ვინაიდან 1954 წლის 10 დეკემბერს ლაურეატი ვერ დაესწრო ნობელის ბანკეტს სტოკჰოლმის მერიაში, სიტყვა წაიკითხა აშშ-ის ელჩმა შვედეთში, ჯონ მ. კაბოტმა
„არც ორატორული ნიჭი მაქვს და არც რიტორიკის ხელოვნებაში ვარ გაწაფული, ამიტომ ამ ჯილდოს გამო მხოლოდ მადლობის გადახდა შემიძლია ალფრედ ნობელის გულუხვობის განმკარგველთათვის.
ვერცერთი მწერალი, ვინც იმ დიდებულ ავტორებს იცნობს, რომლებსაც ეს ჯილდო არ მიუღიათ, მას თავმდაბლობის გარეშე ვერ მიიღებდა. საჭირო არ არის ამ მწერლების ჩამოთვლა. თითოეულ დამსწრეს საკუთარი ცოდნისა და სინდისის მიხედვით შეუძლია, შეადგინოს ასეთი სია.
შეუძლებელი იქნებოდა, ჩემი ქვეყნის ელჩისთვის მეთხოვა ისეთი სიტყვის წაკითხვა, რომელშიც მწერალი გულში არსებულ სათქმელს სრულად გადმოსცემდა. ადამიანის ნაწერში ყველაფერი მაშინვე არ ჩანს – და ამ მხრივ მას ზოგჯერ უმართლებს კიდეც – თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერი ნათელი ხდება. სწორედ ამით და იმ „ალქიმიური“ ნიჭით, რომელსაც იგი ფლობს, განისაზღვრება, დარჩება იგი ისტორიაში თუ დავიწყებას მიეცემა.
მწერლობა, თავისი არსით, მარტოხელა ცხოვრებაა. მწერალთა გაერთიანებები ამსუბუქებს მარტოობის განცდას, მაგრამ მეეჭვება, ისინი თავად წერის პროცესს აუმჯობესებდნენ. საზოგადოებრივი აღიარების ზრდასთან ერთად მწერალი მარტოობას თავს ანებებს, რაც ხშირად მისი შემოქმედების ხარისხის დაქვეითებას იწვევს. საქმეს ხომ იგი მარტო აკეთებს და, თუ მართლაც კარგი მწერალია, ყოველდღიურად უწევს თვალი გაუსწოროს მარადისობას ან მის არარსებობას.
ჭეშმარიტი მწერლისთვის თითოეული წიგნი ახალი დასაწყისი უნდა იყოს – მცდელობა იმისა, რომ მიუღწეველს მიაღწიოს. მან მუდმივად უნდა სცადოს ისეთის შექმნა, რაც აქამდე არავის გაუკეთებია, ან რისი გაკეთებაც სხვებმა სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს. და მაშინ, დიდი იღბლის შემთხვევაში, მას წარმატებაც ეწვევა.
რა მარტივი იქნებოდა ლიტერატურის შექმნა, თუკი საკმარისი იქნებოდა იმის სხვანაირად გადმოცემა, რაც უკვე შესანიშნავად არის დაწერილი?! სწორედ წარსულის დიდებული მწერლების არსებობა უბიძგებს თანამედროვე ავტორს, გასცდეს საკუთარი შესაძლებლობების საზღვრებს და გავიდეს იქ, სადაც ვეღარავინ ვერ გაუწევს დახმარებას.
მწერლისთვის მეტისმეტად ბევრი ვილაპარაკე. მწერალმა სათქმელი კი არ უნდა თქვას, არამედ დაწეროს. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“.
სიტყვით გამოსვლამდე შვედეთის აკადემიის წევრმა ჰ.ს. ნიუბერგმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „კიდევ ერთი ღრმა სინანულის მიზეზია ის, რომ ლიტერატურის დარგში წლევანდელი ნობელის პრემიის ლაურეატი, ბატონი ერნესტ ჰემინგუეი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება ჩვენს საზეიმო ცერემონიას. გვსურს გამოვხატოთ აღტაცება იმ გამჭრიახი მზერით, რომლითაც იგი აკვირდებოდა, და იმ სიზუსტით, რომლითაც აანალიზებდა ადამიანურ ყოფიერებას ჩვენს ქარიშხლიან ეპოქაში ისევე, როგორც იმ დასაფასებელი თავშეკავებით, რომლითაც მან აღწერა ამ ეპოქის დაუნდობელი ბრძოლა. ადამიანური პრობლემები, რომლებსაც იგი ეხება, აქტუალურია თითოეული ჩვენგანისთვის, ვინც თანამედროვე ცხოვრების რთულ და წინააღმდეგობრივ პირობებში ვცხოვრობთ. თანაც, ავტორთა მცირე რაოდენობას თუ ჰქონია ისეთი ფართო გავლენა თანამედროვე ლიტერატურაზე სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც მას. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ იგი მალე აღიდგენს ჯანმრთელობასა და ძალებს თავისი ცხოვრებისეული საქმის გასაგრძელებლად“.