაზე, „საკუთარი თავის კონსტრუირებას“ იწყებს. ავტორი გვთავაზობს სიგიჟის ზღვარზე მისული ნიჭიერი კაცის მოსაზრებათა კასკადს, რომლითაც მკითხველი შემოქმედებითი პროცესის სირთულეებს უნდა ჩასწვდეს და ველბის სხეულებრივი კვდომის, სამაგიეროდ, შემოქმედებითი გამარჯვების პროცესის მოწმე გახდეს. თუმცა სიკვდილის ზღვარზე მისული პოეტი გამარჯვების დაფნის გვირგვინს ვეღარ ირგებს, რადგან ისე დაუძლურებულა, ამქვეყნიურ ნეტარებას მისთვის აზრი დაუკარგავს. ადამიანი მიდის იმქვეყნად, მაგრამ რჩება პოეზია. ველბის ფანებს კი როდი აინტერესებთ, რა ტანჯვის ფასად იშვა ლექსის თითოთეული სტრიქონი. ველბის მოუვიდა მიუტევებელი შეცდომა, დაარღვია სამყაროს უპირველესი კანონი, სხეულებრივსა და სულიერს შორის არსებული ბალანსი. ამიტომაც განიცადა ფიასკო, როგორც პიროვნებამ, რაც საკუთარი შემოქმედებისადმი სრულ გულგრილობაში გამოიხატა.

შეუძლებელია, ვრცელი ფსიქოლოგიური დრამის თუნდაც სქემატურად წარმოსახვა. ვინც „ველბის ცხოვრება“ წაიკითხა, ალბათ დამეთანხმება, რომ ქართულ მწერლობას ავსებს და საინტერესო ელფერს სძენს კიდევ ერთი ცხოვრებაზე დაფიქრებული კაცი, რომელიც მსოფლიო მწერლობის საუკეთესო ტრადიციებს ქართული ფესვებით შეიგრძნობს, ერთგულად მისდევს მას და გაურბის ზედაპირული, მოდური ექსპერიმენტებით თრობასა და თავდავიწყებას.

ვიმედოვნებ, კვლავაც არაერთხელ შევაღებთ დიმიტრი უჩანეიშვილის მწერლური ლაბორატორიის კარს, სადაც იგი ალქიმიკოსის სიჯიუტით ცდილობს გახსნას მარადიული საიდუმლო და თანამედროვე ქართული ლიტერატურა საინტერესო იდეებითა და მხატვრული სახეებით, სამყაროზე ახლებური ხედვით გაამდიდროს.


ქეთევან ტომარაძე,

2011

ნახვების რაოდენობა: 574