უკრაინული წარმოშობის პოლონელი მწერალი ოლგა ტოკარჩუკი 2018 წლის Man Booker-ის საერთაშორისო პრემიისა და 50,000 ფუნტის მფლობელი გახდა.
ოლგა ტოკარჩუკი პირველი პოლონელი მწერალია, ვინც Man Booker-ის საერთაშორისო პრემია მიიღო რომანისთვის „მორბენლები“.
ტოკარჩუკი ყველაზე აღიარებული მწერალია პოლონეთში, სადაც მას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. „მორბენლებში“ იგი მსჯელობს მოგზაურობისა და ადამიანის ანატომიის შესახებ, გადადის რა ისტორიიდან ისტორიაზე, ჰოლანდიელი ანატომის ჩათვლით, რომელმაც საკუთარ ამპუტირებულ ფეხზე აქილევსის მყესი აღმოაჩინა, და მონათხრობით შოპენის გულის შესახებ, რომელიც კომპოზიტორის დამ პარიზიდან ვარშავაში გადაასვენა.
„ეს არ არის ტრადიციული თხრობა, - ამბობს ჟიურის თავმჯდომარე ლიზა აპინანესი. - ჩვენ მოგვწონს ამ თხრობის სტილი, გამჭრიახობიდან ემოციურ ტექსტურამდე, სტილი, რომელსაც აქვს უნარი, სწრაფად შექმნას პერსონაჟი, და საინტერესო გადახვევებითაა აღსავსე“.
ინტელექტუალისა და აქტივისტის, ტოკარჩუკის შეხედულებები არაერთმნიშვნელოვანია, ისევე, როგორც მისი კრიტიკა. მისი ერთ-ერთი რომანის ეკრანიზაციას პოლონეთის ახალი ამბების სააგენტომ „ღრმად არაქრისტიანული ნაწარმოები“ უწოდა, რომელიც „ეკოტერორიზმს უწყობს ხელს“. „მე გულუბრყვილო ვყოფილვარ, - განაცხადა პასუხად ტოკარჩუკმა. - მე მეგონა, რომ შემეძლო ჩვენი ისტორიის ბნელი ეპიზოდების განხილვა“.
ტოკარჩუკსა და მის მთარგმნელ ჯენიფერ კროფტს პრემია გადაეცათ 22 მაისს, ლონდონის ვიქტორიისა და ალბერტის მუზეუმში.