iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

ფსიქოანალიზის შესავალი
5 იან, 2023

ფსიქოანალიზის შესავალი

მცირედნი აცნობიერებენ, განსაკუთრებით კი ჩვენს ქვეყანაში, რომ, თუმცა ფროიდისტული თემები იშვიათად იკავებს ადგილს „ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის“ პროგრამებში, ისინი დიდ და მზარდ ყურადღებას იპყრობს და დეტალურად მუშავდება ლიტერატურის, ისტორიის, ბიოგრაფიის, სოციოლოგიის, მორალისა და ესთეტიკის, ანთროპოლოგიის, განათლებისა და რელიგიის შემსწავლელთა მიერ. მათ შესთავაზეს სამყაროს ადრეული საბავშვო ასაკისა და პუბერტატული პერიოდის ახალი კონცეფცია და ახლებურად მოჰფინეს ნათელი ქარაქტეროლოგიას; შემოგვთავაზეს ახალი და უფრო ცხადი შეხედულება ძილის, სიზმრისა და ოცნების შესახებ და გამოავლინეს დღემდე უცნობი ფსიქიკური მექანიზმები, რომლებიც საერთოა ნორმალური და პათოლოგიური მდგომარეობებისა და პროცესებისთვის, რითიც ნაჩვენებია, რომ მიზეზობრიობის კანონი ვრცელდება შეშლილობის ყველაზე შეუსაბამო მოქმედებებსა და თვით ვერბიგერაციებზე; წავიდა საკმაოდ შორს, რათა გამოერკვია ისტერიის terra incognita; გვასწავლა პათოლოგიური სიმპტომების ჩანასახშივე აღმოჩენა, რომლებიც ხშირად ნევროტული და ფსიქოტური ხასიათისაა; გამოავლინა პირველყოფილი გონების მოქმედების მექანიზმი, რომელიც იმდენად დაჩრდილული და დათრგუნვილი იყო, რომ ჩვენ მას თითქმის ვეღარ ვამჩნევდით. შექმნა და გამოიყენა სიმბოლურობის გასაღები, რათა წარსულის მრავალი მისტიკურობა აეხსნა; და, ამ ყოველივეს გარდა, განკურნა ათასობით ადამიანი, ჩამოაყალიბა პროფილაქტიკის ახლებური მეთოდი და შემოგვთავაზა ხასიათის, განწყობისა და უნარების ახალი ტესტები, აერთიანებდა რა ყველაფერში პრაქტიკასა და თეორიას იმ მხსნელი ხარისხით, როგორითაც ეს იშვიათობას წარმოადგენს.

ეს ოცდარვა ლექცია არასპეციალისტისთვის თითქმის ელემენტარული და დიალოგურია. ფროიდი გულწრფელად წარმოაჩენს ფსიქოანალიზის განსაცვიფრებელ სირთულეებსა და შეზღუდვებს და ისე აღწერს მის ძირითად მეთოდებსა და შედეგებს, როგორც მხოლოდ აზროვნების ახალი სკოლის ფუძემდებელსა და ოსტატს ძალუძს. იმავდროულად, ეს ლექციები მარტივი და, ფაქტობრივად, სარწმუნოა, ასახავს და აჯამებს რა ოცდაათწლიანი თავგანწირული და გულმოდგინე კვლევის რეზულტატს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულიად არ არის წინააღმდეგობრივი, უფრო მკაფიო სინათლეზე ჩვენ დროდადრო ვამჩნევთ განსხვავებას ოსტატსა და მის ზოგ გამორჩეულ მოწაფეს შორის. ამის მსგავსი ტექსტი ყველაზე მეტად შეეფერება საგანს და ბუნებრივია, რომ მეტი ან ნაკლები ხარისხით ჩაანაცვლებს ფსიქოანალიზის ყველა სხვა შესავალს. იგი ავტორს ახალ შუქში წარმოაჩენს, როგორც ეფექტურ და წარმატებულ პოპულარიზატორს და უდავოა, რომ მას მიესალმება არამხოლოდ ფსიქოანალიზის შემსწავლელთა დიდი და მზარდი რაოდენობა ამ ქვეყანაში, არამედ კიდევ უფრო დიდი რაოდენობა მათი, რომლებსაც ამ საგნის შესწავლა სურთ აქ თუ ნებისმიერ სხვა ადგილას.

