"დიდი ემოციური ძალის რომანებისათვის, რომლებიც გვიჩვენებენ უფსკრულს სამყაროსთან კავშირის ჩვენი მოჩვენებითი განცდის მიღმა" - ასეთია ნობელის კომიტეტის ოფიციალური განცხადება, რომლის საფუძველზეც 2017 ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში კაძუო იშიგუროს მიენიჭა.
იშიგურო ნაგასაკიში დაიბადა, მაგრამ 5 წელი რომ შეუსრულდა, მშობლებთან ერთად ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად. იშიგურო ინგლისურად წერს და ინგლისელ მწერლად მოიაზრება.
დღემდე მისი ყველაზე ცნობილი რომანებია: "ის, რაც დღისგან რჩება" - ინგლისელი ლორდის მსახურის შესახებ მეორე მსოფლიო ომის წინა წლებში, - და "არასოდეს გამიშვა" - მელანქოლიური, დისტოპიური სასიყვარულო ისტორია.
იშიგურო ასევე გახლვათ ბუქერის 1989 წლისა და ვითბრედის 1986 წლის პრემიების ლაურეატი.