iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

გრიგოლ რობაქიძე ჯონ გოლზუორთის შესახებ
12 თებ, 2019

გრიგოლ რობაქიძე ჯონ გოლზუორთის შესახებ

ინგლისელ რომანისტთა შორის ეხლა თითქმის პირველი ადგილი უკავია ჯონ გალსუორტისა. მან გაითქვა სახელი ეპოპეით „ფორსაიტების საგა“. ეს ეპოპეია ხუთი წიგნია. ყველაზე უფრო მაგარი და მხატვრული არის პირველი („კაცი მესაკუთრე“). აქ არის გამოყვანილი ფორსაიტების გვარი, თითქმის როგორც კლანი, როგორც თემი. გვარის ტრადიცია კანონია ოჯახის ყველა წევრისათვის. რა არის ეს ტრადიცია? პირველ ყოვლისა საკუთრება და მასთან ოქრო. აქედან მომდინარებს დანარჩენი: ანგარიში ყველგან (სიყვარულშიაც კი), ტემპერამენტის მოდუნება (ვითომ თავშეკავება), სახის ცივი მეტყველება (მაშინაც კი, როცა გულზე სკდები), ეგოიზმი თემური („ოღონდ ჩვენ არაფერი დაგვეშაოს“), ზრდილობა განზომილი, გარეგანი სიმშვიდე და სიბედნიერე („შორს ჩვენგან სკანდალი“), ერთი სიტყვით, ინგლისური „მეშჩანობა“, ოდნავ შეკაზმული ბრიტის ყეფით და ანგლომანის მანერებით; ეს არის ცენტრი გალსუორტის ხილვის.

რომანის ფაბულა არაა რთული. სემს (ერთ ფორსაიტს) ჰყავს ლამაზი ცოლი ირენ (ღარიბ წრიდან გამოსული). ინჟენერ ბოზინნეი სემს სახლს უშენებს, ბოზინნეიც სხვა წრიდანაა. ბოზინნეი საქმაროა ფორსაიტების ერთი ასულის. მაგრამ ბოზინნეის ირენ შეუყვარდება და ირენს ბოზინნეი. ფორსაიტები  ნელ-ნელა ამჩნევენ მათ სიყვარულს. მაგრამ მათ ეს არ სჯერათ (უფრო ადვილია ასტრონომიული აბრუნდი, ვიდრე ასეთი ქცევა ფორსაიტის ცოლის: ასე ფიქრობენ ფორსაიტები). სიყვარული კი თანდათან იზრდება, რა ჰქნას სემმა? იგი დაბნეულია. ძალა იხმაროს. ეს არ „შეჰფერის“ ფორსაიტს. გაეყაროს? ეს სკანდალია ფორსაიტების. დუელში გამოიწვიოს ბოზინნეი? არც ეს „ეკადრება“ ფორსაიტს („ვიღაც ბოზინნეი"), სახლში ჩაჰკეტოს ირენ? ეს ხომ ჰარამხანის ადათის გადმოღება იქნება.

მხოლოდ ერთხელ მიმართავს სემ უხეშ ფიზიურ ძალას. შურვილით აყვანილს, მას უეცრად გაეღვიძება ცოლისადმი სენსუალური ნდომა და ძალას მიმართავს. ამ დღიდან მათ შორის უფსკრულია.

სემ ეხლა სხვა საშვალებას მიმართავს, ბოზინნეიმ სახლის აშენებისას ხარჯს გადაამეტა (ამდენი უნდა დახარჯულიყო და არა მეტი). სემ უჩივის. სემს მიუსაჯეს 400 გირვანქამდე. სასამართლოში ბოზინნეი არ ცხადდება. იგი ომნიბუსის ქვეშ ნახეს გასრესილი. ფორსაიტები შეშფოთდენ: მათ არ ჰსურთ ეს ამბავი თავისმკვლელობად გამოცხადდეს (ეს ხომ სკანდალია, მათ გვართან დაკიშირებული), მათ უნდათ, ეს ამბავი „უბედურ შემთხვევად“ გაასაღონ (აქ არის მთელი ესსენცია ფორსაიტების პსიხიკის). სემს ჰგონია, ირენ ეხლა მაინც მოვა გონზე (ეს პატარა „გონი“ ფორსაიტების „რაციოა“), მაგრამ ირენ აღარ ბრუნდება: ვინ იცის, სად წავიდა?..

გალსუორტი ამ თემის დამუშავებაში მართლაც ძლიერია. მას აქვს ეპიური სინელე და საღებავის ეკონომია. იგი უმჩნევ იძლევა სახეებს, ეხერხება გვარის პსიხიკის გადაშლა. რომანი სატირაში გადადის. მხოლოდ ერთს რაიმეს მაინც ვერ აღწევს. ინგლისის გარე ეს რომანი მხოლოდ „ცნობაა“ (რომ ასეა ინგლისში)“. ტოლსტოი, მაგალითად, სხვა რამესაც აღწევდა („ანნა კარენინა“ რომ ავიღოთ, იქაც ვნახავთ „ცნობას“, რომ რუსეთში ასეა და სწორედ რუსეთში და სხვაგან არა, მაგრამ ამავე დროს რუსეთის გარე მყოფისათვის აქ, გარდა წმინდა ეროვნულ-სოციალური ყოფის ფენომენისა, წინ იჭრება მარადი პრობლემა ვაჟისა და ქალის, ცოლისა და ქმარის, სიყვარულისა და ღალატის, და სხვა, იჭრება სწორედ ამ ეროვნულ-სოციალურ ყოფაში). მოკლედ: გალსუორტი იძლევა ყოფის ეპოპეიას და მეტს არაფერს. ტოლსტოი იძლევა ეპოპეიას ყოფისას და კიდევ „რაღაცას“, რომელიც ამ შემთხვევაში ყოფაზე მეტია. გალსუორტის დიდათ აფასებენ ევროპაში. ცხადია, მაგარი რომანისტია. მაგრამ „დიდი რომანისტი“ - ეს კი გადამეტებაა (და მერე როგორი?).

გ. რობაქიძე, 1928

ნახვების რაოდენობა: 3203