არ არის აუცილებელი, რომ ზიგმუნდ ფროიდის მიუკერძოებელი მოსწავლე მის ყველა დასკვნას დაეთანხმოს, და მართლაც, ამ სტრიქონების ავტორის მსგავსად, შესაძლოა მან ვერ მოახერხოს, აქციოს სექსი წარსულისა და აწმყოს ფსიქიკური ცხოვრების იმდენად საყოველთაოდ გაბატონებულ  ფაქტორად, როგორც ეს ფროიდს მიაჩნია და აღიაროს ის ფაქტი, რომ იგია ყველაზე ორიგინალური და შემოქმედებითი გონება ჩვენი თაობის ფსიქოლოგიაში. მიუხედავად odium sexicum-ის დიდი დაბრკოლებისა, რომელიც დღეს უფრო რთულად არის გადასალახი, ვიდრე odium theologicum, რაც აკადემიურ აღიარებასა და მეტად თუ ნაკლებად სოციალურ ოსტრაკიზმს უკავშირდება, მისმა შეხედულებებმა მიიპყრო და შთააგონა მრავალი ბრწყინვალე გონება არამხოლოდ ფსიქიატრიაში, არამედ მრავალ სხვა სფეროშიც, რომლებმაც ერთბლივად კულტურის სამყაროს მეტად ახალი და იმედის მომცემი აღქმა შესთავაზეს, ვიდრე ის იყო, რომელიც ჰუმანიზმის ფართო სფეროს ნებისმიერი სხვა წყაროდან მომდინარეობდა.

ვუნდტის ყოფილ მოსწავლესა და მიმდევარს, რომელიც სრულად აღიარებს მის ფასდაუდებელ ღვაწლს ჩვენი მეცნიერების წინაშე, არ შეუძლია უარი თქვას ზოგიერთ შედარებაზე. ვუნდტი ათწლეულების განმავლობაში სარგებლობდა უპირატესობის მქონე აკადემიური კათედრის პრესტიჟით. მან დააფუძნა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის პირველი ლაბორატორია, რომელმაც მრავალი ქვეყნიდან მოიზიდა ყველაზე ნიჭიერი და მომზადებული მკვლევრები. აპერცეფციის დოქტრინის განვითარებით მან ფსიქოლოგია სამუდამოდ დააშორა ასოციაციონიზმს, რომელიც აღარ იყო ნაყოფიერი. გარდა ამისა, მან  გამიჯნა ფსიქოლოგია ფიზიოლოგიისგან და თავისი ენციკლოპედიური და ხალხმრავალი ლექციებით, მის მეტ-ნაკლებად ეზოტერიკულ სკოლაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, არსებითად წასწია წინ ფსიქიკური მეცნიერების ყოველი დარგი და მისი გავლენა გაავრცელა ფოლკლორის, ზნე-ჩვეულებების, ენისა და პირველყოფილი რელიგიის მთელ ვრცელ სფეროზე. მისი საუკეთესო ტექსტები კიდევ დიდხანს იქნება ნაწილი საგანძურისა, რომელსაც ყველა ფსიქოლოგი უნდა გაეცნოს.

