iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია
24 ნოე, 2023

ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია

სიზმრების ფსიქოლოგიისადმი მრავალწლიანმა ინტერესმა შემდგომი სტიმული მიიღო ფროიდის წიგნში „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია“, რომლის წინა შრომები ამ სფეროში უკვე ცნობილი იყო. ავითარებს რა იდეას, რომელსაც მისი მრავალი სტატია შეიცავს, განსაკუთრებით კი, მისი ნაშრომი „სიზმრების განმარტება“ (ვენა, 1900), ფროიდი სიზმრების მექანიზმის ანალიზსა და ინტერპრეტაციას იწყებს.

ამ საკითხზე აქ აღარ შევჩერდებით, რადგან ის ფუნდამენტურად არის განხილული ზემოხსენებულ ნაშრომში, მხოლოდ იმას შევნიშნავთ, რომ ანალოგიური მექანიზმი ნორმალურ გონებაშიც არსებობს, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულ პროცესებში ვლინდება, როგორიცაა, მაგალითად, სახელების დავიწყება, მცდართქმა და მცდარწერა და ყურადსაღები მოვლენების დავიწყება, რომლებიც უნდა გვახსოვდეს, გარკვეული მოტორული დარღვევები და აშკარად შემთხვევითი და უმიზნო ქმედებები, რომელთაგან არცერთია არაა შემთხვევითი, რადგან ისინი წარმოადგენს დათრგუნული დომინანტი მოტივების გამოხატულებას. ჩვენს ფსიქიკურ ცხოვრებაში არაფერია თვითნებური. ის არ შეიცავს შემთხვევით ელემენტებს, მთელი ფსიქიკური აქტივობა კი ქვეცნობიერი მდგომარეობით არის განპირობებული.

მოტივები, რომლებიც ამა თუ იმ ფსიქიკური მდგომარეობის დათრგუნვას იწვევს, უნდა ვეძებოთ მორალურ აღზრდაში, სოციალურ გარემოში ან თავად მდგომარეობის ავადმყოფურ ბუნებაში. ეს დათრგუნული მდგომარეობები უმოქმედოდ არ რჩება, ისინი ცნობიერების ზღურბლს სცდება. გამოვლინებისას ასეთი დათრგუნული მდგომარეობები ხელს უშლის ცნობიერების პროცესებს და, შესაბამისად, შედეგად მიღებული აქტივობა არის „კომპრომისი“ ორ დაპირისპირებულ მდგომარეობას შორის. მაგალითად, ნაცნობი სახელის დავიწყება და გონებაში მრავალი სახელის გაჩენა, რომლებიც მაშინვე უარიყოფა – ეს  ჩვეულებრივი მოვლენა – შემთხვევითი კი არ არის, არამედ სავსეა მნიშვნელობით. ფროიდი ვრცლად აანალიზებს ამ ტიპის რამდენიმე შემთხვევას და აჩვენებს, რომ იმ დროს, როდესაც სახელის დავიწყება ხდება, გონებას აქვს გარკვეული მდგომარეობები, რომლებსაც ჩვენ ნებაყოფლობით ვთრგუნავთ მათი არასასიამოვნო ბუნების გამო. როდესაც სახელი ამ მდგომარეობებთან ერთად ითრგუნება, ეს გამოწვეულია ასეთ მდგომარეობებსა და განსახილველ სახელს შორის ასოციაციით. უფრო მეტიც, სახელები, რომლებიც გონებაში ჩნდება დავიწყებული სახელის ძიებისას, შემთხვევითობა არ არის, ისინი წარმოადგენს „კომპრომისს“ იმას შორის, რის გახსენებასაც ვცდილობთ და იმას შორის, რაც ითრგუნება. ისინი თითოეული მათგანის ელემენტებს შეიცავს.

ამ პროცესის საფუძვლად მდებარე პირობები შემდეგია:

პირველი, გარკვეული მიდრეკილება სახელის დავიწყებისკენ.

მეორე, მცირე ხნის წინ განხორციელებული დათრგუნვის პროცესი.

მესამე, ასოციაციის არსებობა დათრგუნულ მდგომარეობასა და სახელს შორის.

ანალოგიურად შეგვიძლია გავადევნოთ თვალი მნიშვნელოვანი მოვლენების დავიწყებას დათრგუნვის ნებაყოფლობით ძალისხმევამდე, რადგან ყველა ადამიანს გარკვეული ცვალებადობით ახასიათებს მიდრეკილება უსიამოვნო გამოცდილების დავიწყებისკენ.

ფროიდი ისეთი გავრცელებული მოვლენების მრავალ შემთხვევას აანალიზებს და ზემოაღნიშნულის ანალოგიურად განმარტავს, როგორიცაა მცდართქმა, მცდარწერა, მცდარკითხვა და შემთხვევითი და უმიზნო მოქმედებები, რომლებსაც ის განსაზღვრავს, როგორც არაცნობიერი მოტივების გამოვლინებებს.

ნაჩვენებია, რომ არაცნობიერი დიდ გავლენას ახდენს ნორმალურ ფსიქიკურ ცხოვრებაზე. ჩვენს ფსიქიკურ საქმიანობაში არაფერია უმნიშვნელო და მართლაც შეუძლებელია აზრს მოკლებული კომბინაციის შესრულება. მაგალითად, როდესაც შემთხვევით სახელზე ან შემთხვევით რიცხვზე ვფიქრობთ, ანალიზის დროს აღმოჩნდება, რომ სახელი ან რიცხვი, რომელიც გონებაში ჩნდება, განისაზღვრება მოტივებით, რომლებიც მთლიანად ცნობიერების სფეროს მიღმაა.

ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ ნორმალური ცხოვრების პროცესები სიზმრებისა და სხვადასხვა ფსიქოზების მსგავსია. ნორმალურსა და არანორმალურს შორის არ არის ზღვარი, გადასვლა თანდათანობითი და შეუმჩნეველია.

წიგნმა გამოქვეყნების დროს (1901) და შემდეგაც მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მრავალი ფსიქოლოგის აზრით, სავსებით ცხადია, რომ მის მიმართ ინტერესი კიდევ დიდხანს არ განელდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგიაფროიდის ყველაზე ნაკლებად „სექსუალიზებული“ წიგნია.

ნახვების რაოდენობა: 983