ლუდვიგ ბინსვანგერი 1881 წლის 13 აპრილს დაიბადა კროიცლინგენში (შვეიცარია), ოჯახში მდიდარი სამედიცინო, კერძოდ, ფსიქიატრიული ტრადიციით. ის სწავლობდა იუნგის ხელმძღვანელობით, როგორც მისი ასისტენტი, შემდეგ კი ბლოილერის ხელმძღვანელობით, იზიარებდა რა ორივე მასწავლებლის ინტერესს შიზოფრენიისადმი. 1907 წელს იუნგმა ბინსვანგერი ფროიდს გააცნო. ბინსვანგერის მეგობრობა და თანამშრომლობა ფროიდთან ამ უკანასკნელის სიკვდილამდე გაგრძელდა, მიუხედავად მრავალი განსხვავებისა თერაპიული პრაქტიკის მეთოდისა და მიზნების ინტერპრეტაციაში. მათი მიმოწერა მოიცავს 60-ზე მეტ წერილს.
ბინსვანგერმა თავისი პირველი მთავარი ნაშრომი, „შესავალი ზოგადი ფსიქოლოგიის პრობლემებში“, მიუძღვნა ოიგენ ბლოილერსა და ზიგმუნდ ფროიდს. იმავე 1907 წ. ბინსვანგერმა მიიღო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ციურიხის უნივერსიტეტიდან. ამ დროს იგი აქტიურად სწავლობდა დილთეის და ჰუსერლის შრომებს, სულ უფრო მეტად ენთებოდა რა გაგებისა და ფენომენოლოგიური ფსიქოლოგიის იდეით.
1911 წელს ბინსვანგერი გახდა კროიცლინგენის სანატორიუმის მთავარი სამედიცინო დირექტორი, რომლის დირექტორები წარსულში მისი მამა და ბაბუა იყვნენ. გასული საუკუნის 20-30-იან წლებში ეს სანატორიუმი გარკვეულწილად იყო ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის ფენომენოლოგიურად მოაზროვნე წრეების (ვ. გებზატელი, რ. კუნი, ე. მინკოვსკი, ე. შტრაუსი) შეხვედრის ადგილი. ბინსვანგერის ამ პერიოდის ნაშრომებში შესამჩნევია კანტისა და ნეოკანტიანური სკოლის, კერძოდ ნატორპის, ასევე, კარლ იასპერსის, ფენომენოლოგიური ფსიქოპათოლოგიის გავლენა. ბინსვანგერისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო გაცნობა მარტინ ჰაიდეგერის 1927 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომთან „ყოფიერება და დრო“, რომელმაც შემდგომში განაპირობა მისი Dasein ანალიზის მეთოდის სახელწოდება (მეთოდის შემდგომი სახელწოდებებია: „ფსიქიატრიული Dasein ანალიზი“, „ეგზისტენციალური აპრიორული სტრუქტურების ანალიზი“, „ანთროპოლოგიური ანალიზი“, უბრალოდ „ეგზისტენციალური ანალიზი“).
1956 წელს ბინსვანგერი მას შემდეგ, რაც 45 წელი იმყოფებოდა ამ პოზიციაზე, გადადგა კროიცლინგენის სანატორიუმის მთავარი სამედიცინო დირექტორის თანამდებობიდან. ის აქტიურ მუშაობას გარდაცვალებამდე (1966) განაგრძობდა.
ნაშრომში "ეგზისტენციალური ანალიზი" ასახულია ლუდვიგ ბინსვანგერის მიერ შემოთავაზებული პიროვნების ანალიზის მეთოდი, რომელიც ავლენს მას მთლიანობასა და მისი არსებობის უნიკალურობაში.
იასპერსის, ჰუსერლის, ჰაიდეგერის, სარტრის, ბუბერის, კანტის და სხვა ფილოსოფოსების იდეების შერწყმით ბინსვანგერმა შექმნა ეგზისტენციალური ანალიზის უნიკალური თეორია, მეცნიერული ინსტრუმენტი, რომლითაც შეიძლება მივუახლოვდეთ „მიუწვდომელი ფსიქიკური ცხოვრების“ მეცნიერულ გაგებას.
როგორც ჰაიდეგერისა და ჰუსერლის იდეების გამტარებელი ფსიქიატრიის სივრცეში, ბინსვანგერი ინდივიდუალური ყოფიერების ანალიზს აგებს ჰაიდეგერის მიერ შემუშავებული აბსტრაქტული ყოფიერების ონტოლოგიაზე და ამოცანას იმაში ხედავს, რომ ფენომენების ზედაპირის გავლით პიროვნების შინაგან სამყაროში შეაღწიოს, რათა ფენომენოლოგიური მეთოდის დახმარებით აღწეროს დაავადებული ადამიანის სამყარო, სამყარო, რომელიც ჩვენი სამყაროსგან უკიდურესად განსხვავდება. არა ინტერპრეტირება და რაციონალური ინტერპრეტაციის მცდელობა, არამედ „განცდის მთლიანობასა და ერთიანობაში მოხელთება ირაციონალური სამყაროსი, რომელიც შიზოფრენიით დაავადებულის, ნევროტიკოსის და ბავშვის ცნობიერებაში იბადება“.
ეგზისტენციალური ანალიზი, ბინსვანგერის აზრით, დაიბადა ფსიქიატრიის, ფსიქოპათოლოგიისა და ფსიქოთერაპიის პრობლემების ახალი მეცნიერული გაგების მისაღწევად.