და, კვლავ, მსგავსად ფროიდისა, ის შთააგონებდა მოსწავლეებს, რომლებიც მასზე წინ წავიდნენ (ვიურცბურგერები და ინტროსპექციონისტები) და რომელთა მეთოდებსა და შედეგებს ის ვერ მიყვებოდა. მისი შეზღუდვები სულ უფრო ცხადი ხდებოდა. ის მცირე სარგებელს ნახულობდა არაცნობიერსა და ანომალიურში და უმეტესწილად ცხოვრობდა და მუშაობდა წინარერევოლუციურ ეპოქაში და სათანადოდ ვერასდროს და ვერსად აფასებდა გენეტიკის თვალსაზრისს. ის არასოდეს სცდება საყოველთაოდ მიღებულ საზღვრებს, როდესაც საქმე სექსთან საქვს, რაც ერთობ იშვიათად ხდება. არც იმაში შეაქვს დიდი წვლილი, რასაც შესაძლოა მუდმივი ღირებულება ჰქონდეს აღგზნებადობის ფართო სფეროში. არ შეგვიძლია, არ გამოვთქვათ იმედი, რომ ფროიდი არ გაიმეორებს ვუნდტის შეცდომას და ხისტად არ გაწყვეტს კავშირს თავის უფრო დაწინაურებულ მოწაფეებთან, როგორებიც ადლერი ან ციურიხის ჯგუფის წევრები არიან. ფროიდი უმალ იმ თემებს აქცევს თავის ქვაკუთხედებად, რომლებსაც ვუნდტი უგულებელყოფს, კერძოდ კი, არაცნობიერს, ანომალიებს, სექსსა და ზოგად აღგზნებადობას მრავალ გენეტიკურ და, განსაკუთრებით, ონტოგენეტიკურ, მაგრამ ასევე ფილოგენეტიკურ ფაქტორთან შეხამებით. ვუნდტის გავლენა დიდი იყო წარსულში, როდესაც ფროიდს დიდებული აწმყო აქვს და კიდევ უფრო დიდებული მომავალი ელის.

ერთ საკითხში ფროიდი ეთახნხმება ინტროსპექციონისტებს, კერძოდ, „ფიზიოლოგიური ფაქტორის“ ნებაყოფლობით უგულებელყოფასა და წმინდად ფსიქოლოგიური საფუძვლების აგებაში, თუმცა კი ფროიდისთვის ფსიქოლოგია ძირითადად არაცნობიერია, როდესაც ინტროსპექციონისტებისთვის ის წმინდად ცნობიერს წარმოადგენს. ვერც მან და ვერც მისმა მოწაფეებმა შეძლეს ჯერჯერობით იმ დახმარების გაცნობიერება, რომელიც მათთვის ავტონომიური სისტემის მკვლევრების მიერ არის შეთავაზებული ისევე, როგორც ვერც თავის ტვინის ეპიკრიტიკულ და პროტოპათიურ ორგანოებსა და ფუნქციებს შორის განსხვავება, თუმცა ისინი უდავოდ დაიკავებს კუთვნილ ადგილს იმისდა მიხედვით, რაც უფრო მეტს გავიგებთ არაცნობიერი გონების ბუნებისა და პროცესების შესახებ.

თუკი ნორმალური ფსიქიკის სფეროში მომუშავე ფსიქოლოგები დღემდე ნაკლებად იხრებოდნენ იმისკენ, რომ ეღიარებინათ ძვირფასი წვლილი, შეტანილი ფსიქოლოგიაში ფსიქიკურ დაავადებებზე ბუნების ულმობელი ექსპერიმენტებით, ჩვენი აზრით, ფსიქოანალიტიკოსები, რომლებიც უპირატესად ამ სფეროში მოღვაწეობენ, ერთგვარად უფრო მეტად იყვნენ მზად, თავიანთი აღმოჩენები ნორმალური გონების ფუნქციონირების მიმართ გამოეყენებინათ. მაგრამ ჩვენ საკმარისად ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და გვწამს, რომ საბოლოოდ ორივე ეს შეცდომა აღმოიფხვრება და მომავლის დიად სინთეზში, რომელიც გარდაუვლად გვეჩვენება, ჩვენი მეცნიერება გაცილებით უფრო გამდიდრდება და მეტ სიღრმეს შეიძენს თეორიული თვალსაზრისით და გაცილებით უფრო პრაქტიკულიც გახდება, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა.

 

გ. სტენლი ჰოლი, კლარკის უნივერსიტეტი

აპრილი, 1920

ნახვების რაოდენობა: 948