iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

ანრი ბერგსონის სიტყვა ნობელის ბანკეტზე
13 ოქტ, 2026

ანრი ბერგსონის სიტყვა ნობელის ბანკეტზე

ვინაიდან ლაურეატი 1928 წლის 10 დეკემბერს ნობელის ბანკეტს სტოკჰოლმის „გრანდ ოტელში“ ვერ დაესწრო, მისი წერილი საფრანგეთის მინისტრმა, ბატონმა არმან ბერნარმა წაიკითხა.

ვისურვებდი, ჩემი გრძნობები პირადად გამომეხატა. ნება მომეცით, ეს საფრანგეთის მინისტრის, ბატონ არმან ბერნარის მეშვეობით გავაკეთო, რომელმაც კეთილი ნება გამოიჩინა და ჩემი გზავნილის გადაცემა იკისრა. მთელი გულით ვუცხადებ მადლიერებას შვედეთის აკადემიას. მან ისეთი პატივი მარგუნა, რომლისკენ სწრაფვასაც ვერასდროს ვერ გავბედავდი. ამ ჯილდოს ფასს კიდევ უფრო ღრმად ვაცნობიერებ და უფრო მეტად ვარ აღელვებული, როდესაც ვფიქრობ, რომ ფრანგი მწერლისთვის მინიჭებული ეს აღიარება შეიძლება საფრანგეთისადმი გამოხატულ სიმპათიად ჩაითვალოს.

ნობელის პრემიის პრესტიჟი მრავალი მიზეზითაა განპირობებული, თუმცა, განსაკუთრებით, მისი ორმაგი — იდეალისტური და საერთაშორისო – ბუნებით. იდეალისტურია, რადგან ის მაღალი შთაგონების მქონე ნამუშევრებისთვისაა განკუთვნილი; საერთაშორისოა, რადგან მას ანიჭებენ სხვადასხვა ქვეყნის შემოქმედების ზედმიწევნით შესწავლისა და მთელი მსოფლიოს ინტელექტუალური მონაპოვრის შეჯამების შემდეგ. ყოველგვარი სხვა მოსაზრებისგან თავისუფალი და მხოლოდ ინტელექტუალურ ღირებულებებზე ორიენტირებული ჟიურის წევრები შეგნებულად დგებიან იმ სივრცეში, რომელსაც ფილოსოფოსები „გონების თანამეგობრობას“ უწოდებენ. ამით ისინი პატივს სცემენ პრემიის დამფუძნებლის არაორაზროვან ჩანაფიქრს. ალფრედ ბერნჰარდ ნობელმა ანდერძში განაცხადა, რომ სურდა, ემსახურა იდეალიზმისა და ერებს შორის ძმობის იდეებისთვის. ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროში დაწესებულ მაღალ ჯილდოებთან ერთად მშვიდობის დარგში პრემიის დაწესებით მან ზუსტად განსაზღვრა თავისი მიზანი.

