iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

დისკრედიტებული პრემია
14 მაი, 2018

დისკრედიტებული პრემია

2018 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში არ გაიცემა!

შვედეთის აკადემიამ, მწერლებისა და მკვლევარების 232-წლიანმა ინსტიტუტმა, რომელიც პრიზებს 1901 წლიდან გასცემს, განაცხადა, რომ საგანგებო ნაბიჯს დგამს და გადადებს პრემიის მინიჭებას მომავალ წლამდე, ნაბიჯს, რომელიც არ გადადგმულა 1949 წლის შემდეგ, როდესაც პრემია უილიამ ფოლკნერს მიენიჭა.

 

"პრეს-რელიზი, 4 მაისი, 2018:

 

ნობელის ფონდი მხარს უჭერს შვედეთის აკადემიის გადაწყვეტილებას 2018 წლის ნობელის პრემიის გადადების შესახებ ლიტერატურის დარგში

 

შვედეთის აკადემიამ გადაწყვიტა გადაედო 2018 წლის ნობელის პრემიის მინიჭება ლიტერატურის დარგში და მიენიჭებინა იგი 2019 წელს. ფონდების შესახებ შვედეთის კანონის შესაბამისად საბოლოოდ ნობელის ფონდია პასუხისმგებელი ალფრედ ნობელის ანდერძით გათვალისწინებული განზრახვების შესრულებისთვის. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობისას ჩვენ უწყვეტი დიალოგის რეჟიმში ვიყავით შვედეთის აკადემიასთან და ჩვენ მივესალმებით მის მიერ ხუთშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზოგადად ნობელის პრემიის მინიჭება ყოველ წელს ხდება, მაგრამ გადაწყვეტილებები არაერთხელ გადადებულა პრემიის ისტორიის განმავლობაში. ერთ-ერთ გარემოებად, რომელმაც შესაძლოა გამონაკლისი გაამართლოს, შეგვიძლია ის დაავსახელოთ, როდესაც ვითარება ჯილდოს მიმნიჭებელ ინსტიტუტში იმდენად სერიოზულია, რომ გადაწყვეტილება ჯილდოს მინიჭების შესახებ ნდობას იქნება მოკლებული.

შვედეთის აკადემიაში შექმნილი კრიზისი უარყოფითად აისახა ნობელის პრემიაზე. მისი გადაწყვეტილება ხაზს უსვამს მდგომარეობის სერიოზულობას და დაგვეხმარება ნობელის პრემიის ხანგრძლივი რეპუტაციის შენარჩუნებაში. ეს ყოველივე არ იმოქმედებს სხვა დარგებში 2018 წლის ნობელის პრემიის მინიჭებაზე.

ნობელის ფონდი იმედოვნებს, რომ შვედეთის აკადემია ყველა შესაძლო ძალისხმევას მიმართავს საკუთარი ავტორიტეტის აღსადგენად, როგორც პრემიის მიმნიჭებელი ინსტიტუტისა და გვაცნობს კონკრეტულ ქმედებებს ვითარების გამოსასწორებლად. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ აკადემიის წევრები აცნობიერებენ, რომ როგორც მასშტაბური რეფორმები, ისე მომავალი ორგანიზაციული სტრუქტურა მეტი გამჭვირვალობით უნდა ხასიათდებოდეს.

 

კარლ-ჰენრიკ ჰელდინი, ნობელის ფონდის გამგეობის თავმჯდომარე"

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო: 4 მაისს შვედეთის აკადემიამ განაცხადა, რომ წელს არ დაასახელებდა ლაურეატს, რაც წარმოადგენს მათ რიგებში მომხდარი სკანდალის შედეგს, სკანდალისა, რაც "სექსუალური ძალადობის" ბრალდებას უკავშირდება.

რეზიუმე: ნოემბერში შვედურმა გაზეთმა "Dagens Nyheter" გამოაქვეყნა სტატია, რომლითაც მკითხველებს ამცნობდა, რომ სულ ცოტა თვრამეტი ქალი ამხილებდა შვედეთის აკადემიასთან დაკავშირებულ მამაკაცს სექსუალურ მეძიებლობასა და თავდასხმებში, რაც სავარაუდოდ ოცი წლის წინ დაიწყო. ეს ადამიანი, როგორც შემდგომში გაირკვა, არის ჟან-კლოდ არნო, 71 წლის ფრანგი ფოტოგრაფი, რომლის მეუღლე, პოეტი კატარინა ფროსტენსონი, აკადემიის წევრია; ისინი ერთობლივად ფლობენ და მართავენ სტოკჰოლმის ერთ-ერთ პრესტიჟულ კულტურულ კლუბს "Forum", რომელმაც დაფინანსება აკადემიისგან მიიღო. მტკიცებულებათა შუქზე სარა დანიუსმა, აკადემიის მუდმივმა მდივანმა, სასწრაფოდ გაწყვიტა კავშირი Forum"-თან და დაიქირავა იურიდიული კომპანია აკადემიასა და კლუბს შორის ურთიერთობების გამოსაკვლევად. აღმოჩენილ იქნა "საფინანსო დარღვევები". ფირმამ ასევე დაადგინა, რომ უმკაცრესი საიდუმლოების წესებიც დარღვეული იყო. როგორც ჩანს, ინფორმაცია ხშირად ჟონავდა არნოს გავლითა და ფროსტენსონის მეშვეობით. არცთუ უმნიშვნელო ფაქტია, თუ იმ შლეგურ რბოლას გავითვალისწინებთ ტოტალიზატორებში, რაც გამარჯვებულის გამოცხადებას უძღვის წინ ყოველწლიურად (არნო ყველა ბრალდებას უარყოფდა. ფროსტენსონმა საჯარო კომენტარისგან თავი შეიკავა).

აკადემია ჩამოიშალა. სამი წევრი მას შემდეგ გადადგა, რაც უწყებამ უარი განაცხადა ფროსტენსონის გარიცხვაზე. ასევე მოიმოქმედა დანიუსმა, ვინც 2015 წელსაა არჩეული და პირველი ქალია ამ თანამდებობაზე. მრავალმა ჩათვალა, რომ ქალი არ უნდა ყოფილიყო მამაკაცის აღმაშფოთებელი ბოროტების მსხვერპლი. აკადემიის შტაბ-ბინის მიმდებარე მოედანზე ადამიანთა მასები შეიკრიბნენ სარა დანიუსის მხარდასაჭერად, რომელთა უმრავლესობა ქალები იყვნენ. სხვა წევრებიც გადადგნენ, ფროსტენსონის ჩათვლით. მეორეს მხრივ, აკადემიის წევრებს, რომლებიც სიცოცხლის ვადით ინიშნებიან, ტექნიკურად არ შეუძლიათ გადადგომა. ცარიელი ადგილები ვაკანტურია მათ მფლობელთა სიკვდილამდე, თუმცა მეფე კარლ XVI გუსტავმა, ვინც აკადემიის პატრონს წარმოადგენს, განაცხადა, რომ შეცვლის ამ წესს.

მანამდე კი დღის წესრიგში ნდობის აღდგენის საკითხი დგას, რაც განვითარებული მოვლენების ფონზე და წარსულის სკანდალების გათვალისწინებით, იოლი საქმე ნამდვილად არ იქნება. ასე თუ ისე, წელს გამარჯვებული არ გამოვლინდება.

ნახვების რაოდენობა: 1531