iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

ლიტერატურული პრემიები 2019
2 ივლ, 2019

ლიტერატურული პრემიები 2019

2019 წლის დიდი ლიერატურული პრემიების ნაწილი წლის პირველ ნახევარში გაიცემა. ასეთებია Man Booker International, სერვანტესის პრემია, კამოესის პრემია და კაფკას პრემია.

ჯოხა ალხართი2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიული ლიტერატურული პრემიის - Man Booker International - მფლობელი გახდა ომანელი მწერალი ჯოხა ალჰარტი რომანისათვის "ციური სხეულები". ის პირველი ლაურეატია, რომელიც არაბულ ენაზე წერს. რომანის მოქმედება მიმდინარეობს ომანის სოფელში ალ-ავაფი, და სამი დის ისტორიას მოგვითხრობს. ესენია: მაიია, რომელიც გულგატეხილობის შემდეგ მდიდარ კაცს მიჰყვება ცოლად; ასმა, რომელიც ვალდებულებიდან გამომდინარე თხოვდება; და ხავლა, რომელიც კანადაში ემიგრირებულ მამაკაცს ელოდება.

"ციური სხეულები" - ესაა ისტორია ერთი ოჯახის წევრებისა, რომელთა ცხოვრებისეული განცდებისა და ყოველდღიური საზრუნავის ფონზე ვეცნობით ომანის საზოგადოებას.

პიერ მიშონიოფრანც კაფკას საზოგადოება სიამაყით აცხადებს, რომ ფრანც კაფკას პრესტიჟული პრემიის მე-19 ლაურეატი გახდა ფრანგი მწერალი პიერ მიშონი.

74 წლის მიშონი არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია, მათ შორისაა "საფრანგეთის კულტურის პრემია" (1984), პეტრარკას პრემია (2010), მარგარიტ იურსენარის პრემია (2015) და სხვა. პიერ მიშონი პირველ რიგში ცნობილია 1984 წელს გამოქვეყნებული რომანით "პატარა სიცოცხლეები".

 

იდა ვიტალერსევანტესის 2019 წლის პრემიის მფლობელი, რომელიც ესპანურენოვან ავტორებს გადაეცემათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გახდა 95 წლის ურუგვალი პოეტი იდა ვიტალე. ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ისა და დედოფალ ლეტიციას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ხაზი გაუსვეს იდა ვიტალეს პოეტურ კარიერას, იმას თუ რა ადრინდელი ასაკიდან ქმნიდა ავტორი საკუთარ სტილს, რომელიც შემდგომში მთელ ესპანურენოვან სამყაროში იქნა აღიარებული.

სერვანტესის პრემიას ესპანეთის კულტურის სამინისტრო გასცემს დაწყებული 1975 წლიდან. მის ლაურეატებს შორის არიან ხორხე ლუის ბორხესი (1979), კარლოს ფუენტესი (1987), მარიო ვარგას ლიოსა (1994),  კამილო ხოსე სელა (1995), ხუან გოიტისოლო (2014) და სხვები.

ჩიკო ბუარკეკამოესის საერთაშორისო პრემია, რომელიც პორტუგალიურ ენაზე მოღვაწე ავტორებს გადაეცემათ, 2019 წელს ბრაზილიელ მომღერალსა და მწერალს, ჩიკო ბუარკეს მიენიჭა. ოფიციალურ კომუნიკეში აღნიშნულია, რომ პრემია გადაეცა ავტორს, "ვისი შემოქმედებაც ხელს უწყობს საერთო ენის ლიტერატურული და კულტურული მემკვიდრეობის აღიარებას".

წარსულში კამოესის პრემია მიღებული აქვთ ისეთ ცნობილ მწერლებს, როგორებიც არიან პორტუგალიელი ჟოზე სარამაგუ (1995), ბრაზილიელი რადუან ნასარი (1935), ასევე  მოზამბიკელები ხოსე კრევეირინია (1991) და მია კოუტუ (2013).

პრემია გაიცემა 1989 წლიდან.

როგორც ცნობილია, შარშან ნობელის კომიტეტში აგორებული სკნადალის გამო ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია არ გაიცა. შესაბამისად წელს ლიტერატურის სფეროში გამარჯვებული გამოვლინდება, როგორც 2019, ისე 2018 წლისათვის.

ნახვების რაოდენობა: 1789