ეს დიდებული იდეა იყო. მისი ავტორი გამომგონებლური ნიჭით დაჯილდოებული გენიოსი გახლდათ, თუმცა, როგორც ჩანს, არ იზიარებდა იმ ილუზიას, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული მის ეპოქაში. მართალია, მეცხრამეტე საუკუნემ უდიდეს პროგრესს მიაღწია მექანიკური გამოგონებების სფეროში, მაგრამ ხშირად მიიჩნეოდა, რომ ეს გამოგონებები – თავიანთი მატერიალური შედეგების აკუმულირების გზით – ავტომატურად აამაღლებდა კაცობრიობის მორალურ დონეს. დაგროვილმა გამოცდილებამ, პირიქით, დაამტკიცა, რომ საზოგადოების ტექნოლოგიური განვითარება ავტომატურად არ განაპირობებს მასში მცხოვრებ ადამიანთა მორალურ სრულყოფას და რომ კაცობრიობის ხელთ არსებული მატერიალური რესურსების ზრდამ შესაძლოა საფრთხეებიც კი შექმნას, თუ მას თან შესაბამისი სულიერი ძალისხმევა არ ახლავს. ჩვენ მიერ შექმნილი მანქანები – ხელოვნური ორგანოები, რომლებიც ჩვენს ბუნებრივ ორგანოებს ემატება – აფართოებს მათ შესაძლებლობებს და, ამგვარად, ზრდის კაცობრიობის სხეულს. თუ გვსურს, ეს სხეული მთლიანად შევინარჩუნოთ და მისი მოძრაობა მოვაწესრიგოთ, სულიც შესაბამისად უნდა გაფართოვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება მის წონასწორობას და წარმოიქმნება სერიოზული სოციალური და პოლიტიკური სირთულეები. ეს სირთულეები სხვა დონეზე ასახავს არაპროპორციულობას კაცობრიობის სულსა (რომელიც თითქმის არ შეცვლილა თავისი პირვანდელი მდგომარეობიდან) და მის საგრძნობლად გაზრდილ სხეულს შორის. ავიღოთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი – შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ორთქლისა და ელექტროენერგიის გამოყენება მანძილის შემცირების გზით თავისთავად გამოიწვევდა ხალხთა შორის მორალურ დაახლოებას. დღეს ვიცით, რომ ეს ასე არ მოხდა და რომ დაპირისპირებები არა თუ არ გაქრა, არამედ გამწვავების საფრთხის წინაშე დგას, თუკი არ განხორციელდება სულიერი პროგრესი და ძმობისკენ სწრაფვაში მეტ ძალისხმევას არ გამოიჩენენ. სულთა ასეთი დაახლოებისკენ სწრაფვა ბუნებრივია ისეთი ფონდისთვის, რომელსაც საერთაშორისო ხასიათი და იდეალისტური ხედვა აქვს. ეს ხედვა გულისხმობს მთელი ცივილიზებული სამყაროს აღქმას წმინდა ინტელექტუალური თვალსაზრისით, როგორც გონებათა ერთიანი და განუყოფელი რესპუბლიკისა. სწორედ ასეთია ნობელის ფონდი.

არ არის გასაკვირი, რომ ეს იდეა ჩაისახა და განხორციელდა ისეთი მაღალი ინტელექტუალური დონის ქვეყანაში, როგორიც შვედეთია; ხალხში, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობდა მორალურ საკითხებს და აღიარებდა, რომ ყველა სხვა საკითხი სწორედ აქედან გამომდინარეობს; ხალხში, რომელმაც – მხოლოდ ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ – პირველმა გააცნობიერა, რომ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პრობლემა განათლების პრობლემაა.

ამგვარად, ნობელის ფონდის მასშტაბები თითქოს ფართოვდება მისი მნიშვნელობის უფრო ღრმა გააზრებასთან და მისგან მიღებული პატივის სულ უფრო მეტად დაფასებასთან ერთად. ამას ჩემზე უკეთ ვერავინ ვერ აცნობიერებს. მსურდა ეს მეთქვა ამ გამორჩეული აუდიტორიის წინაშე და სიტყვას ისევე ვასრულებ, როგორც დავიწყე – ღრმა მადლიერების გამოხატვით.

________________________________________

გამოსვლამდე პროფესორმა გიოსტა ფორსელმა გააკეთა შემდეგი მოკლე კომენტარი: „ანრი ბერგსონმა შემოგვთავაზა ფილოსოფიური სისტემა, რომელიც საფუძვლად და საყრდენად გამოდგებოდა ნობელის იდეისთვის – იდეისა, რომლის მიხედვითაც, პრემიები უნდა გაცემულიყო არა ადამიანთა კონკრეტული საქმეებისთვის, არამედ ახალი იდეებისთვის, რომლებიც გამორჩეული პიროვნებების მეშვეობით ვლინდება“. ბერგსონის ამაღლებული ნაშრომები მიზნად ისახავს, ​​ადამიანის ცნობიერებას დაუბრუნოს ინტუიციის ღვთაებრივი ნიჭი, ხოლო გონებას თავისი კუთვნილი ადგილი მიუჩინოს, კერძოდ, იდეების სამსახურსა და მათ გაკონტროლებაში.

ნახვების რაოდენობა: 62