iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

გრიგოლ რობაქიძე ჰერბერტ უელსის შესახებ
23 აპრ, 2019

გრიგოლ რობაქიძე ჰერბერტ უელსის შესახებ

უელსმა გამოაქვეყნა ახალი რომანი „ჯერჯერობით“. რომანის გმირი არის ფილიპ რაილენდ. იგი მდიდარი კაცია. შემოსავალი აქვს მაღაროებიდან. მას ჰყავს მშვენიერი ცოლი სინტია, რომელთან ერთად ცხოვრობს ვენტიმილში, ამავე დროს „რომანი აქვს“ გვერდით ცელქ გოგონასთან, რომლის სახელია პაპი კლარეჯ. მშვენიერი სინტია გაიგებს საიდუმლოს, იმართება ჩვეული სცენა. მაგრამ სინტია ორსულადაა, დედად ემზადება - და ეს საკმაოა, რომ ცოლქმარი კინკლაობის შემდეგ შერიგდენ. ფილიპ რაილენდ, რომელიც ვითომ ცოდვას ინანიებს, მიდის ლონდონს, რომ რაიმე საქმეს მოჰკიდოს ხელი. ლონდონში იგი მოხვდება სწორედ საერთო გაფიცვის და შემდეგ მემაღაროეთა გაფიცვის დროს. რანტიე რაილენდ იქცევა რევოლიუციონერად.

უელსს უყვარს გამოიყვანოს თავის რომანებში მოაზრე ვინმე, რომელიც ავტორის აზრებს ატარებს. ამ რომანში ასეთი პირი არის სწორედ ეს მისტერ სემპერ რაილენდ. იგი ხედავს „სახელმწიფო კაცებს“ - და თვალი ეხსნება. რაილენდ სწერს წერილებს თავის ცოლს და ახასიათებს სახელმწიფო მოღვაწეებს. უელსს არ ეშინია: ამ მოღვაწეებს იგი მათივე სახელებით ახასიათებს. მაგალითები. „ამ ბუშხიკსმა“ მიანდო პოლიციას - პროვოკაციაზე წამოეგო გაფიცულები. შემდეგ. „უინსტონ“ ჭკუაზე შეიშალა სიხარულით, რომ მართლაც გამოწვეულ იქნა პროვოკაციულ საერთო გაფიცვა. საუბედუროდ, არ იყო ექიმი, რომელსაც დაესვა დიაგნოზი შეშლილობისა, რომ უინსტონ გაეგზავნათ საგიჟეში, „ჩერჩილ“ ეხლა ისევეა ბედნიერი, როგორიც იყო მაშინ, როცა იგი მუხლით მიხოხავდა სიდნეი-სტრიტის სახლის მიმართ და დაეხმარა მსროლელებს გარშემოცულების ხვრეტაში. კიდევ. „მინდა დაუძახო ბოლდვინს: მოიცილეთ ერთხელაც ეს ჩიბუხი. მოგვეცით შესაძლოება შევხედოთ თქვენს პირფერულ სახეს...“

რაილენდ სწერს ცოლს: „კონსერვატიულმა პარტიამ გამოიწვია საერთო გაფიცვა იმ განზრახვით, რომ შემდეგ არჩევნებზე გამარჯვება ერგუნოთ.“ რაილენდ უკმაყოფილოა მუშათა პარტიის მეთაურებით. ისინი ყველა მშიშარაა. „მათ არ აქვთ არც გამბედაობა, რომ გაუძღვენ გაფიცულებს, არც ვაჟკაცობა, რომ მიემხრონ კონსერვატორებს“. მათ ტვინში შავი ბურუსია. ფეხები მათი ცომისაგანაა. კუკ დღეში წარმოსთქვამს ოცს სიტყვას, მაგრამ მშვიდია, როგორც დაძინებული ბალღი. პარტია მუშების გაფიცვის დროს საქმის მაგიერ მეტყველებდა და პირფერობდა.

რაილენდ ამათრახებს „შტრეიკბრეხერებს“. ყველა ესენი სულელებია, გამოთაყვანებულნი, ლენჩები, არამზადების ქვეშქვეშები.

იტალიის რივიერაზე რაილენდ მუსოლინისაც ხვდება. „კომედიანტი“, „დამნგრევი“, „კაცთამჭამელი“ - ასე ახასიათებს იგი ფაშისტების მეთაურს. ფაშისტების პორტრეტი ამგვარად აქვს მოხაზული: „არამზადები, საფაღარათოს ბოთლებით და რკინის ჯოხებით“. უელსის რომანი წმინდა სოციოლოგიურია. ბურჟუაზიულ წრეებში იგი აღშფოთებას იწვევს. უკვე ილაშქრებენ მის წინააღმდეგ.

ნახვების რაოდენობა: 1656